ჯერჯერობით უცნობია, მათგან რომელიმე გადარჩა თუ არა. ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება. ჯერჯერობით არც თურქეთის სამინისტროს და არც საქართველოს შსს-ს დაღუპულთა რაოდენობა არ დაუზუსტებიათ.
თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი დღეს, 11 ნოემბერს, ჩამოვარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში.
აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტიდან დაძრული თვითმფრინავი ასრულებდა რეისს თურქეთის მიმართულებით.
ჯერჯერობით უცნობია ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი.
საქართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე და მინისტრის მოადგილე რონი მესხი.
საქართველოს საქაერონავიგაციამ განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა.
ამის შემდეგ, უწყების ცნობით, საქაერონავიგაციამ ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
სოციალურ მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე მოკლე ვიდეო გავრცელდა.
ერთ-ერთ მათგანზე ჩანს, რომ თვითმფრინავის სრული კორპუსი და მისი ფრაგმენტი ცალ-ცალკე ეშვება მიწაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს:
„ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკული ამბით, განჯიდან აფრენილი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შედეგად.
ამ მწუხარების წუთებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს.
მათი სულები მშვიდობით განისვენებენ“, - ნათქვამია წერილში.
ალიევმა მალევე დაურეკა კიდეც ერდოანს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და მის ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს, შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ბოჭორიშვილმა მას მომხდარის გამო მიუსამძიმრა და განიხილეს მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაცია.
ფორუმი