Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ვუდი ალენი მოსკოვში ონლაინგამოსვლის გამო გააკრიტიკა


ვუდი ალენს არ ულაპარაკია უკრაინაში ომზე ან პოლიტიკაზე.
ვუდი ალენს არ ულაპარაკია უკრაინაში ომზე ან პოლიტიკაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მკაცრად გმობს“ ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის მონაწილეობას მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

24 აგვისტოს 89 წლის მრავალგზის ოსკაროსანმა ვუდი ალენმა ვიდეოკავშირით ისაუბრა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულის ფარგლებში „მსოფლიო კინოს ლეგენდების“ სესიაზე. შეხვედრას რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი უძღვებოდა, რომელმაც ადრე ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერა გამოუცხადა. ალენმა განაცხადა, რომ მას ყოველთვის მოსწონდა რუსული კინო.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს რეჟისორი რუსეთში ფილმის გადაღებას, ვუდი ალენმა ასე უპასუხა: „ასეთი წინადადებების არსებობის შემთხვევაში, დავჯდებოდი და ვიფიქრებდი, როგორი შეიძლება იყოს სცენარი იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გრძნობ თავს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში“. მას არ ულაპარაკია უკრაინაში ომზე ან პოლიტიკაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ალენის ქმედებები „სირცხვილია და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს მოკლული ან დაჭრილი უკრაინელი მსახიობებისა და კინორეჟისორების შეურაცხყოფაა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი რეჟისორი „განზრახ თვალს ხუჭავს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებზე“ და აღნიშნა, რომ კულტურა „არ უნდა იქნეს გამოყენებული დანაშაულების გასათეთრებლად ან პროპაგანდის იარაღად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG