Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთო მშვიდობა, ერთი სამეზობლო, ორი გზა - სომეხი მინისტრი თბილისში


თბილისში სტუმრობამდე არარატ მირზოიანი იმყოფებოდა დანიაში, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა.
თბილისში სტუმრობამდე არარატ მირზოიანი იმყოფებოდა დანიაში, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა.

ევროკავშირთან და აშშ-სთან უფრო მეტად დაახლოებული სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მორიგი ოფიციალური ვიზიტი თბილისში განსხვავებული რეალობის ფონზე შედგა. ევროკავშირის წევრობისკენ ერევნის სწრაფვა უკვე კანონმდებლობით არის გამყარებული; ცდილობენ სწრაფად მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებაც.

საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთის ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება ევროპის ქვეყნებთან და აშშ-სთან. როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბრიუსელისგან მტრულ მიდგომებსა და ომის საფრთხეებზე ლაპარაკობს, სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობად განიხილავს და მეტი სიკეთის მიღებას ცდილობს; საქართველო კი უკვე არსებულის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშეა.

საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, არარატ მირზოიანმა ძირითადი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით აზერბაიჯანთან გაფორმებულ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებასა და რეგიონისთვის გაჩენილ ახლებურ შესაძლებლობებზე დასვა.

მირზოიანმა თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა რეგიონებთან კავშირებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ.

“მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ს პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს გზაჯვარედინად - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე “ტრამპის გზა”, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიულ მთლიანობასა და სხვადასხვა პრინციპებზე დაყრდნობით, გვაძლევს ბევრი წინსვლის შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე[ოფიციალური თარგმანი]", - სომეხმა მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ “ქართული რკინიგზის გამოყენებით ევროპა-ცენტრალური აზია დაუკავშირდება ერთმანეთს” და სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა ცალკე ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ისაუბრეს “სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისა” და 2026 წლის მაისში ერევანში დაგეგმილი „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის“ [EPC] შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას“, რომელიც დიდ შესაძლებლობებს ქმნის. ხოლო მანამდე თქვა, რომ „საქართველო ყოველთვის ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების საქმეში და კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში“.

მსგავს მახვილებს ვხვდებით „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც არარატ მირზოიანთან ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

არარატ მირზოიანი 14 ნოემბერს ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს; ასევე - “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო უწყებამ დაწერა, რომ ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების სხვადასხვა საკითხთან ერთად, მხარეებმა „გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო მოვლენებისა და საერთო ინტერესებში შემავალ სხვა საკითხებზე“.

ევროკავშირთან დაახლოება, დაშორების ნაცვლად

თბილისში ჩამოსვლამდე, არარატ მირზოიანი იმყოფებოდა დანიაში, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა. „სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები ვითარდება ინტენსიურად. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით“, - დაწერა მან X-ზე, დანიის მთავრობის წარმომადგენლებთან და ანალიტიკურ წრეებთან შეხვედრების შემდეგ.

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბრიუსელს საქართველოს წინააღმდეგ „დიპ სტეიტის“ შეთქმულებაში ადანაშაულებს და უკვე პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, სომხეთი დროს არ კარგავს.

  • 5 ნოემბერს ევროკომისიამ სომხეთის ხელისუფლებას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა; მანამდე, 2024 წლის შემოდგომაზე, ერევანმა და ბრიუსელმა ოფიციალურად გამოაცხადეს მოლაპარაკებების დაწყება სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ.
  • 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სომხეთის პარლამენტის მიერ 25 მარტს დამტკიცებულ კანონს, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცესის დაწყებას უზრუნველყოფს.
  • სომხეთი ემზადება ევროკავშირთან “პოლიტიკური პარტნიორობის შესახებ” ახალი შეთანხმების ხელმოსაწერად. ამის შესახებ ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი.
  • 2025 წლის 14 იანვარს ხელი მოეწერა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას და გაიმართა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრა.


ოქტომბერში, „დოიჩე ველესთან“ საუბრისას, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს უკვე აქვს ახალი კანონი, რომელიც სომხეთის მთავრობას ავალდებულებს, „მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ და ახლა უკვე დროის საკითხია, როდის შეიტანს ქვეყანა გაწევრიანების განაცხადს ევროკავშირში. “ეს შეიძლება იყოს მომავალ თვეში ანდა შეიძლება - მომავალ წელს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ექსპერტებისთვის შესამჩნევია სომხეთის აქტიურობა და მცდელობები, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიაღწიოს პროგრესს და, სხვადასხვა კვლევით, ქვეყანას აქვს წინსვლაც.

„სომხეთს აქვს პროგრესი, რაც ჩანს იქიდანაც, რომ მას უკვე გადასცეს ვიზალიბერალიზაციის გეგმა, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში [2-3 წელიწადში] ამ მიმართულებით შეიძლება დაგვეწიოს და უვიზო მიმოსვლა მიიღოს, თუ ჩვენ არ დავკარგეთ მანამდე და იმათმა არ გადაგვასწრეს... თუ სომხეთი გააგრძელებს ამ კურსს და რეფორმებს გაატარებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ კანდიდატის სტატუსიც მიიღოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. განმარტავს, რომ "სომხეთს ევროკავშირის ქოლგა სჭირდება იმისთვის, რომ რეგიონში სტაბილურად დამოუკიდებელი კურსი აწარმოოს“, რაც „ასევე სჭირდება საქართველოს, რადგან ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, მარტოს ჩაგყლაპავენ“.

იანვარში, როდესაც არარატ მირზოიანმა მაკა ბოჭორიშვილს ერევანში უმასპინძლა, “ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სომხეთს ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოება მოუწონა. “ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის“, - თქვა მაშინ ბოჭორიშვილმა.

ექსპერტებმა კი “ოცნების” ხელისუფლების ამგვარ სვლას “ფარისევლობა” და “უდიდესი ცინიზმი” უწოდეს, ევროკავშირთან და აშშ-სთან თბილისის დაშორებისა და მკაფიო კონფრონტაციის ფონზე.

  • იმ დროისთვის “ოცნებას” 2 თვის გამოცხადებული ჰქონდა გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი შემდეგი ნაბიჯის - “გაწევრიანების მოლაპარაკებების” საკითხის - 2028 წლის ბოლომდე გადადების შესახებ, რასაც საქართველოში მღელვარება და პროტესტი მოჰყვა; ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო, ბრიუსელი სულ უფრო შორდებოდა თბილისს;
  • 2024 წლის ნოემბერში შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის - ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო, ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკიდან გამომდინარე. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული ეს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც უცვლელია.


10 თვის ინტერვალით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესებულია ბრიუსელთან. ახლოვდება რისკი, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების ახალი, გამარტივებული რეგულაციები [რომლებიც ევროკავშირში დეკემბერში ამოქმედდება] შეეხება საქართველოს და კონკრეტულად, პირველ რიგში - “ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რას ფიქრობენ სომხეთში

საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის პრობლემებს კარგად ხედავენ და აკვირდებიან სომხეთიდან.

„ეს კრიზისი ძალიან სამწუხაროა და ეს პრობლემაა სომხეთისთვისაც, რადგან ევროკავშირისკენ სომხეთის გზა საქართველოს გავლით არის შესაძლებელი. თუკი საქართველოს პრობლემები აქვს, ეს ჩვენი პრობლემებიც ხდება... კრიზისს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, მუხრუჭის ეფექტი აქვს სომხეთისთვისაც“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერევნელი პოლიტოლოგი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკისთვის“ თანათავმჯდომარე რუბენ მეგრაბიანი და განმარტავს, რომ “სათუოა, ევროკავშირს ჰქონდეს ენთუზიაზმი, გააღრმაოს ურთიერთობები სომხეთთან, თუკი სომხეთი მარტო იქნება ამ მხრივ რეგიონში”.

“მართალია, სავაჭრო ურთიერთობები შესაძლებელია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის გავლით, მაგრამ პოლიტიკურად და ფასეულობების თვალსაზრისით, ჩვენ ერთ მოედანზე ვხედავთ სომხეთს და საქართველოს”, - მეგრაბიანი იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი შეძლებენ დღევანდელი კრიზისის დაძლევას და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ორი მეგობარი ქვეყანა "ერთად შეძლებს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლელ პარტნიორებთან“.

გახშირებული ვიზიტები

სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ყოველთვის ინტენსიური იყო და სულ პირველადაც, 2018 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

ბოლო წლებში მაღალი დონის სტუმარმასპინძლობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა, ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალი დონის ვიზიტების შეჩერების ფონზე.

  • 2025 წლის იანვარში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის დელეგაცია სტუმრობდა სომხეთს; უფრო ადრე ჩავიდა მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ცალკე შეხვდა არარატ მირზოიანსაც;
  • 2025 წლის მარტში ირაკლი კობახიძე ისევ ჩავიდა სომხეთში და შეხვდა ნიკოლ ფაშინიანს;
  • 2025 წლის აპრილში სომხეთს სტუმრობდა უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი; ნიკოლ ფაშინიანის გარდა, შეხვდა მასთან დაპირისპირებულ პატრიარქსაც;
  • 2025 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, მათ შორის მარტშიც. იყო ასევე ოქტომბერში - „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე;
  • 2025 წლის ნოემბერში არარატ მირზოიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.


14 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ მალე საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG