Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ქურდობისთვის დააკავეს


ლევან გამრეკელი
ლევან გამრეკელი

დაკავებულია ბიზნესმენი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი.

პროკურატურის თანახმად, ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი - დიდი ოდენობით ქურდობისთვის დააკავეს.

უწყების თანახმად, "გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა."

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ბიზნესმენ ლევან გამრეკელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეისბუკგვერდმა "ხაშური ჩემი ქალაქია".

"როგორც მითხრეს, დღეს ლევან გამრეკელი პროკურატურაში იყო დაბარებული და დააკავეს. მიზეზი მართლა არ ვიცი ამ ეტაპზე. საწყენია ასეთი ადამიანების დაკავება. იმედია ყველაფერი გაირკვევა" ,- წერია გვერდზე.

ლევან გამრეკელი 2017-2025 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

აგვისტოში გამოცემა "ქართლის ამბები" წერდა, რომ მან უარყო ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი "ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. ამავე გამოცემის თანახმად, ის არც საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში არ აღმოჩნდა და 1 ნოემბერს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ასრულებდა ხაშურის საკრებულოში მუშაობას.

ტელეკომპანია "ფორმულა" ლევან გამრეკელისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ "საეჭვოდ მოგებული ტენდერების" შესახებ რამდენიმე წლის წინ იტყობინებოდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG