Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო - ადვოკატის თანახმად ბინას ყადაღა დაედო


ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის თანახმად, ყადაღა დაედო მის საცხოვრებელ ბინას თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე.

როგორც ამირან გიგუაშვილმა უთხრა "ტვ პირველს", სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო, რომელიც ღარიბაშვილს აღკვეთის სახით ჰქონდა შეფარდებული, უძრავი ქონებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ადვოკატმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე მხოლოდ ამ ერთ ბინას დაედო თუ არა ყადაღა, დადებითი პასუხი გასცა.

იგივე დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმაც.

„ნამდვილად ჩადო სახლი, რომელშიც ცხოვრობს… მილიონად კი არა, უფრო მეტადაც არის შეფასებული, გადააჭარბა, მაგრამ ეს სახლი ჩადო. რაიმე დაყადაღება სხვა სახით და სხვა ფორმით არ მომხდარა.... არა თუ საათები, ერთი ნივთიც კი, ოქროსი, იქ რაც არის ნაჩვენები ზოდები და რაღაც, - რამაც ასე იმოქმედა ხალხის ემოციებზე და ამაზე იყო სწორედ გათვლილი ამ ინფორმაციის მიწოდება, როცა დიფერენცირება არ მოხდა, ვისგან რა იყო ამოღებული, - ერთი ნივთიც კი არ არის, არა თუ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალოდ მისი ბინის ჩხრეკიდან, არამედ მის ახლობელთან, მამამისთანაც რომ არიან შესული, ერთი ნივთიც კი არაა ამოღებული, ჩემოდნებში გადაიტანეს ფული მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ წაიღო და გადაიტანა, თორე ფული ჰქონდა ჩვეულებრივად სეიფში“.

საგამოძიებო პროცესში სხვა საკითხებთან მიმართებით ადვოკატს არ უსაუბრია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 9-დან 12 წლამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG