ირაკლი კობახიძემ დღეს მას „სიმახინჯე“ უწოდა და თქვა, რომ „ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“.
„რიყის დოქები“, - რომლის მშენებლობაც 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა, - წლებია, უფუნქციოა. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია.
გეგმები და მფლობელთა ცვლილება
თავდაპირველად, სანამ სახელმწიფოს ბალანსზე იყო, იქ ხელოვნების ცენტრის და მუსიკისა და დრამის თეატრის განთავსება იგეგმებოდა, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.
წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა „დოქები“ ვერ გაიყიდა.
საბოლოოდ, 2022 წელს, აუქციონზე არაერთხელ გატანის შემდეგ, ობიექტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა 10 მილიონ ლარად. როდესაც პირველად გაიტანეს აუქციონზე, მისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო.
2025 წელს ხიდაშელმა "რიყის დოქები" გაყიდა (წელს ხიდაშელს მთავრობამ ინვესტიციების შეუსრულებლობის საფუძვლის დასახელებით ჩამოართვა კურორტები ახტალა და ლიბანი, 2023 წელს კი რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა).
- "რიყის დოქების" ახალი მფლობელია 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომ“;
- „რიყე დომს“, თავის მხრივ, ფლობს 2017 წელს რეგისტრირებული „ნ.გ.ბ“;
- ამ კომპანიას კი ფლობს ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი.
„სიმახინჯე“, „ნაგვის ბუდე“
21 მაისს ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ დაადასტურეს დემონტაჟის შესახებ გეგმები.
კობახიძემ განაცხადა: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“.
კალაძემ განაცხადა: „არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე“.
„აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით“,, - განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი განკარგულება
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 6 მაისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც „რიყის დოქების“ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა.
ცვლილებით, „რიყე დომს“ მიენიჭა უფლება, „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით“ განავითაროს ის ტერიტორია, სადაც „რიყის დოქებია“ აშენებული.
ეს „განვითარება“, ამავე დოკუმენტის თანახმადვე, „მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს“ სასტუმროს შექმნას. ეს კი, როგორც იქვეა აღნიშნული, „შესაძლოა მოიცავდეს სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოებს“.
„რიყე დომს“ 2030 წლის 5 მაისამდე დაევალა ამ პროექტის განხორციელება და ამისათვის 44 მილიონი ლარის დახარჯვა (დღგ-ის გარეშე).
„[კომპანიამ] ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ამავე მუხლის შესაბამისად შექმნილი სასტუმროს ფუნქციონირება“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.
ფორუმი