Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


გიორგი ბაჩიაშვილი და დავით ჯანდიერი. მარცხენა ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
გიორგი ბაჩიაშვილი და დავით ჯანდიერი. მარცხენა ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, დავით ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„18:55 საათზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე“, - დაწერა ჯანდიერმა ფეისბუკზე.

„ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო, უბარლოდ შოკში ვარ“, - წერს იურისტი.

  • სუს-ის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის სცემის ინსცენირება დაგეგმა.
  • ამ საქმის გამო იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
  • მათგან ერთი, „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
  • მეორე, პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძეს 9 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს.

მცირე ხნით ადრე „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელევიზიამ, „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ადვოკატი ჯანდიერი იყო „შუამავალი“ გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გია ქემოქლიძეს შორის.

პოსტივი დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით „არსებული ინფორმაციით“ წერდა იმასაც, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით ჯანდიერი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა“.

ჯანდიერმა დაბარებამდე ორიოდე საათით ადრე „პოსტივის“ ამ ინფორმაციას „ბინძური და შეკვეთილი“ უწოდა, - „ცარიელი ტყუილი“, რომელიც „არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა“.

ჯანდიერმა ეს, პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს დაუკავშირა.

„სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, - დაწერა მან.

„ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების განვითარებული შეთქმულების თეორია „გლობალურის ომის პარტიაზე“ (როგორც მოგვიანებით უწოდეს, - „დიპ სტეიტზე“) გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილის წინააღმდეგ „დასავლეთის სპეცსამსახურების შეთქმულების“ აღსრულებაში ცენტრალურ ფიგურად ხატავს.

გიორგი ბაჩიაშვილი, - რომელიც 2 მარტს ქვეყნიდან გაიქცა, - მაისში ძალის გამოყენებით დააბრუნეს საქართველოში.

მას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ „კრიპტოვალუტების საქმეზე“ 10 მარტს 11 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

30 სექტემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის მშობლებს, 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს „წინასწარი პატიმრობა“ დაუსწრებლად შეუფარდა.

გამოძიება მათ „ფულის გათეთრებას“ ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი საზღვარგარეთ არიან. მათ საქართველო 2025 წლის თებერვლის ბოლოს დატოვეს.

3 სექტემბერს კი სადავო პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რიგი ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს მაქსიმუმ 16 წლით უკრძალავს ქვეყნიდან გასვლას - თუ ზარალს არ აანაზღაურებენ.

2025 წლის 11 ივნისს, ამ საკანონმდებლო პაკეტის ჟურნალისტებთან წარდგენისას, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა დეპუტატმა და უმრავლესობის ლიდერმა, ახლა უკვე სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცვლილებების „ერთ-ერთი ინსპირატორი“ იყო გიორგი ბაჩიაშვილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG