Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისე გიორგი კინოიანის ბედი


გიორგი კინოიანი
გიორგი კინოიანი

"...საქართველოს მოქალაქეს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება ემუქრება. მოსკოვი ედავება, რომ ის უკრაინის მხარეს იბრძოდა. ერევანმა გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა".

სექტემბრის დასაწყისში საქართველო-სომხეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე გოირგი კინოიანი დააკავეს. დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. რუსეთი მას უკრაინის მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებს. ოჯახი შიშობს, რომ თუკი გიორგის რუსეთს გადასცემენ, მისი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.

გამგზავრება სომხეთში: არანაირი საფრთხე

3 სექტემბერს 29 წლის გიორგი კინოიანი მშობლებთან ერთად სომხეთში ნათესავების სანახავად გაემგზავრა. სომხეთის მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე ჯერ დააკავეს, შემდეგ კი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 5 სექტემბერს სომხეთის სასამართლომ მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგის ძმის ვაკო კინოიანის თქმით, ოჯახმა მხოლოდ ის იცოდა, რომ 2024 წლის ოქტომბერში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გიორგის დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალი ედებოდა, რომ დაქირავებული ჯარისკაცი იყო. რუსეთი ირწმუნება, რომ გიორგი უკრაინის მხარეს „ქართულ ლეგიონში“ იბრძოდა.

„ქართული ლეგიონის“ ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა უკვე მოუწოდა მოხალისეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში გამგზავრებისგან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსეთს უკავშირდებიან.

ოჯახმა არ იცოდა, რომ გიორგის ეძებდნენ.

„ჩემი ძმა სომხეთში არაერთხელ არის ნამყოფი. რომ სცოდნოდა ეს რა რისკიც იყო, არ წავიდოდა. არაფერს ვეჭვობდი“, - ამბობს ვაკო კინოიანი „ეხო კავკაზასთან“.

ოჯახი შიშობს, რომ თუ გიორგი რუსეთს გადასცეს, იქ მას წამება და შესაძლოა სიკვდილიც ემუქრებოდეს. 9 სექტემბერს ევროპარლამენტის ექვსმა დეპუტატმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს მისწერა და იგივე შეშფოთება გამოთქვა:

„გიორგი კინოიანის რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაუყოვნებლივ დაემუქრება საფრთხე. ეჭვი არაა, რომ იქ მას ელოდება: წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი. ეს მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს არის პირდაპირი გამოწვევა სამართლიანობისა, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის“.

ევრო დეპუტატებმა ევროკავშირს სწრაფი და მკაფიო რეაქციისკენ მოუწოდეს.

კინოიანის ოჯახმა და მისმა ახლობლებმა „ქართული ლეგიონიდან“ უკვე მიმართეს სომხეთის პრემიერს თხოვნით, არ დაუშვას გიორგის რუსეთში ექსტრადიცია. დამატებით მსგავსი წერილი გაგზავნეს სომხეთის საელჩოში საქართველოში.

ვაკო კინოიანი აღიარებს, რომ რამდენიმე დღის წინ სასოწარკვეთის ზღვარზე იდგა, თუმცა, ახლა იმედი მიეცა.

„მიხარია, რომ პროცესი დაიძრა. ჩვენი მიზანია - გიორგი სახლში დავაბრუნოთ, სამშობლოში. აქამდე თითქმის არაფრის იმედი მქონდა, ახლა ამ საქმეში ბევრი ჩაერთო და ეს ყველაფერს ცვლის. ყველას მადლობა, ვინც გვეხმარება“, - თქვა მან.

„ჩართულები არიან პროცესში“: რას აკეთებს უწყება?

გიორგი კინოიანის დაკავების შემდეგ სომხეთის მხარემ ამის შესახებ მაშინვე აცნობა გენპროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და რუსეთს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს მიაწოდა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარქისიანმა.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საქმის გამოძიება ჯერ არ დაუწყია. ისინი მოსკოვიდან ექსტრადიციის ოფიციალურ მოთხოვნას ელოდებიან. სწორედ ეს უწყება გადაწყვეტს საბოლოოდ დაკავებული რუსეთს გადასცეს თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას სომხეთიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. დაკავების შესახებ ოჯახისგან გაიგეს.

„დაკავების შესახებ სომხეთის საელჩომ ოჯახისგან გაიგო. მაგრამ ოფიციალური შეტყობინება სომხეთის უწყებებისგან დღემდე არ მიგვიღია“. - წერია პრესცენტრის პასუხში.

მიუხედავად ამისა, საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღნიშნულ საკითხზე საკონსულოს კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ“. გიორგის ძმა ვაკო კინოიანი ადასტურებს, რომ დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს ერევანში. იქ შეატყობინეს, რომ საქმის შესახებ იციან და „შესაბამისი სტრუქტურები უკვე ჩართულები არიან პროცესში“.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერაც არა აქვთ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის დაკავების საქმეზე. ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტები დაარწმუნა, იმ უწყებებს, რომლებსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ, საქართველოს მოქალაქე სხვა სახელმწიფოს რომ არ ჩაუვარდეს ხელშიო.

„როდესაც სხვა ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეს ამა თუ იმ მიზეზით აკავებენ, სახელმწიფო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს“, - თქვა მან.

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ გიორგი კინოინი ინტერპოლის არხებით ძებნილად არ ირიცხება. რუსეთმა მასზე ძებნა დსთ-ის სისტემით გამოაცხადა, რომელზეც ქართველ მესაზღვრეებს წვდომა არა აქვთ. ამის გამო არ იცოდნენ გიორგის სტატუსი და ვერც გააფრთხილებდნენ.

გიორგი კინოიანის საქმეში აქტიურად არის ჩართული გიორგი ტუმასიანი - სომხური საზოგადოების პლატფორმის ხელმძღვანელი საქართველოში. ის ოჯახს დაეხმარა დაკავშირებოდა ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. ასევე ცდილობს ეს ინფორმაცია სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე მიიტანოს. ტუმასიანი საქართველოს ხელისუფლებას პასიურობისთვის აკრიტიკებს. ამბობს, რომ არც ერთ ეტაპზე საქართველოს შსს ან საქართველოს საელჩო სომხეთში საქმეში არ ჩარეულა.

„საელჩო ოჯახს უნდ დაკავშირებოდა, იურიდიულ ნიუანსებში დახმარებოდა, ადვოკატებით დახმარებოდა. ამას ვერ ვხედავ. მგონია, რომ ქართული მხარე ამას არ აკეთებს... ეს არც არის სიახლე. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია უგულებელყოფს იმ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, თავდაცვით მოქმედებებში მონაწილეობენ ჩვენი ისტორიული მოკავშირის, მეგობარი ქვეყნის უკრაინის მხარეს. ეს „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკაა - საკითხის ნიველირება და მასი უგულებელყოფა“. - უთხრა მან „ეხო კავკაზას“.

მისი თქმით, კინოიანი ახლა ვანაძორის პენიტენციალურ სისტემაში იმყოფება. სომხეთი მოსკოვიდან ელოდება ოფიციალურ საბუთებს, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რის გამო გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა დაკავებულზე.

„უკანონო გადაწყვეტილება“

არტურ საკუნცი - ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი კინოაინის საქმითა არის დაკავებული. „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ის ხსნის, თუ რატომ გახდა სომხეთი იძულებული საქართველოს მოქალაქე საზღვარზე დაეჭირა.

მისი სიტყვებით სომხეთი დსთ-ის წევრია და ვალდებულია დაიცვას კიშინოვის კონვენციის დებულებები სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ამ კონვენციის ფარგლებში არსებობს საერთო სასაზღვრო ბაზა, რომელშიც ავტომატურად შეაქვთ მონაცემები მათ შესახებ, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული ან ძიებაშია გამოცხადებული დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და სომხეთის.

„როდესაც მესაზღვრე პასპორტს ამოწმებს, სისტემა მას ავტომატურად ადარებს ბაზასთან. თუ ადამიანი ამ ბაზაშია, პოლიცია მას 72 საათით აკავებს, რის შემდეგაც წყდება საკითხი რა ზომები გაატარონ მის წინააღდეგ, ასევე პროკურატურისთვის საქმის გადაცემის შესახებ“, - განმარტავს საკუნცი.

სომხეთის კანონებით, მას შემდეგ, რაც ძიების გამომცხადებელი დსთ-ს წევრი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოიყენება პრევენციული ზომები - 40-დღიანი პატიმრობა. შემდეგ, ინიციატორ ქვეყანას დაკავების შესახებ აცნობებენ და ექსტრადიციის ოფიციალურ მოთხოვნას ელიან.

თუმცა, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ კინოიანის შემთხვევაში სომხურმა სამართლებრივმა სისტემამ გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა „დონეცკის უკანონო სასამართლოს“ გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

„არც მოსამართლემ, არც პროკურორმა, არც პოლიციამ, არავინ, ვინც 72-დღიან პატიმრობის შეფარდებაში მონაწილეობდა, რბილად რომ ვთქვათ, არ გაითვალისწინა ის ვითარება, რომ ბრალდება არაღიარებული სტრუქტურიდან მოდის - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და მისი უზენაესი სასამართლოდან. მას სომხეთი არ აღიარებს“, - თქვა საკუნცმა და დაძინა, რომ კინოიანის საქმეზე დოკუმენტები საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსაც აქვთ, მაგრამ საქართველოს პოლიციის პოდპოლკოვნიკმა საქმის განხილვა შეწყვიტა, რადგან საქართველო დონეცკის სახალხო რესპუბლიკას არ აღიარებს. ასევე ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და ითხოვს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

ამგვარად ერთი და იგივე დოკუმენტებზე დაყრდნობით ორი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ორი განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.

უფლებადამცველებმა სომხეთის გენპროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნეს განცხადება, მოთხოვნით დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი კინოიანი. ამავე დროს ადვოკატები ამზადებენ განაცხადს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ეყრდნობიან რა კონვენციის 39-ე მუხლს და იმას, რომ რუსეთში დაკავებულს წამება და სიკვდილი ემუქრება.

„ეს რეალური საფრთხეა და ამ სასწრაფო განცხადებით ვითარების გამწვავებას გვინდა ხელი შევუშალოთ... ჩვენთვის აუცილებელია ევროპის სასამრთლომ სომხეთის ხელისუფლებას მოსთხოვოს, ექსტრადიცია არ გაუშვას. ახლა მინიმალურ იურიდიულ ღონისძიებებს ვაკეთებთ გიორგის ინტერესების დასაცავად“, - ამბობს არტურ საკუნცი.

გიორგი კინოიანი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც სომხეთში რუსეთ-უკრაინის ომის გამო დააკავეს. რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთმა რამდენიმე რუსეთის მოქალქე დააკავა, მათ მოსკოვი დეზერტირობაში სდებდა ბრალს. ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სომხეთი მათ ექსტრადირებაზე უმეტესად უარს ამბობდა.

„გარწმუნებთ, რომ სომხეთს არასდროს გაუკეთებია ექსტრადირება, მიუბედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთის ბევრი მოქალაქე სომხეთში გადმოვიდა. ჩვენ მათ უფლებებს ვიცავდით - ესენი არიან ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები. არც ერთი მათგანის ექსტრადირება არ გაუკეთებიათ. ჩვენ სხვა უფლებრივ მექანიზმს ვიყენებდით - თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას. საემიგრაციო სამსახურსაც ვრთავთ და ვეხმარებით ლტოლვილის სტატუსი მიეღოთ. ამ შემთხვევაში ექსტრადირების მოთხოვნა აღარ განიხილება, რადგან სახელმწიფო აღიარებს, რომ მათ პოლიტიკური მოტივით ეკუთვნით თავშესაფარი და მნიშვნელობა აღარ აქვს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თუ არა“, - აღნიშნავს უფლებადამცველი.

საკუნცი მიიჩნევს, რომ საშინელი პრაქტიკაა, როდესაც რუსეთი მსგავს სისხლის სამართლის საქმეებს უცხოეთის მოქალაქეებზე აღძრავს.

„გამოდის, რომ უნდა შევასრულოთ კონვენციის მოთხოვნები რუსეთთან ან ბელარუსთან მიმართებით, თუკი ისინი სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრავენ საქმეებს? გამოდის მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პუტინის გაკრიტიკების გამო, ომის კრიტიკის გამო ან რუსეთის შეიარაღებული ძალების „ავტორიტეტის შებღალვის“ გამო? აბსურდია, ნამდვილი კოშმარი“.

უფლებადამცველი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია. მისი თქმით, საქართველომ დიპლომატიური არხებით უნდა გამოხატოს თავისი აღშფოთება და მოითხოვოს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მისი მოქალაქე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG