Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურგი სტკიოდა, ადგომა ვერ შეძლო, 8 საათი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა - აქტივისტი პატიმრობაში მყოფ ზინოვკინაზე


ანასტასია ზინოვკინა
ანასტასია ზინოვკინა

„ზურგი ისე ასტკივდა, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა რვა საათის განმავლობაში“, - ახალი ცნობები ვრცელდება პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საპატიმროში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია გაავრცელა მისმა ნაცნობმა, აქტივისტმა ალიონა ზაიცევამ, რომლის თქმითაც, დღეს ტელეფონით ესაუბრა ზინოვკინას.

„არ არის განკუთვნილი სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის“, - ასეთი გაფრთხილებით იწყებს ზაიცევა ზინოვკინას ამბის თხრობას.

„ნასტიას ხერხემლის პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ორთოპედიულ მატრასს ან ბალიშს არ აძლევენ. ციხეში თავად სცადა მათი შოვნა. თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ არ გამოვიდოდა“, - წერს აქტივისტი.

მისი თქმით, გუშინ ვითარება გაუარესდა:

„დილით ექიმი მოვიდა და ინიექცია გაუკეთა. 12:30 საათზე მან წელის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო, იმდენად ძლიერი, რომ ადგომა ვერ შეძლო. ის რვა საათის განმავლობაში ყვიროდა და ეძახდა მორიგეს... ნასტია სამარტოო საკანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ დაეხმარება მას ადგომაში. მორიგეებმა ფანჯარა როცა გააღეს, უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ“.

„გუშინ შხაპის მიღების დღე იყო, მაგრამ [ზურგის მდგომარეობის გამო] შხაპის მიღება არ შეეძლო. მორიგეებმა დაწერეს, რომ მან შხაპის მიღებაზე უარი თქვა. ნასტია რვა საათის განმავლობაში იწვა, ვერც დგებოდა და ვერც ტუალეტში მიდიოდა“, - წერს ზაიცევა.

აქტივისტის თანახმად, საღამოს ცხრა საათისთვის მასთან ექთანი შევიდა, თუმცა წამოდგომაში არ დახმარებია: „საფენი ესროლა და წავიდა. ნასტიამ საფენის ჩასაცმელად ადგომა სცადა, იატაკზე დაეცა და შუაღამემდე, 12 საათამდე ასე იწვა“.

ზაიცევას თქმითვე, ზინოვკინას მონათხრობის თანახმად, მასთან მხოლოდ შუაღამისას შევიდნენ და საწოლზე გადააწვინეს. თუმცა ასევე ამბობს, რომ დაცვამ მიუთითა, რომ თითქოს „გაურკვეველი მიზეზის გამო, იგი არ გამოჩენილა საღამოს შემოწმებაზე“.

„დღეს დილით 10 საათზე მასთან ექიმი მივიდა და უთხრა, რომ ნევროლოგი სჭირდებოდა. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც მან შეძლო, იყო უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რაც ფსიქიატრთან ინახება. ზარი აქ დასრულდა“.

პენიტენციურ სამსახურს ჯერ ამ ამბავზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანასტასია ზონივკინასა და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს.

ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ისჯებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG