Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს


ზურაბ მენთეშაშვილის დაკავება ცისფერ გალერეასთან 31 ოქტომბერს.
ზურაბ მენთეშაშვილის დაკავება ცისფერ გალერეასთან 31 ოქტომბერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გუშინ, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საფუძვლით დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ მენთეშაშვილი იმავე საფუძვლით იყო დაკავებული 24 ოქტომბერს და ხუთი დღე გაატარა ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

ორიოდე კვირის წინ, 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, ერთ წელიწადში ხელმეორედ „გზის გადაკეტვა“ სისხლის სამართლის წესით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს:

„2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს“.

სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ერთ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.

30 მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ - რაც ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.

შსს წერს, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას“ და „მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა“.

31 ოქტომბერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-მა „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „რეპრესიების სერიოზული გაღრმავების“ გამო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროტესტის „პოსტსაარჩევნო ჩახშობა“ - 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.

Amensty ასევე საუბრობს 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კრძალავს სახის დაფარვას, კარვების დადგმასა და გზების ბლოკირებას, რაც შეიძლება დასაჯოს 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - ორ წლამდე პატიმრობით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქტები (მათ შორის, როდესაც ეს გულისხმობს გზების გადაკეტვას, ნიღბების ტარებას ან დროებითი სტრუქტურების მოწყობას) არ უნდა დაისაჯოს სახლებში რეიდებით ან თავისუფლების აღკვეთით“, - წერს Amnesty.

პირველი ნოემბერი უწყვეტი აქციების 339-ე დღეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG