რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ავითარებს ახალ სტრატეგიულ იარაღს და მოსკოვისთვის პრობლემა არ იქნება, თუ აშშ უარს იტყვის ბირთვული ქობინების შეზღუდვის გახანგრძლივებაზე.
თუმცა მან თქვა, რომ სამწუხარო იქნება, თუ მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალების მქონე ორ ქვეყანას შორის იარაღის კონტროლის ჩარჩოდან არაფერი დარჩება.
Reuters-ის ცნობით, ტაჯიკეთში გამართულ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ გამალებული შეიარაღება უკვე მიმდინარეობს.
რუსეთმა თქვა, რომ მზადაა ნებაყოფლობით გაახანგრძლივოს New START-ის (სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირების და შეზღუდვის ზომები) ხელშეკრულება, რომლის ვადაც
თებერვალში იწურება, თუ აშშ-იც მზად იქნება იგივე გააკეთოს. ვაშინგტონი ჯერ ოფიციალურად არ დასთანხმებია წინადადებას.
„ეს რამდენიმე თვე საკმარისია გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად? ვფიქრობ საკმარისია, თუ იქნება კეთილი ნება ამ შეთანხმებების გასაგრძელებლად. და თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ ეს არ სჭირდებათ, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა არ არის“, - თქვა პუტინმა. მან დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს ახალი თაობის ბირთვული იარაღის შემუშავებას და გამოცდას.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, თუ ეს მისაღები და სასარგებლო იქნება ამერიკელებისთვის. თუ არა, მაშინ არა, მაგრამ ეს სამწუხაროა, რადგან მაშინ სტრატეგიული შეტევითი იარაღის სფეროში შეკავების თვალსაზრისით არაფერი დარჩება“.
ამ კვირაში პუტინმა მეორედ ახსენა შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მან არ დაასახელა, შეიძლება ასევე გამოცადონ ბირთვული იარაღი - რაც ამ საუკუნეში მხოლოდ ჩრდილოეთმა კორეამ გააკეთა. მან თქვა, რომ თუ ეს მოხდა, რუსეთიც მოაწყობს გამოცდას.
„ყოველთვის არსებობს ცდუნება, გამოცადოთ იმავე საწვავის ეფექტურობა, რომელიც რაკეტებში მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ეს ყველაფერი კომპიუტერებით მოწმდება და ექსპერტები თვლიან, რომ ეს საკმარისია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ განმეორებითი ტესტები აუცილებელია“, - თქვა პუტინმა.
„ასე რომ, ზოგიერთი ქვეყანა ამაზე ფიქრობს; რამდენადაც მე ვიცი, ისინი ემზადებიან კიდეც და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ“.
ეს კარგი იქნებოდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ცუდი იქნებოდა გამალებული შეიარაღების შეკავების თვალსაზრისით, თქვა მან.
„მაგრამ ამავე კონტექსტში, New START-ის ხელშეკრულების მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივება კარგი იდეაა“, - ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი.
ფორუმი