ამის შემდეგ, აფხაზურმა Telegram-არხებმა დაიწყეს იმ მასწავლებლების სახელების გამოქვეყნება, რომლებიც ვითომდა „მტრულ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტრომ კი მოუწოდა, სისტემა „განსხვავებული აზროვნების მქონეთაგან“ გაეწმინდათ.
„ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“
სოხუმში სასკოლო სისტემაში წმენდა გამოცხადდა ყველაზე, მათ გარდა, ვინც „ქვეყნის ინტერესების“ დამცველებად დარჩნენ. ამის შესახებ 9 ოქტომბერს, "ჯაშუშობაში" ეჭვმიტანილი ადგილობრივი გალელი მასწავლებლის დაკავების შეფასებისას, განაცხადა აფხაზეთის "განათლების მინისტრმა" ხანა გუნბამ.
„რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტები ჩრდილს აყენებს პედაგოგიურ საზოგადოებას. განათლების სისტემაში უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად ერთგულნი არიან თავიანთი ქვეყნის ინტერესების. თუ ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, განათლების სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ისინი სფეროს ჩამოშორდნენ“, - თქვა ხანა გუნბამ.
1 ოქტომბრის ღამეს, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის აგენტები სოფელ შაშიკვარაში 39 წლის შალვა ხიზანიშვილის სახლში შეცვივდნენ. ის ადგილობრივი სკოლის მასწავლებელია. ე.წ. ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, ჩხრეკისას მას ჩამოართვეს სამი შაშხანა თავისი საბრძოლო მასალით, სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც საკვები პროდუქტები ეწყო, ქართული დოკუმენტები, ნაღდი ფული და საბანკო ბარათები. ერთ-ერთ შაშხანაზე ქართული წარწერა და საქართველოს დროშის გამოსახულება იყო ამოტვიფრული. როდესაც "უშიშროების ოფიცერმა" წარწერის მნიშვნელობა იკითხა, ხიზანიშვილმა უპასუხა: „შეფიცულები - საქართველოს ფიცი“.
გარდა ამისა, ამავე ვიდეოკადრების მიხედვით, მის ეზოში, ძაღლის სადგომში აღმოაჩინეს დამალული შეკვრა, რომელზეც აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა თქვეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებაა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხიზანიშვილი გამოტყდა, რომ კავშირი ჰქონდა საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მის ტელეფონში იპოვეს მიმოწერა „უკრაინელი ოპერატორის აბონენტთან, ტარიელ ფიფიასთან, რომელიც საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელია“.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხიზანიშვილი ასრულებდა დავალებას და იღებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც განთავსებული იყო აფხაზეთის რესპუბლიკაში, რისთვისაც მან ფულადი ჯილდო მიიღო. მოგვიანებით ხიზანიშვილს ფარულად გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა მის ეზოში“, - განაცხადა ე.წ. უშიშროების სამსახურმა.
ხიზანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით. ადგილობრივი ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, ეს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადრე, 2025 წლის იანვარში, კახა მურადოვს მსგავსი ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 2023 წელს საქართველოს მოქალაქე კრისტინა თაკალანძე "ჯაშუშობისთვის" 10 წლითა და 6 თვით დააპატიმრეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "ცხელი ხაზი" ამოქმედდა და დეტალები ზუსტდება.
აფხაზურმა Telegram-არხებმა ე.წ. განათლების სამინისტროს დახმარება დაიწყეს „არასასურველი“ მასწავლებლების გამოვლენაში. მათ გალის რაიონში ქართველი მასწავლებლების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს - მათ ბრალს სდებენ თბილისთან კავშირში, კერძოდ კი იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ანგარიშებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის განათლების სამინისტროს აბარებენ.
„კოლეგებმა შენიშნეს, რომ გალის რაიონში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ნაწილი არა მხოლოდ რეგულარულად იღებს ხელფასს საქართველოდან, არამედ ანგარიშებს აბარებს საქართველოს ხელისუფლებასაც“, - წერს პროსამთავრობო Telegram-არხი AMPA-life.
Telegram-ის არხები აქვეყნებენ დოკუმენტებს ქართულ ენაზე, აფხაზური მარკებით, რომლებიც ვითომდა ადგილობრივმა მასწავლებლებმა ენგურის მეორე მხარეს გააგზავნეს და ასახელებენ გალის რაიონში საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად ჩართულ „ძირითად ფიგურებსაც“:
„აქცენტი კეთდება პერსპექტიული სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე ქართული სკოლის პროგრამებში მონაწილეობის განაცხადებზე. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“
ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ქართულ ენაზეა, წერია:
„გაცნობებთ, რომ ჩვენს სკოლაში სასწავლო და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში ცვლილებები არ იქნება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. გთხოვთ, იხილოთ მეორე კვარტლის მონაცემები და დაგვეხმაროთ მესამე კვარტლის ფინანსური დახმარების მიღებაში“.
გამოქვეყნებულ ფოტოებს არ ახლავს აკადემიური ანგარიშები ან რაიმე პროგრამის განაცხადები.
გალის რაიონის მასწავლებლების წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს აფხაზი ბლოგერები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის სიტყვებით ამყარებენ.
ის 15 სექტემბერს ზუგდიდის #1 სკოლას ეწვია და სიტყვა-სიტყვით ეს თქვა:
„აქვე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ“.
ადგილობრივმა Telegram-არხებმა ეს სიტყვები აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ აღიქვეს.
„ეხო კავკაზა“ დაუკავშირდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის განათლების სამინისტროს, რათა გაერკვია, მართლაც აწვდიან თუ არა მათ ანგარიშებს გალის რაიონის სკოლების მასწავლებლები და დირექტორები. ეს სტატია განახლდება პასუხის მიღებისთანავე.
„სასწავლო ნაღმი“ გალის რაიონში
სოხუმში მიაჩნიათ, რომ გალის რაიონის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს გვერდის ავლა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
„თუკი ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი ინციდენტების იგნორირებას, ჩნდება კითხვა: რა ენაზე და რას ვეტყვით ჩვენს შთამომავლებს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის გმირების შესახებ?“ - წერს ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი „სუხუმსკი სვეწილნიკ“.
მისი ცნობით, ე.წ. „სასწავლო ნაღმის“ აფეთქება გალში არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ასპექტზე კონტროლის შესუსტებას ადასტურებს, არამედ აფხაზეთში შეჭრილი მრავალი ქართული „საცეცის“ არსებობაზეც მიუთითებს.
ყოფილი სახალხო დამცველი და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ამჟამინდელი ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ გალში დევნის პოლიტიკა ამ ბოლო დროს ახალ საფეხურზე ავიდა. აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შემდეგ, ახლა სხვა დამოუკიდებელი აქტორებიც აღმოჩნდნენ თავდასხმის ქვეშ. განსაკუთრებით დაუცველი არიან ეთნიკური ქართველები, რომლებიც, ნანუაშვილის თქმით, აქამდეც აგრესიისა და დემონიზაციის სამიზნეები იყვნენ.
„რუსული გავლენების გაძლიერება აფხაზეთში იწვევს ყველა დამოუკიდებელი და პოტენციური საფრთხის განეიტრალებას და მასწავლებლები სწორედ ასეთ ჯგუფად მოიაზრებიან…ქართული ენის განდევნის შემდეგ დადგა მასწავლებლების დევნის დრო, განსაკუთრებით მათი, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს და გარკვეულ კავშირებს ინარჩუნებენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ახლობლებთან…
გრძელდება გალის ქართული მოსახლეობის დევნა, პოლიტიკური და სამართლებრივი უუფლებობა, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეუძლებლობა და სხვა უამრავი პრობლემა. ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა, რუსული ადმინისტრაცია და მისი დე ფაქტო რეჟიმი მტრის ხატის შექმნის კამპანიითაა დაკავებული“, - ამბობს ყოფილი ომბუდსმენი.
გალის რაიონის ქართული მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მოწმობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი ანგარიშები და საშუალო სკოლის მოსწავლეების მონათხრობი. ქართული ენის სწავლების პრობლემა კვლავ უკიდურესად რთულია: 2021 წელს რაიონის სკოლები მთლიანად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა და ქართული ენა ამჟამად უცხო ენად ისწავლება - კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათით.
ენობრივი ზეწოლის გარდა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პოლიტიზებულ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებენ. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ცნობით, 2023 წლის მაისში, ოკუპირებული გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უბრძანა, პატივისცემის ნიშნად ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას საფლავთან ყვავილები დაედოთ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა უარი თქვეს მოთხოვნის შესრულებაზე, დირექტორმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაამცირა.
მედიის ცნობით, დირექტორს მუდმივად უთანხმოება ჰქონდა ქართველ მოსწავლეებთან და ჯერ კიდევ 2011 წელს აფრთხილებდა გალის მცხოვრებლებს, რომ მოსწავლეთა დაუმორჩილებლობამ შეიძლება ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვა გამოიწვიოს.
ფორუმი