„საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მდგომი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ - ამ სახელწოდების დებატებზე პარლამენტარებმა ჩამოთვალეს დაკავებულთა გვარები - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე თუ გიორგი ვაშაძე. თქვეს, რომ ახლო წარსულში მათ ხვდებოდნენ, ხელს ართმევდნენ - ახლა კი ყველა საპატიმროშია. პარლამენტარებმა ახსენეს დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი. თქვეს - რომ საქართველოში დემოკრატიისა და დასავლური კურსის მხარდამჭერებს დევნიან.
“კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ რეალურად ავდგეთ და რაღაც გავაკეთოთ?!”, - შეკითხვა დასვა ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა [ALDE], რომელიც თვლის, რომ საქართველოსთან მიმართებით აღარ უნდა გამოიყენონ სიტყვათა წყობა “დემოკრატიული უკუსვლა”.
“ეს არ არის “დემოკრატიული უკუსვლა”. რასაც ჩვენ ახლა, რეალურ დროში ვადევნებთ თვალს [საქართველოში], ეს არის რუსეთის სტილის, რუსეთის მართული, რუსეთის მხარდაჭერილი საქართველოს დაპყრობა. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება - ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ - რომელიც შთაგონებული და კონტროლირებულია მოსკოვის მიერ”, - ერიკ-ნილს კროსი აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს ატრიალებს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით - დემოკრატიიდან დიქტატურისკენ” და ახლა “დუმილი ღალატია”:
“მოვითხოვთ მყისიერ მიზანმიმართულ სანქციებს “ქართული ოცნების” ყველა თანამდებობის პირის, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების, პოლიციის, მათი მოკავშირეებისა და ოჯახების წინააღმდეგ".
ჯორჯ ლუკაიდესმა - პარლამენტარმა კვიპროსიდან [UEL] სხდომაზე განაცხადა, რომ თავიდანვე არ ემხრობოდა საქართველოს დელეგაციის სანქცირებასა - უფლებამოსილების შეზღუდვით, როცა PACE-მ თბილისს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მიუთითა - რადგან არსებობდა ჩიხური მდგომარეობის რისკები.
დეპუტატმა წაიკითხა შსს-ის ოფიციალური ცნობები, რომ - დემონსტრანტების ძალადობის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი პოლიციელი და დაიწვა შენობები - და შემდეგ დაამატა, რომ არ უკვირს, კანონის ძალით სავარაუდო დამნაშავეების გასამართლება. თუმცა მისთვის საყურადღებოა Human Rights Watch-ისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ - პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, ცემის ჩათვლით, იყო მასობრივი დაკავებები და დაკავებულთა სავარაუდო წამებაც.
„400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ამ პროტესტის მიმდინარეობისას, ათობით ადამიანი საპატიმროში რჩება. იზრდება შეშფოთება პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ ისეთი ფიგურების მიმართ, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და მზია ამაღლობელი. ჩვენ უნდა მივდიოთ მართლმსაჯულების თანასწორობის პრინციპს. პროტესტის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა არ ამართლებს სისტემურ რეპრესიებს... საქართველო, ისევე, როგორც ევროსაბჭოს სხვა წევრები, ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, სამართლიანი სამართალწარმოება და ჰუმანური მიდგომა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში“, - აღნიშნავს დეპუტატი ლუკაიდესი.
მისი მოწოდებაა პროტესტის დროს დაკავებული ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, ვის დანაშაულზე მტკიცებულებები არ არსებობს და ასევე მიხეილ სააკაშვილისთვის დამოუკიდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ასევე - ყველა კანონის გაუქმება, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ავსტრიელმა პარლამენტარმა, პეტრა ბაირმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2024 წელს, Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსით, საქართველოში დემოკრატიის გაუარესების მაჩვენებელი სიდიდით მეოთხეა მსოფლიოს მასშტაბით და ვარდნა ყველაზე მკვეთრია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ საქართველოში ადამიანები ისჯებიან „ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის სურვილისთვის, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება“.
„არ ვარ ძალიან იმედიანად, რომ მოხდება ძირეული ცვლილება და საქართველოს დელეგაცია მალე დაბრუნდება [PACE-ში], მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი და უნდა ვეცადოთ, უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ, რათა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველა ძალადობრივი ქმედება იქნას გამოძიებული და რა თქმა უნდა - ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს“, - განაცხადა პეტრა ბაირმა
დეპუტატმა ნიდერლანდებიდან, ტეკე პანმანმა გაიხსენა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის შემადგენლობაში აკვირდებოდა და მოხიბლულია საქართველოს საოცარი სილამაზითა და ხალხის თბილი სტუმართმოყვარეობით; თუმცა თავად არჩევნებზე მას სხვაგვარი შთაბეჭდილება დარჩა.
„საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენა დაშინებამ და სხვა უსამართლო პრაქტიკებმა - რეალობა, რომლის შესახებაც აქ იყო ლაპარაკი. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები და ადამიანის უფლებები მოექცნენ კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ. ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები დაშინებისა და პატიმრობის წინაშე დადგნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო“, - პარლამენტარი ასევე ამბობს, რომ - „ადამიანები არ არიან ბრმა“ და ლიდერებს უნდა ეყოთ სიმამაცე - „აღიარონ შეცდომები, გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებულები და მისდიონ პრინციპებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას“. ის ამბობს, რომ „თავისუფალი საზოგადოება უფრო ძლიერი საზოგადოებაა“, ხოლო „ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ ხალხის ხმის“.
დებატებზე სიტყვით გამოვიდა უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო და შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს ეგიდით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას - რომლის ამოცანა რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა.
"წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. ერთ-ერთია საქართველოა. და საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თითქმის იმდენივე, როგორც უკრაინაში. საქართველო ჩვენზე ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის, კრემლის, მსხვერპლი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს?“, - გონჩარენკოს თქმით, ახლა პუტინი საქართველოს დაპყრობას ჰიბრიდული მეთოდებით ცდილობს - „მარიონეტებისა და რუსი აგენტების” ხელით.
“ის არ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, რადგან საქართველოსგან [ლუკაშენკას] ბელარუსს ქმნის. ეს ზუსტად ბელარუსის გზაა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ - სახელმწიფოებრიობა და ახლა ის რეალურად ოკუპირებული ქვეყანაა. ახლა სწორედ ეს ხდება საქართველოში”, - ამბობს გონჩარენკო და ამატებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს "მოსკოვის მარწუხებიდან საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს გაუმარჯოს”, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა დეპუტატმა.
საქართველო რომ ბელარუსის გზით მიდის, ეს სხდომაზე ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელ ზინგერისმაც აღნიშნა. მან მწვავედ გააკრიტიკა ეუთო/ოდირი და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს კრიმინალები უწოდა - საქართველოს შესახებ რბილი დასკვნის გამოქვეყნების გამოც.
"კრიმინალი" - ეს შეფასება ყურადღების მიღმა არ დარჩენია PACE-ს თავმჯდომარე რუსოპულოსს - „შესაძლოა მათ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ კრიმინალი ცოტა მძიმე შეფასებაა“ - თქვა მან. საბოლოოდ, ზინგერისმა ამ სიტყვის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა კვლავ თქვა, რომ მძიმე წარმოდგენის რჩება ეუთო/ოდირის მიმართ და თვლის, რომ საქართველოსთან დაკავშირებული შეფასება რეალობას არ ასახავდა.
დებატებში სიტყვით გამოვიდა, საერთო ჯამში, 10 პარლამენტარი. არ ყოფილა განხილული რეზოლუცია ან სხვა სახის დოკუმენტი.
სხდომის მიწურულს, ერთ-ერთმა პარლამენტარმა მიმართა PACE-ს თავმჯდომარეს, რომ დებატებისთვის ცუდი დრო იყო შერჩეული, კოლეგები საკომიტეტო შეხვედრებზე იყვნენ გაფანტული და რადგან საქართველოს მიმართ მათი ინტერესი დიდია, გული სწყდებათ, რომ - დებატებს ვერ ესწრებიან.
“ქართული ოცნება” აღარ თანამშრომლობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. მმართველი პარტიის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა - 29 იანვარს დამტკიცებული კრიტიკული რეზოლუცია, მათ შორის - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისთვის მზადების მოთხოვნებით. PACE-მ მაშინ „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო.
„ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
2025 წლის 10 აპრილს დამტკიცდა კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც PACE-მ „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა და კვლავ იყო ნახსენები არჩევნების თემა. ტექსტში ასევე ასახულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა.
„დემოკრატიული უკუსვლა“ ხელს ვერ შეუწყობს “ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი სამომავლოდ დაესწრებიან ასამბლეის სესიას “ - წერია ტექსტში.
რეზოლუციაში ასახულია არაერთი აუცილებლად შესასრულებელი პირობა - “ქართული ოცნების” დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ცნობისათვის.
მას შემდეგ, საქართველოში კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, სადავო პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე არმისვლის გამო.
საგამოძიებო კომისია ნახსენებია საქართველოს საკითხებზე PACE-ს თანამომხსენებლების მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
„დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომები, მათ შორის დაკავებების გამოყენება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების“ შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე“, - აღნიშნავენ თანამომხსენებლები - საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ „საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო“. ტექსტში გამოკვეთილია - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისთვის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაბარების ტენდენცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა“.
ფორუმი