ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება.
სააგენტომ გასულ ღამით დაწერა, რომ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ.
თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანიც.
სააგენტო apa ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 10 ნოემბერს დაეშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა შემოწმების პროცედურა, რაც აეროპორტის ვიდეოკამერებითაა დაფიქსირებული.
სააგენტოს წყაროს თანახმად, თვითმფრინავის(მისი ბოლო კაპიტალური რემონტი 2020 წელს ჩატარდა) კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე - ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება.
თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიემართებოდა, 11 ნოემბერს ჩამოვარდა საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანის საზღვრამდე ხუთ კილომეტრში.
თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.
განახლება: დღეს, 12 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ოცივე თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა.
თურქული ტელერახის, Haberturk-ის ცნობით, 12 ნოემბერს, დილაადრიან თურქი გამომძიებლები ჩავიდნენ კატასტროფის რაიონში, სადაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები დიდ ფართობზეა გაფანტული.
ფორუმი