Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს მანდატი ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობის ამკრძალავი სარჩელი განიხილოს - სანდრო ბარამიძე


ფოტო არქივიდან: (მარცხნიდან) სანდრო ბარამიძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია
ფოტო არქივიდან: (მარცხნიდან) სანდრო ბარამიძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვას ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ამის შესახებ დღეს, 27 ოქტომბერს "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, "ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც პარტია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს, ემსახურება პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის სანდრო ბარამიძის განცხადებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს მანდატი განიხილოს სარჩელი და თუ "მაინც მიიღებს სარჩელს, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას".

"საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით, უბრალოდ, არ გააჩნია მანდატი, რომ განიხილოს სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვას, პარტიის წევრობას, პასიური საარჩევნო ხმის უფლების ქონას და ა.შ. და თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს "ქართული ოცნების" დეპუტაციის სარჩელს წარმოებაში, უკვე ამით დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას", - თქვა სანდრო ბარამიძემ.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოყოფენ, ესაა, კრიტერიუმების ბუნდოვანება - კანონი არ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მოქალაქე შეიძლება აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდეს და ჩამოერთვას მას პოლიტიკური უფლებები.

"დაკავშირებული პირი შეიძლება იყო ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა პირსა და პარტიას შორის რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი", - აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.

"თუ ასეთი სარჩელი შეტანილ იქნა და მით უმეტეს, დაკმაყოფილდება, - ფაქტობრივად, რასაც "ქართული ოცნების" მესვეურები აცხადებენ მთელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, - ამით საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, საქართველოს ამომრჩეველს წაერთმევა ხმის უფლება. ის ხალხი, ვინც არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ ხმას, არჩევანი - რომ ვინმე სხვას მივცეთ ხმა - არ გვექნება და თავად განსაჯეთ, როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი არჩევნები, რომელსაც "ქართული ოცნება" ჩაატარებს", - თქვა სანდო ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს, სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.

„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.

თავის მხრივ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველო" დღეს 27 ოქტომბერს აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

დღესვე ამ საკითხს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, მისი სიტყვებით, სარჩელს კიდევ ერთხელ განიხილავენ პარტიის ოფისში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე.

„თუ ჩავთვლით, რომ ის იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანოთ - შევიტანთ, თუ უმრავლესობის მიერ ჩაითვლება, რომ კიდევ რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ 4-5 დღე ან ერთი კვირა რაიმეს გადაწყვეტს. არავის არ სჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როცა სამართალთან გვაქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყველა მითითებული ფაქტი მტკიცებულებით არის დამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელი. იმის გამო, რომ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს", - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG