Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

15:56 26.8.2025

„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირაკლი ქერაშვილი 2024 წლის 01 დეკემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში", - ამონაწერი ბრალის დადგენილებიდან. ადვოკატი კითხულობს:

„ვისთან იყო შეკავშირებული?
ვის დაქვემდებარებაში იყო?
ვისგან იღებდა დავალებებს?
რა დავალებებს იღებდა?

რა მიზნის ირგვლივ იყო ირაკლი ქერაშვილი სხვებთან ერთად გაერთიანებული?
ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს იცნობს თუ არა? რაიმე კომუნიკაცია დასტურდება? სხვა დაუდგენელ პირებთან აქვს რაიმე მიმოწერა ან სხვა კავშირი?

ჯგუფურ ძალადობაში, ძალადობაში რომელიც როგორც წინა აბზაცში მითითებული იყო და თურმე ყოფილა ორგანიზებული და ორგანიზატორებსაც კი გვისახელებს გამოძიება, ამ ძალადობაში მონაწილე ირაკლი ქერაშვილიო, 2024 წლის 01 დეკემბერს იმყოფებოდა აქციაზე და აქტიურად იყო ჩართულიო ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში".

15:51 26.8.2025

ადვოკატი ცდილობს მოსამართლე დაარწმუნოს - „თუ ამ საქმეში არ არის ორგანიზატორი, რაც მთავარმა გამომძიებელმაც დაადასტურა, მაშინ როგორ შეიძლება ვისაუბროთ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზე?"

15:48 26.8.2025

ადვოკატის თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია: ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის და ზვიად ცეცხლაძის სახელი და გვარები, როგორც ორგანიზატორების. უშუალოდ ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის ორგანიზატორები არ არის, არც ჩამოთვლილ სამ გვართან კავშირი დასტურდება. მას აინტერესებს, რატომ ჩაუწერა ბრალდებაში მათი სახელი და გვარები? ანტურაჟია?

„იმისთვის ჩაწერეს, რომ ორგანიზების განცდა გაეჩინათ.... თუ 100-მდე ორგანიზატორია, რა გააკეთა გამოძიებამ? რა ნაბიჯები გადადგა გამოძიებამ, რომ სხვა პირები დაედგინა? ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს ვაკეთებთ, რაზეც პატაკები არ დგებაო....სტრატეგიული დეპარტამენტიდან რომ აქვთ გამოთხოვილი ვიდეომასალა, 112-ის კამერა, რომელიც რუსთაველზე ყველაფერს იღებდა დეტალურად... ბრალდება მეუბნება, თურმე 100-მდე ორგანიზატორი არის, 500-600 კაცი მონაწილეობს, უნდა გადაწვან თბილისი....რას აკეთებს პირველ რიგში გამომძიებელი? გადის და იწყებს გამოძიებას, ითხოვს კამერებს, რომ გაიგოს რა ხდება და მათ დადგენას ცდილობს", - ამბობს ადვოკატი.

15:42 26.8.2025

„ამბობენ, რომ 100 კაცი იყო ორგანიზატორი და 100 კაციდან ერთი სულიერი ვერ ნახეს, რომელმაც რაიმე დაავალა ირაკლი ქერაშვილს", - აცხადებს ადვოკატი, განიხილავს ბრალის შინაარს და პროკურორების არგუმენტებს კონტრარგუმენტებს უპირისპირებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG