თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ პოსტი მან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.
რადიო თავისუფლებას სუსში დაუდასტურეს, რომ ანი ნადარეიშვილი უწყებაში დღეს არის დაბარებული "მოწმის სახით, ერთ-ერთი საქმის გამოძიების ფარგლებში" და მის მისვლას დღეს ელოდებიან.
განახლება 19:25 სააათი:
მოგვიანებით ანი ნადარეიშვილმა თავიის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ადვოკატთან ერთად, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალიას გამოკითხვა დასრულდება.
"მეგობრებო, სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგვაზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!", - დაწერა ანი ნადარეიშვილმა.
სუსმა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით), რომელთა გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.
სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.
ანი ნადარეიშვილის სახელი მედიასთან საუბარში დღეს სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმაც ახსენა. როცა შსს-ში ბაჩო ახალაიას გამოკითხვაზე დაბარების თემაზე აკეთებდა კომენტარს.
"ვხედავთ ბაჩო ახალაიას მეუღლეს, რომელიც სოცქსელში აქტიურია - ახალაია თვითონ არ ჩანს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის იმ სათქმელს აჟღერებს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი სიტყვებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით "რა საკითხებში და როგორ იყო ის [ბაჩო ახალაია] ჩართული".
"პარლამენტის მოლოდინია, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, მიაკვლიონ ყველა ორგანიზატორს, მიაკვლიონ ყველა დამფინანსებელს, გარე წამხალისებელს და ყველას მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ“, - თქვა პაპუაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 6 საათზე მეტია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ს თანახმად, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარეს.
პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია და სააგენტო ინტერპესსნიუსს შსს-მაც დაუდასტურა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე ყოფნისას ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახება დასჭირდა.
განახლება: 20:35 საათი
მრავალსაათიანი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამედიცინო დახმარების ბრიგადა მასთან არ გამოუძახებიათ: „არა, არ ვიცი რას ნიშნავდა. მახო, რომ ამოვიდა (ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი რედ. ) მითხრა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავდა... არასერიოზული სიგიჟე იყო, არ ვიცი რას ნიშნავდა“, - თქვა ახალაიამ.
„4 ოქტომბრის გამოძიება“
შაბათს, 4 ოქტომბერს, - პაატა ბურჭულაძისა და აქციის სხვა ორგანიზატორების დაკავებამდე, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა უკვე აღკვეთილი იყო, - ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ნამდვილობას არც „იმედი“ არ ამტკიცებს, ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი კი უარყოფს და აცხადებს, რომ სრულად ფალსიფიცირებულია და ეს ბაჩო ახალაიას ხმა არ არის. „მითების დეტექტორის“ ცნობით, AI-ის მიერაა გენერირებული.
- 4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 46 ადამიანი ჰყავს დაკავებული;
- მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
„ჰექსოგენის საქმე“
- კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა;
- 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“;
- კიდევ უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებმა განაცხადეს, რომ ახალაია ფიგურირებს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც;
- ახალაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას „გამაოგნებელი ტყუილი“ და „აბსოლუტური სიგიჟე“ უწოდა.
ახალაიას შესახებ
ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
- 2003-2004 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო;
- 2004-2005 წლებში - სახალხო დამცველის მოადგილე;
- 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
- 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი - თავდაცვის მინისტრი.
ბოლოს, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.
2012 წლის 6 ნოემბერს ის დააპატიმრეს.
ბაჩო ახალაიამ საპატიმრო თითქმის ცხრა-ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის 1 მარტს დატოვა.
„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. აგერ გვერდში მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები“, - განაცხადა მან საპატიმროს დატოვებისას.
ფორუმი