შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არასრულწლოვანზე ძალადობის შესასწავლად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითაა დაწყებული.
რა ჩანს ვიდეოკადრში?
რამდენიმეწამიან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი, ფიზიკურად უსწორდება მოზარდს. ძირითადად სახეში ურტყამს ხელებს. მოზარდი თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ქალს ის კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და გაქცევის საშუალებას არ აძლევს.
ამ სცენას უყურებს იქვე მყოფი მცირეწლოვანი. კადრში ჩანს, რომ ძალადობის შემსწრეა სრულწლოვანი კაციც.
ეს ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში მოზარდის ოჯახის ახლობელმა, ბავშვის დედის თხოვნით, 14 სექტემბერს გაავრცელა.
ქალი წერდა, რომ აქვეყნებდა ძალადობის ამსახველ მხოლოდ რამდენიმეწამიან მონაკვეთს, თუმცა, მისი მტკიცებით, თავად ძალადობა 2 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა.
ოჯახი ირწმუნება, რომ 14 წლის მოზარდზე მკლავჭიდელმა ქალმა, ხატია ვიბლიანმა იძალადა:
„ეს ცნობილი მკლავჭიდელი ქალი ხატია ვიბლიანია, რომელიც როგორც კადრებში ჩანს, უმოწყალოდ და გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს, მხოლოდ იმის გამო რომ ბავშვი მაღაზია “ორი ნაბიჯის” მოლარეს გამოესარჩლა და ამ ქალბატონს უთხრა, რომ თუ გეჩქარებათ, მიბრძანდით, ქალბატონო, ხომ უკვე გაგიტარათ მოლარემო.
ამ სიტყვების გამო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე, უმოწყალოდ სცემა, ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა (კადრები ძალიან მძიმე საყურებელია ამიტომ სრულად არ ვდებთ) სადაც კარგად ჩანს როგორ გამეტებით ურტყამს ბავშვს, საქმეში ჩართულია პოლიციაც... ქალი რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილსაც არ ინდობს და ამ ყველაფერს ატირებულ ბავშვს აყურებინებს...“, - წერდა ქალი, რომელმაც ვიდეო და მინაწერი, ფეისბუკში გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში წაშალა.
როგორ გრძნობს თავს მოზარდი?
პოსტის ავტორს რადიო თავისუფლება 15 სექტემბერს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ვიდეო ბავშვის დედის თხოვნით გამოაქვეყნა და მისივე თხოვნით წაშალა:
„ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე [წავშალე], ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და ეს კადრები უფრო თრგუნავდა. ჩემმა პოსტმა უკვე იმუშავა და სათქმელი თქვა, იცის ყველამ, ვისთან გვაქვს საქმე და ამ საშინელი კადრების ფრიალი აღარ იყო საჭირო“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, შემთხვევა თბილისში, 11 სექტემბერს, ბავშვის სახლთან მოხდა. ძალადობის მომენტი კი საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ქალი ამბობს, რომ მოზარდის ოჯახმა საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა. მისი თქმით, ბავშვს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
„ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა. ყბის მოტეხილობაზე ეპარებოდათ ეჭვი და ღმერთს მადლობა, გადარჩა ბავშვი. შეგიძლიათ, იაშვილში [პედიატრიული კლინიკა] მოიძიოთ ინფორმაცია და სასწრაფო დახმარების საინფორმაციო ცენტრს ჰკითხოთ ან პოლიციას, მასალები მათ აქვთ“, - გვეუბნება ქალი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მედიასთან საუბარი არ შეუძლია მოზარდის დედას, რადგან ის „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“.
„სამ დღეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ჩამოსულიყო“ - მკლავჭიდის ფედერაცია
რადიო თავისუფლება ბულგარეთში ესაუბრა მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლუკა ჯაჭვლიანს. იქ ახლა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზა ხატია ვიბლიანსაც.
ლუკა ჯაჭვლიანი ამბობს, რომ სპორტსმენი ქალი ქალაქ ალბენაში მიმდინარე ჩემპიონატზე 18 სექტემბერს უნდა ჩასულიყო:
„ორ-სამ დღეში უფროსების ნაკრები ჩამოდის და მათთან ერთად ხატიაც გეგმავდა ჩამოსვლას. რამდენად მოახერხებს ახლა ჩამოსვლას და რას გადაწყვეტენ ძალოვანი სტრუქტურები, ეს ჩემი გასარკვევი არ არის.
რაც შეეხება თავად ფაქტს, მეც იგივე ინფორმაციას ვფლობ, რასაც სხვები. მე მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ და არ მქონდა დეტალების გარკვევის საშუალება. არც თავად ხატიასთან მისაუბრია. ვიცი, რომ ადანაშაულებენ, მაგრამ დაველოდებით გამოძიებას.
ზოგადად, სპორტსმენი ემოციებს უნდა აკონტროლებდეს, რადგან მისი ფიზიკური ძალა გაცილებით აღემატება სხვა ადამიანის ძალას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს“.
ლუკა ჯაჭვლიანის თქმით, ხატია ვიბლიანს არაერთ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა, ასპარეზობებს, ამ ეტაპზე, ძირითადად, მოგების გარეშე ასრულებს.
„კაცისთვის დამირტყამს, ქალისთვის არა“
რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ხატია ვიბლიანთან დაკავშირებას, თუმცა, ამ დრომდე, უშედეგოდ. ის ჩვენს შეტყობინებებს არ პასუხობს.
ხატია ვიბლიანი საზოგადო ყურადღების ცენტრში გასულ წელს, მოლდოვაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოექცა.
მაშინ ხატია ვიბლიანმა გამოაქვეყნა ვიდეო მინაწერით: „ამას რა სჭირს?“ - ვიდეოზე ჩანს, რომ მკლავჭიდელ ქალს, რომელიც საასპარეზოდ გამოდის, მსაჯი დაჟინებით უყურებს.
ამ ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა. ტაბლოიდები და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ მსაჯი ქართველი სპორტსმენის სილამაზემ მოხიბლა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, ხატია ვიბლიანმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა სხვადასხვა მედია-პლატფორმას, სადაც ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ დაინტერესდა მკლავჭიდით, ვინ იქონია მასზე გავლენა, კიდევ რა ინტერესები აქვს გარდა მკლავჭიდისა...
ერთ-ერთ YouTube არხთან საუბრისას, წამყვანის კითხვაზე - „კინკლაობის დროს თუ გქონია შემთხვევა, რომ ვინმესთვის დარტყმა მოგიწია უხეშად?“ - ხატია ვიბლიანი პასუხობს:
„კაცისთვის კი, ქალისთვის არა. ქალთან ყოველთვის სიტყვიერად მიწევს კონფლიქტი, პოლემიკა და ჩხუბი, მაგრამ იქამდე [ხელის დარტყმამდე] არ მიდის საქმე, კიდევ კარგი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, შესაძლებელია თუ არა, რომ ხატია ვიბლიანს ძალადობაში ბრალდებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭოს. უწყებაში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გამოძიების პროცესში დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ფორუმი