Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჭულაძის საქმეს „ოცნების“ ყოფილი წევრი განიხილავს


ლელა მარიდაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეს განიხილავს, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.
ლელა მარიდაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეს განიხილავს, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.

პაატა ბურჭულაძისა და 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის დანარჩენი ოთხი წევრის საქმის მოსამართლე ლელა მარიდაშვილი 2017-23 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდეგ პირველი მოადგილე იყო, - „ქართული ოცნების“ წევრი.

ამის გამო დაცვის მხარე მის აცილებას ითხოვდა. პროკურორი აცილების შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა. საბოლოოდ, მოსამართლემ აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომა 11 საათისთვის დაიწყო. დაახლოებით პირველი საათისთვის, - მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლის წარსული სამსახურის შესახებ, - ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს.

„ქართული ოცნების წარმომადგენელი ბრძანდებოდით?“ - ჰკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ლელა მარიდაშვილს.

"კი ბატონო", - უპასუხა მოსამართლემ და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, დაფარული არ არის. "ახლა გაიგეთ?“ - ჰკითხა მან ადვოკატებს.

ადვოკატების თქმით, მათ ეს ახლა შეიტყვეს; მათ აღნიშნეს, რომ აცილებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეზე ის პოლიტიკურად მიკერძოებულია.

შოთა თუთბერიძემ შუამდგომლობა ასე დაასაბუთა:

„გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ თქვენ მკაფიოდ გამოხატული პრეფერენციები გაქვთ იმ პარტიისადმი, რომელიც ასამართლებს ბრალდებულებს... თქვენი წინსვლა, რომელიც გაგრძელდა სასამართლოში, მკაფიოდ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ეჭვი მაქვს, რომ ამას უკავშირდება თქვენი სასამართლოში წამოსვლა“.

„ყოველი ასეთი საქმე თქვენთვის იქნება „მტრის საქმე“... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა იქნება ის, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაასამართლებს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

„თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ხართ და სიმპათიები გაგაჩნიათ. თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ბრალდებულები სამართლდებიან იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები არიან“, - თქვა თუთბერიძემ.

მოსამართლეს მიმართა მეორე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამაც:

„რა არის ეს, რა ხდება სასამართლოში?... მე არ ვამბობ, რომ თქვენ უფრო თავს გამოიდებთ და დავალებას შეასრულებთ, ვიდრე სხვა, ვისაც ეს საქმე დაეწერებოდა, ყველა შეასრულებდა დავალებას, მაგრამ რამე სტანდარტი ხომ უნდა დავიცვათ?“

მესამე ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, განმარტა, რატომ არ დააყენა აქამდე შუამდგომლობა თავად. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ამ სასამართლოში „ყველა ერთნაირია“ და „ყველა ერთნაირად დაექვემდებარება კონიუნქტურას“.

მოსამართლემ მას საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა, ნუ აყენებდა შეურაცხყოფას.

ირაკლი აბესაძის თქმით, თუ მოსამართლე თავს არ აიცილებს, გამოვა, რომ მათი საქმე განიხილა პოლიტიკურმა ოპონენტმა.

პროკურორი ვაჟა თოდუა არ დაეთანხმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობას.

მისი თქმით, ადვოკატებისთვის თავიდანვე იყო ცნობილი მოსამართლის პოლიტიკური წარსული, რაც ირაკლი აბესაძემ დაადასტურა და აცილების დაყენება ახლა და არა სხდომის დასაწყისში[პროცედურულად იმ დროს, როცა მოსამართლე კითხულობს, სასამართლოს შემადგენლობასთან აცილება ხომ არ აქვთ], ემსახურება „სხდომის გაჭიანურებას“.

„ჩვენი წინარე სამსახური არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი“, - ამბობს ვაჟა თოდუა.

„ბიძინა რომ იყოს ახლა მოსამართლე, ანუ ოქეია?“ - ჰკითხა შოთა თუთბერიძემ.

სხდომა გრძელდება.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება გუშინ, 6 ოქტომბერს, წარუდგინა.

მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა.

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.

შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა ორგანიზატორები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG