Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

„ქართული ოცნების“ მთავარ მტერს - „დიპ სტეიტს“ - თავიდან „გლობალური ომის პარტია“ ერქვა და სახელი თანდათან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკის შესაბამისად შეეცვალა. თუმცა ტრამპის „დიპ სტეიტი“ იგივე არ არის, რაც „ოცნების“ „დიპ სტეიტი“.  

აპრილის დასაწყისში “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ “დიპ სტეიტზე” უკვე სამი წელია ლაპარაკობენ და თუკი “ოცნებას” მანამდე დასცინოდნენ, ახლა, “როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიპ სტეიტი“ - ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“.

„ოცნებისა“ და ტრამპის „დიპ სტეიტებს“ შორის საკმაოდ ბევრი და ფუნდამენტური განსხვავებაა. აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გარემოცვას „დიპ სტეიტი“ უშუალოდ ქვეყნის შიგნით - აშშ-ში ეგულებათ; „ოცნებას“ კი - აშშ-შიც, ევროპაშიც, ევროკავშირის ევროსტრუქტურებში.

ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლოგიკა ცვალებადია, ფაქტებით არ არის გამყარებული და ბუნდოვანია - როგორც ეს შეთქმულების თეორიებისთვის არის დამახასიათებელი.

სად არის „დიპ სტეიტი“ - ქვეყანაში თუ გარეთ?

დონალდ ტრამპი ხშირად ახსენებდა “დიპ სტეიტს” - ჯერ კიდევ 2016 წლიდან, პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც და შემდეგაც, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ აირჩევდნენ. წინასაარჩევნო პერიოდში, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დათვალეს ათეულობით პოსტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, როცა ის “დიპ სტეიტთან” სასტიკ ბრძოლას აანონსებდა.

ტრამპის გეგმის მთავარი ქვაკუთხედი, რასაც მისი ადმინისტრაცია ახლა უკვე პრაქტიკაშიც ახორციელებს, ფედერალური მთავრობის “ჩრდილოვან” ბიუროკრატიასთან, გავლენიან პოლიტიკურ ელიტებთან ბრძოლაა.

თავიდანვე იგეგმებოდა მართვის სტრუქტურების, დეპარტამენტების გაუქმება და სხვადასხვა რანგის თანამშრომლების გათავისუფლება, მათ შორის - ძალოვანი უწყებებიდანაც. არსებობდა სიებიც და თავიდანვე ნათელი იყო, რომ ძირეული საკადრო ცვლილებები ტრამპის კრიტიკოსებს შეეხებოდათ, ლოიალურთა ნაწილის სასარგებლოდ.

ტრამპის გუნდი წინასწარ აანონსებდა ბრძოლას სახელმწიფოს დახმარების ფონდების, მეინსტრიმული მედიისა თუ მოსამართლეების წინააღმდეგაც.

დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მის ძირეულ რეფორმებს, პირველ ვადაში, ხელი სწორედ “დიპ სტეიტმა” შეუშალა. “დიპ სტეიტს” დაბრალდა მომდევნო არჩევნებში მისი მარცხიც - “არჩევნების მოპარვა”. ექსპერტები წინასწარვე გრძნობდნენ, რომ ხელახლა გაპრეზიდენტებული დონალდ ტრამპის ანგარიშსწორება განსაკუთრებით დაუნდობელი იქნებოდა.

პროცესს, რომელიც ახლა აშშ-ში ვითარდება, კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა ერთი რამ ნათელია - ტრამპსა და მის გარემოცვას “დიპ სტეიტი” ეგულებათ აშშ-ში და არა ქვეყნის გარეთ.

“აშშ-ის კონტექსტში საუბარია საჯარო მოხელეებზე, ბიუროკრატებზე, რომლებიც არ არიან არჩეულები, მაგრამ შეიძინეს მეტი პოლიტიკური წონა, ვიდრე აქვთ არჩეულ თანამდებობის პირებს - ქმნიან გავლენიან ინსტიტუციურ აპარატს, აქვთ წინააღმდეგობის უნარი. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის რადიკალურ ფრთას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან მემარცხენე იდეოლოგიის მატარებლები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი და ამატებს, რომ უფრო ღრმა შეთქმულების თეორიებმა “საბედნიეროდ, ამერიკულ მეინსტრიმში მაინც ბოლომდე ვერ მოიკიდა ფეხი”.

“დიპ სტეიტი” [Deep State] ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანში “ღრმა სახელმწიფოს" ნიშნავს, იგივეა, რაც “ჩრდილოვანი სახელმწიფო” და უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ამ ტერმინის სამშობლო თურქეთია, სადაც ტერმინი Derin devlet-ი [დიპ სტეიტი] გასული საუკუნის 70-იან წლებში სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე სამოქალაქო და სამხედრო ძალების ჩრდილოვან ქსელს აღნიშნავდა. მსგავს ტერმინს იყენებდნენ ეგვიპტესა და პაკისტანშიც.

ბოლო პერიოდში ფედერალურ საჯარო მოხელეთა უფლებების დამცველი კავშირები აცხადებდნენ, რომ „დიპ სტეიტი“ არ არსებობს და მას უწოდებენ უსაფუძვლო შეთქმულების თეორიას, ხოლო დაგეგმილ მასშტაბურ საკადრო შემცირებას ექსპერტები უკავშირებენ რისკებს, რომ სახელმწიფო მოხელეები შეშინდებიან, ენთუზიაზმს დაკარგავენ და ეს ვერც ტრამპის ხელისუფლებას წაადგება.

აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არასოდეს უხსენებია “გლობალური ომის პარტია”, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ადრე არქმევდა გარეშე ძლევამოსილ გლობალურ ძალას, რომელსაც ბოლო დროს “დიპ სტეიტს” უწოდებს.

"გლობალური ომის პარტიის” ტერმინ “დიპ სტეიტით” ჩანაცვლებას ანალიტიკოსები უკავშირებენ დონალდ ტრამპის რიტორიკასთან “ქართული ოცნების” დაახლოებისა და ერთგვარი სინქრონიზაციის სურვილს.

და სად ეგულება „ქართულ ოცნებას“ „დიპ სტეიტი“?

ეგულება ყველგან, საკუთარი ხელისუფლების წიაღის გარდა - ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ევროსაბჭოში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის, დასავლეთის საბანკო სისტემაშიც.

2022 წლის მაისში, „გლობალური ომის პარტიის“ თეორიის დანერგვის გარიჟრაჟზე, „ოცნების“ ხელისუფლება სწორედ გარე ძალების შანტაჟს უკავშირებდა იმ ხანად პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის საფინანსო დავას შვეიცარიულ კერძო ბანკთან (Credit Suisse). წნეხის მიზანიც ახსნილი იყო: ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და საქართველო ჩაერთო ომში.

2024 წლის 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდები "გლობალურ ომის პარტიას" ჰქონდა ჩაგდებული ხელში.

“უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიპ სტეიტის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს”, - წერია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. აქვე, ანტიქართულ ნაბიჯად ჩათვლილია ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილისთვისაც.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით, საქართველოში ეგულება მხოლოდ „დიპ სტეიტის“ აგენტურული ქსელი - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის სახით, რომელთა გაქრობასაც ამჟამად სხვადასხვა ახალი კანონით ცდილობს. ამ კანონებს აკრიტიკებენ დასავლეთიდან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა თუ მათი მოკავშირეების ურთიერთგანსხვავებული მესიჯები ხშირად კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას ქმნის:

  • 2024 წლის მაისში, The News Agents-სთან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია" მასონების მსგავსი ძალაა - „ფრიმასონები, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”.
  • 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო აღნიშნავს, რომ "დიპ სტეიტი" “გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტია” და ქართველ ხალხს უგზავნის მესიჯს - „ან იომებ, ან დაგსჯით“.
  • არადა, 3 თვით ადრე, 2024 წლის 2 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეძლებდა ურთიერთობების გაუმჯობესებას არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ თავად "გლობალური ომის პარტიასთანაც", რადგან "ინტერესები არის დროებითი“.


2025 წლის 3 აპრილს ივანიშვილთან დაახლოებულმა და მის გამხმოვანებლად მიჩნეულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა დაწერა, რომ "გლობალური ომის პარტია" იგივე “დიპ სტეიტია”, ხოლო მისი "მთავარი ინსტრუმენტი” ამერიკის შეერთებული შტატებია და “შესაბამისად, მისი [აშშ-ის] ჩამოშლა გლობალური ომის პარტიის ჩამოშლასაც ნიშნავს”.

შათირიშვილის თეორიით, "გლობალური ომის პარტიის" [ანუ "დიპ სტეიტის"] განადგურების გასაღები აშშ-ის ჩამოშლაშია და შესაბამისად, მისი თქმით, "ფუჭია" დონალდ ტრამპის ციტატა, რომელსაც მუდმივად იშველიებს "ქართული ოცნება" - „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“.

“დიპ სტეიტს” სურს საქართველოს ომში ჩათრევა

“ქართული ოცნების” ”დიპ სტეიტის” მთავარი მახასიათებელია განზრახვა - საქართველოს ომში ჩათრევა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა. აქვეა დასკვნაც, რომ - ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში, ეს საფრთხე მუდმივად იარსებებს.

ამ თეორიის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არა რუსეთის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ [„დიპ სტეიტის“] ბრალია. „ოცნების“ საპატიო მილიარდერი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომ ამ გარე ძალებმა [„გლობალური ომის პარტიამ“] „ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“ და რომ მისთვის „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".

2008 წლის ომთან დაკავშირებით იმავე მიდგომას აგრძელებს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაც. დასკვნა წინასწარ გამოტანილია: აგვისტოს ომი გარე ძალის დაკვეთით ქართულმა მხარემ დაიწყო.

„როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს „დიპ სტეიტზე“, ეს ტყუპის ცალივით ჰგავს ნარატივს, რომელიც რუსეთს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე, ყველა დროში, რომ გლობალური ომის ძალები ცდილობენ მსოფლიოს ბატონობას და განსაკუთრებით მიზანში ჰყავთ ამოღებული რუსეთი, სურთ ბოლომდე დააჩოქონ და პაიკებად გამოიყენონ საქართველო და უკრაინა. ეს უფრო ჰგავს კონსპირაციის თეორიებს მასონების ბატონობასთან და გლობალური მასშტაბით სახელმწიფოების სუვერენიტეტის წართმევასთან დაკავშირებით", - გვეუბნება „ატლანტიკური საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. ასეთ კონსპირაციულ თეორიებში, დამადასტურებელი ფაქტების გარდა, ის ვერც ელემენტარულ ლოგიკას ხედავს.

“ქართულ ოცნებას” არ დაუსახელებია არცერთი ამერიკელი ან ევროპელი თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ ხვდებოდა მაშინდელ ხელისუფლებას და ომში ჩართვას აქტიურად მოითხოვდა.

პროსახელისუფლებო მედია ხშირად აშუქებს ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის განცხადებებსა და კომენტარებს, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის სხვადასხვა დროის ხელისუფლებებს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფასა და ომების მიზანმიმართულ დაწყებაში სდებს ბრალს. ხოლო საქართველოს ადგილს ხედავს 3+3 ფორმატში, რომელიც შეიქნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის რუსეთთან, ირანსა და თურქეთთან. ამ დრომდე, თბილისმა უარი არაერთხელ განაცხადა გამხდარიყო ამ ფორმატის წევრი.

  • აშშ-ის არც ძველ და არც ახალ ადმინისტრაციას არასოდეს უთქვამს, რომ სურდა საქართველოს ომში ჩართვა. ამ საკითხზე არასოდეს ყოფილა თუნდაც საჯარო მინიშნება ოფიციალური პირების მხრიდან. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღკვეთას შეძლებდა, ჯო ბაიდენის ნაცვლად, 2022 წელს პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო. თუმცა არ ყოფილა ბრალდება, რომ ომი ბაიდენმა დაგეგმა და დაიწყო.
  • არჩევამდე ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას ძალიან სწრაფად შეძლებდა. პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ის 20 იანვარს შეუდგა და რუსეთთან მოლაპარაკებებიც მალევე წამოიწყო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ ჩანს ნიშნები, რომ კრემლი გაჩერებას რეალურად გეგმავს. მარკო რუბიომ ბოლო ინტერვიუებში არაერთხელ ივარაუდა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა უშედეგოდ დასრულდეს.

უფრო ღრმაა შეთქმულების თეორიები, რომლებსაც პერიოდულად ზაზა შათირიშვილი აქვეყნებს.

3 აპრილის წერილში შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ომებს არა აშშ, არამედ “გლობალური ომის პარტია” იწყებს, რომელსაც წარმოადგენენ მსხვილი კორპორაციები, მათ შორის: „ბლექროკი“, „ვანგარდი“, „სთეით სთრითი“ და მათ უკან მდგომი 15-მდე ოლიგარქიული ოჯახი - “რომლებიც ქონებას ასწლეულების მანძილზე ქმნიდნენ და დღეს ტრილიონობით დოლარის აქტივებს მართავენ”. ისევ ზაზა შათირიშვილის 2023 წლის წერილის თანახმად, „ოლიგარქიული ოჯახების“, ანუ “გლობალური ომის პარტიის”/”დიპ სტეიტის” მიზანი „მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა“.

მადლობის მოლოდინი

„ჩვენ ცოტა ადრე - 3 წლის წინ დავიწყეთ „დიპ სტეიტზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის”, - უთხრა 3 აპრილს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს და არც იმედგაცრუება არ დამალა იმით, რომ ამ დრომდე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სანქციები არ მოუხსნია ბიძინა ივანიშვილისთვის, ვახტანგ გომელაურისა თუ “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებისთვის.

“ოცნების” სხვა წარმომადგენლების მსგავსად, კალაძესაც სჯერა, რომ “ქართული ოცნება” და დონალდ ტრაპი ერთსა და იმავე “დიპ სტეიტზე” ლაპარაკობენ და თუკი “ოცნებას” მანამდე დასცინოდნენ, ახლა, “როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიპ სტეიტი“ - ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“.

არ გამართლდა „ქართული ოცნების“ იმედი, რომ დონალდ ტრამპი 20 იანვრის [ინაუგურაციის დღე] შემდეგ სწრაფად დაამარცხებდა „დიპ სტეიტს“, დაასრულებდა ომს და შესაძლებელი იქნებოდა ურთიერთობების გადატვირთვა. იმედს თანდათან ეჭვი შეერია, ხოლო ბოლო დღეებში ტრამპი „დიპ სტეიტის“ ნაწილადაც გამოცხადდა - ზაზა შათირიშვილის ტექსტის თანახმად, ახლა აშშ-ში „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ რებრენდინგი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი საქართველოს უარესი ძალით შემოუბრუნდება.

ივანიშვილთან დაახლოებული შათირიშვილის წერილებს ანალიტიკოსები “ქართული ოცნების” გზამკვლევად განიხილავენ. შათირიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახსენა „გლობალური ომის პარტია“, “დიპ სტეიტი”. თუმცა მისი სცენარები განსხვავდება "დიპ სტეიტისგან", რომელზეც აშშ-ის ოფიციალური წრეები ლაპარაკობენ.

შათირიშვილის წერილს წინ უსწრებდა სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განმარტება “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე. globalnews.ge-ს საშუალებით გავრცელებული ტექსტი იმეორებს წინა ადმინისტრაციის ტონს და ხაზგასმულია, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის თბილისს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება. ლაპარაკია ასევე “განგრძობად ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე” და მოყვანილია ვიცე-პრეზიდენტ [ჯეი დი] ვენსის მიერ მიუნხენში [სხვა კონტექსტში] წარმოთქმული სიტყვები, რომ “დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.

24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც აპრილის დასაწყისში თბილისში შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი.

პრესსამსახურის ცნობით, „ძალიან საინტერესო შეხვედრები“ შედგა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში, სადაც სანქციებზეც ყოფილა საუბარი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა.

„სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც იტყობინებიან, დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკსაც, რომელიც ძველი ადმინისტრაციის დროსაც მუშაობდა და მწვავე რეაქციები ჰქონდა "ქართული ოცნების" ძალისხმევით დამტკიცებულ "აგენტების კანონზე", დეზინფორმაციის გავრცელებასა და სიტყვიერ თავდასხმებზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ.

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები უკვე კარგა ხანია დაამყარა სომხეთმა და აზერბაიჯანმა. საქართველოსთან კი, ამ დრომდე ისევ შეჩერებულია - სტრატეგიული პარტნიორობა. უკვე თვეების მანძილზე შენარჩუნებული სტატუს კვო გიორგი მელაშვილისთვის ნიშანია იმისა, რომ - საერთო ენის გამონახვა ჭირს "მიუხედავად “ქართული ოცნების” მცდელობისა, რომ მოერგონ აშშ-ის კონტექსტს [ისაუბრონ “დიპ სტეიტზე” - რ.თ.]”.

მელაშვილი ასევე გვეუბნება, რომ შეთქმულების თეორიებით გაჯერებულ პროპაგანდას “ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის განსამტკიცებლად იყენებს, “მაგრამ ეს პროპაგანდა იმდენად ხელოვნურია”, რომ გზადაგზა მისი ცვლილება ხდება საჭირო და რაღაც ეტაპზე იძულებული გახდნენ, “ტრამპი მესიის მახვილიდან გადაექციათ “დიპ სტეიტის” რეინკარნაციად”.


“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის ბოლო პერიოდის განცხადებების თანახმად, “რაც უფრო მეტად დასუსტდება [“დიპ სტეიტი”], მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის”; რომ დღეს “დიპ სტეიტის” დარტყმებს აშშ-ზე მეტად ევროპის მიმართულებიდან ელოდებიან და “ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი”.

8 აპრილს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო წერდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება "დიპ სტეიტი" ევროკავშირში.

"იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში", - წერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო 8 იანვარს, რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" 4 წლით დააპაუზა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები - აუცილებელი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირიდან, ისევე როგორც აშშ-დან, "ქართულ ოცნებას", წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ დემოკრატიის გზაზე დაბრუნებისკენ, კანონის უზენაესობისკენ, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისკენ თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ.

სიძნელეების მიუხედავად, გიორგი მუჩაიძე შეუძლებლად თვლის, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა უარი თქვან დროში გამოცდილ დემოკრატიულ მექანიზმებზე და მათ შორის - ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე; შესაბამისად - “სახელმწიფოს მიმტაცებელი ოლიგარქის, ივანიშვილის პარტიას” დასავლეთთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება. თუმცა მუჩაიძე ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე შეცვალა ვექტორი და საქართველოს მომავალი უკვე “რუსეთთან და ჩინეთთან ალიანსში წარმოუდგენია”, რადგან ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG