Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ნოვოროსიისკთან დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემს


რუსეთის სამხედრო გემი - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის სამხედრო გემი - საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 11 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ ნოვოროსიისკთან უკრაინული საბრძოლო უპილოტოებით დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სპეცრაზმელებმა ოპერაცია 10 სექტემბერს ჩაატარეს. დაზვერვის ინფორმაციით, შეტევის დროს გემი ახორციელებდა რადიოელექტრონულ დაზვერვას და ნოვოროსიისკის უბესთან მისასვლელების პატრულირებას.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობითვე, ზუსტი დარტყმა იყო გემის იმ ნაწილზე, სადაც ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის დანადგარებია განთავსებული, აპარატურა განადგურებულია და მწყობრიდან გამოსულ გემს ძვირადღირებული რემონტი დასჭირდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, მწყობრიდან გამოსული გემი ერთ-ერთია რუსეთის მრავალფუნქციური ხომალდების პროექტ MPSV07-ის ოთხი გემიდან და მისი ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარია.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში განგაში 10 სექტემბერს, გამთენიისას გამოცხადდა.

ქალაქის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედროები უეკიპაჟო კატერების შეტევას იგერიებდნენ.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ შავ ზღვაში „გაანადგურეს" უკრაინული უეკიპაჟო კატერი.




ფორუმი

XS
SM
MD
LG