Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანგველაძის მკვლელობა „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა შეუკვეთა ფარცხალაძესა და მიქაძეებს - გამომძიებელი „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით


მარცხენა ფოტოზე: ძმები, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე (არქივი). მარჯვნივ: ჯანგველაძის მკვლელი, სავარაუდოდ, გელა უძილაური
მარცხენა ფოტოზე: ძმები, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე (არქივი). მარჯვნივ: ჯანგველაძის მკვლელი, სავარაუდოდ, გელა უძილაური

დღეს, 2025 წლის 24 სექტემბერს ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, როგორც კანონიერი ქურდის ძმის, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი.

დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, ფარცხალაძეს, თავის მხრივ, 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა დაუკვეთა მკვლელობა.

დეტექტივმა ამ ინფორმაციის წყაროდ „ოპერატიული ინფორმაცია“ დაასახელა ისე, რომ ინფორმატორის ვინაობა არ დაუსახელებია, - რის გამოც ამ ჩვენებას დაცვის მხარის ადვოკატები არასარწმუნოდ მიიჩნევენ.

ოთარ ფარცხალაძე. ფოტო აქტივიდან.
ოთარ ფარცხალაძე. ფოტო აქტივიდან.

რა თქვა დეტექტივმა

დეტექტივის ჩვენების თანახმად, - რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ და „ტვ პირველმა“ გაავრცელეს, - „წყაროსგან“ მიიღო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან.

მისი თქმით, წყაროს ცნობითვე, ეს დაძაბულობა ბიზნესს, კერძოდ კი „სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს“ ეხებოდა.

„ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია“, - თქვა, „წყაროს“ ციტირებით, დეტექტივმა.

ასევე თქვა, რომ შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.

კერძოდ, ამ ვერსიით, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა, ირაკლი უსოიანმა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

ასლან უსოიანი („დედ ჰასანი“)
ასლან უსოიანი („დედ ჰასანი“)
  • „დედ ჰასანის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, 75 წლის ასლან უსოიანი 2013 წლის იანვარში მოსკოვში მოკლეს. ის საქართველოში დაბადებული ქურთი იეზიდი იყო და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რუსეთში მოქმედ ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ კლანს;
  • ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ; აშშ-მა მას სანქციები დაუწესა „ეფესბესთან“ კავშირების მითითებით, საქართველოზე „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო.
  • ძმები, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები არიან ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ წილებს არაერთ ბიზნესს საქართველოში; გიორგი მიქაძე დაკავებამდე ასევე იყო „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპის“ (ფლობს არაერთ რესტორანს) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„კილერს ჰპირდებოდნენ, დიდხანს არ იჯდებოდა“

გამომძიებლის თანახმადვე, უსოიანის შეკვეთის შემდეგ შეირჩა „კილერი“: გელა უძილაური, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. უძილაური პირველია, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს და სწორედ მის სასამართლოზე მისცა დეტექტივმა ეს ჩვენება.

ამავე ვერსიით, „კვალის არევის მიზნით“, გელა უძილაური საბერძნეთში გაუშვეს, რათა „ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“.

„შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე „თბილისი ტაუერთან“ შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა“,- განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.

პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა, რის გამოც სხდომა შეჩერდა და უძილაური პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით სხდომა განახლდა, - უძილაურის გარეშე.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკის“) ძმა თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.

25 მაისს გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით კი დააკავეს სანდრო წივწივაძე.

რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით (დათუნა) მიქაძეზე.

ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?

  • ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • გელა უძილაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • სანდრო წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

17 სექტემბერს დავით (დათუნა) მიქაძეს, - რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაშია, - კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს. ამასთან, დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, ლაშა მაისურაძე.

პროკურატურის მიერ 17 სექტემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიქაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს „ადვოკატისადმი მუქარის“ გამო.

წინა დღეს, 16 სექტემბერს ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის სანდრო წივწივაძის (დაკავებულია იარაღის უკანონოდ გასხვისების გამო) ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე ამბობდა, რომ მიქაძე მას ტელეფონით დაემუქრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG