კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორს, რუსეთის, აღმოსავლეთ და ევრაზიის კვლევითი ცენტრის დირექტორ ერიკ სკოტს, ალბათ, შეეძლო საკვლევ თემად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი ქვეყნის დიასპორა აერჩია და წიგნიც მათზე დაეწერა, თუმცა მან ყურადღება ქართველებზე შეაჩერა.
“ქართველები იყვნენ მრავალეთნიკური საბჭოთა იმპერიის ყველაზე ნაცნობი უცხოები. ისინი კავკასიაში მდებარე თავიანთ რესპუბლიკას გასცდნენ და მოსკოვში იმპერიული ძალაუფლება მოიპოვეს, მაგრამ მაინც გამორჩეულ ეროვნულ საზოგადოებად რჩებოდნენ", - შენიშნავს ერიკ სკოტი.
რამდენიმე დღით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ ისტორიკოსს რომ ამ არჩევანის მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი პირველად გაუჩნდა 1999 წელს, როცა ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი, მოსკოვში ჩავიდა და პირველად, სწორედ იქ შენიშნა „საქართველოს და ქართველების თვალსაჩინოობა”, რაც მხოლოდ ქართულ რესტორნებში არ იგრძნობოდა.
“მახსოვს, კინოფესტივალს დავესწარი, სადაც თენგიზ აბულაძის ფილმები აჩვენეს”.
მაშინ ახალგაზრდა მკვლევარი პირველად დაფიქრდა საბჭოთა კავშირზე, როგორც “მრავალეთნიკურ პროექტზე”.
ერიკ სკოტი 2001 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა - ჯერ არასამთავრიბო ორგანიზაცია Project Harmony-ში, შემდეგ, 2002 წლიდან 2004 წლამდე, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას იკვლევდა.
ამ დროს უკვე იცოდა, რომ კავკასიისა და კონკრეტულად, საქართველოს შესწავლა სურდა. ნელ-ნელა საკვლევი თემაც გამოიკვეთა - ქართული დიასპორა საბჭოთა იმპერიაში, რამაც საბოლოოდ ერთ წიგნში მოიყარა თავი.
"ნაცნობი უცხოები" ქართულად ახლახანს გამოსცა გამომცემლობა "ზიარმა" - ქეთი ქანთარიას თარგმანით.
„ეს არ არის წიგნი საბჭოთა საქართველოზე, ეს არის წიგნი იმაზე, როგორ ცხოვრობდნენ თუ იძულებულები იყვნენ ეცხოვრათ ქართველებს ამ ერთობაში, ამ ტერიტორიაზე... ეს არის ამბავი დიასპორაზე, რომელსაც ჰქონდა საკუთარი მიწა იმპერიის შემადგენლობაში.
მათ ეჭირათ მართლაც უნიკალური პოზიცია - შეეძლოთ ხაზგასმა საკუთარ უცხოობაზე, უცნაურობაზე, რადგან მათ ჰქონდათ სამშობლო - საბჭოთა საზღვრებში და თან, მათი კულტურა იყო ნაცნობი საბჭოთა აუდიტორიისთვის“, - თქვა ავტორმა წიგნის ქართული თარგმანის წარდგენისას.
- ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ ქართველების კვლევის დროს? - ვკითხეთ ერიკ სკოტს.
- კვლევის დასაწყისში ბევრი რამ იყო გასაოცარი. მაგალითად, მოულოდნელად რუსეთის არქივებში დიდი რაოდენობით ქართული დოკუმენტაცია ვნახე, მაგალითად, ბოლშევიკ ქართველებს შორის მიმოწერა, რაც ნახევრად ქართულად და ნახევრად რუსულად იყო დაწერილი. საინტერესო იყო, როგორ იყენებდნენ ხოლმე ისინი ამ მიმოწერებში ისეთ ხელმოწერებს, როგორიც იყო, მაგალითად, “შენი სოსო”… მაშინაც კი, როცა ისინი მძიმე და ძალადობრივი პროექტების განხორციელებას ცდილობდნენ.
გვაინტერესებდა, როგორი იყო ისტორიკოსის პირველი შთაბეჭდილება ქართველებსა და ზოგადად, საბჭოთა კავშირის ქართულ დიასპორაზე საარქივო დოკუმენტების გაცნობის და ქართველებთან პირველი შეხვედრების შემდეგ.
“გააჩნია ვისზე ვლაპარაკობთ. რევოლუციონერთა მიმართ თანაგრძნობა არასოდეს მქონია, თუმცა ვფიქრობდი, რომ ზოგიერთს მართლა სჯეროდა, რომ უკეთეს მომავალს ქმნიდნენ და ამ მიზნისთვის ყველაფერი გამართლებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ხშირად კატასტროფული აღმოჩნდა” - გვიპასუხა ერიკ სკოტმა.
“ქართველები გარკვეულწილად ლათინურ ამერიკაში გადახვეწილ ლიბანელებს ჰგავდნენ, და ბევრი ჰქონდათ საერთო აშშ-ში გადასახლებულ იტალიელ მიგრანტებთან. როგორც ნაცნობ უცხოებს, ამ ჯგუფებს სასაზღვრო სოციალური პოზიციები ეკავათ. თუმცა ძირითადად ქრისტიანულ ქვეყნებში გადასახლებული ქრისტიანები იყვნენ, მათ ჰქონდათ საკუთარი გამორჩეული რელიგიური ტრადიციები ‒ ქართული მართლმადიდებლობა, მრავალი ლიბანელი მიგრანტისთვის მარონიტული კათოლიციზმი, ხოლო ეთნიკურად განსაზღვრული იტალიურ-ამერიკული კათოლიციზმის მიმდევართათვის მათი სალოცავი ადგილები, არქიტექტურულად რომ წააგავდა ან იმეორებდა იტალიური სოფლების ეკლესიებს... საბჭოთა კავშირში ‒ ქართველები (სომხებთან ერთად) იმ ერების უკიდურეს აღმოსავლეთ ზღვარზე სახლობდნენ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც „დასავლური“ და, შესაბამისად, უფრო მოწინავე და ევროპულ ხალხებად აღიქმებოდნენ, ვიდრე მათი აზერბაიჯანელი მეზობლები, რომ არაფერი ვთქვათ შუა აზიის ვითომდა ჩამორჩენილ ერებზე| - ამონარიდი წიგნიდან
ერიკ სკოტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ წიგნზე მუშაობისას, არაერთი ინტერვიუ ჩაწერა იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ თან “სისტემის შიგნით” მუშაობას და თან ხელოვნების შექმნას, გადარჩენას და სხვადასხვა გზით წინსვლას - მომღერლები, მაგალითად მღეროდნენ როგორც ქართულად, ისე რუსულად და ერიკ სკოტის აზრით, ვინც ამას კარგად აკეთებდა, მათ შემოქმედებას საბჭოთა სივრცეშიც აიტაცებდნენ ხოლმე. თან, როგორც “ხარისხიან შემოქმედებას”.
“ეს იყო გზა ეროვნული კულტურის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის პირობებში” - გვპასუხობს ისტორიკოსი, - ქართველები თავიანთ კულტურას, მათ შორის, მუსიკას, ფოლკლორს, თუ სამზარეულოს იყენებებდნენ როგორც პრივილეგიას:
“მათ შეეძლოთ აერჩიათ 100%-იანი წინააღმდეგობა, როგორც ეს 1921 და 1924 წლებში მოხდა ან უბრალოდ დანებებოდნენ და არაფრის შექმნა აღარ მოენდომებინათ. თუმცა მათ აირჩიეს საშუალო გზა - თან მონაწილეობა სისტემაში, მაგრამ ამავე დროს, ორიგინალური რაღაცების შექმნა, რომელიც მათ ამ დახურულ სისტემაში გარკვეულ ავტონომიას აძლევდა.
რაც შეეხება ქართველ ელიტას მოსკოვში, მთავარი გამოწვევა მათთვის, ალბათ, ის იყო, რომ მარტო პატარა კავკასიური ქვეყნის წარმომადგენლებად არ ყოფილიყვნენ აღქმულები და ცდილობდნენ, მონაწილეობა მიეღოთ უფრო დიდ, უნივერსალურ პროექტში” - ეუბნება ერიკ სკოტი რადიო თავისუფლებას.
“რაკი ქართველობის განსხვავებულობა გამოწვეული იყო შედარებით მოწინავე თუ გამორჩეულ, კონკრეტულ ტერიტორიაზე დაფუძნებულ ევროპული ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გამოსული შიდა დიასპორებიც ასევე აღიქმებოდა. მაგრამ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ხელოვანები საბჭოთა სახელმწიფოს მოგვიანებით შეუერთდნენ და მათი ინსტიტუციები ცენტრთან არასოდეს ყოფილა ქართულივით ინტეგრირებული. მაგალითად, ლიტველი მწერლები და მხატვრები ნაკლებად წევრიანდებოდნენ შემოქმედებით გაერთიანებებში, ნაკლებად ფიგურირებდნენ მოსკოვურ ინტელიგენციაში თუ კულტურულ ინსტიტუციებში, ვიდრე მათი ქართველი კოლეგები. ბალტიისპირელი ინტელექტუალები თავიანთივე არჩევანით რჩებოდნენ უცხოებად და დუმილს ინარჩუნებდნენ. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხელოვანები და ინტელექტუალები იმთავითვე მონაწილეობდნენ რევოლუციაში და, გვიანსაბჭოთა პერიოდამდე მაინც, კომფორტულად მუშაობდნენ რუსულ კონტექსტში” - ნაწყვეტი წიგნიდან.
ერიკ სკოტი წერს, რომ თავის დროზე, მოსკოვში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულმა კავკასიელმა რევოლუციონერებმა სტუმართა მიღების გამორჩეული პრაქტიკა დანერგეს.
ეთნიკურმა სტუმრებმა ახალი სახელმწიფოს უზენაესი მასპინძლების როლიც მოირგეს, მოსკოვში დაწყებული დახვეწილი ნადიმები ხშირად აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ხოლოდნაია რეჩკაში, სტალინის სააგარაკო კომპლექსში გრძელდებოდა ხოლმე. სადაც, ავტორის სიტყვებით, შეიქმნა :კავკასიურ-აზნაურული მამულის ატმოსფერო" და ამ ადგილას სტალინთან სადილობა და დასვენება კავკასიელ ბოლშევიკებს "მასთან პოლიტიკურ წვდომას უადვილებდა, რაც წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირის რეგიონული პარტიის სხვა წარმომადგენლებისთვის”.
"ნაცნობი უცხოების" ავტორის სიტყვებით, კავკასიელი ბოლშევიკები, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყვნენ ერთად, ერთმანეთს საერთო ჯგუფურ იდენტობას უდასტურებდნენ.
წიგნში მოთხრობილია, 1926 წელს, ორჯონიკიძის თბილისიდან მოსკოვში დაწინაურებიდან მალევე, როგორ მისწერა მან თავის თანამებრძოლს კავკასიაში - ნესტორ ლაკობას წერილი, სადაც წერდა: „სვი და ისროლე, რამდენიც გაგიხარდება, ცენტრალური საკონტროლო კომისია [მას ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა] ჩვენს ხელშიაო“.
ქართული დიასპორის “გამორჩეულობის” მთელ ამ ამბავში დიდი იყო სტალინის როლი. როგორც ერიკ სკოტიც წერს, ის, რომ ქართველი ბოლშევიკების წინსვლამ საქართველო და მისი ეროვნული კულტურა კიდევ უფრო დააწინაურა, ეს განსაკუთრებით ეხებოდა სტალინს, რადგან სწორდ “მისი პიროვნების კულტმა იგი ყველგანმყოფ და ყოვლისშემძლე ფიგურად აქცია, რომელსაც ქართული აქცენტი ჰქონდა”.
საბჭოეთის ყველა მოქალაქეს ასწავლიდნენ, რომ სტალინი ქართველია და მისი სამშობლოს შესახებ უამბობდნენ, თუმცა სხვა კავკასიური ეთნიკური ჯგუფების შესახებ ცოდნა ზოგადად ნაკლები იყო. ქართველები, შეიძლება ითქვას, კავკასიურ ჯგუფში დომინანტურ ელემენტად იქცნენ. როდესაც საბჭოელები საუბრობდნენ ქართველებზე, რომლებმაც ხელისუფლებაში დაიმკვიდრეს ადგილი, ხშირად სომხებს, აფხაზებს და სხვა კავკასიელ ბოლშევიკებსაც მათ მიათვლიდნენ, „ქართველს“ კი უმთავრეს ეთნიკურ კატეგორიად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად სტალინი იშვიათად სტუმრობდა საქართველოს, რესპუბლიკა მთელ საბჭოთა კავშირში სტალინის სამშობლოდ იყო ცნობილი. ქართული პავილიონი მოსკოვის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, რომელიც 1939 წელს გაიხსნა, სტუმრებს ესალმებოდა წარწერით: „საქართველო ‒ დიადი სტალინის სამშობლო, სტალინის კონსტიტუციის მზის ქვეშ ყვავის“ - ნაწყვეტი წიგნიდან.
ამ კვლევისას, ისტორიკოსისთვის საინტერესო იყო საბჭოეთის ეკონომიკური მხარეც - საერთოდ როგორ მუშაობდა ეს “პროექტი” ეკონომიკურად.
განსაკუთრებით, ის ინდუსტრიები, რაც, როგორც ერიკ სკოტი აღნიშნავს, საქართველოს სსრკ-ის პერიოდში ჰქონდა: ზოგი კორუფციაზე დამოკიდებული, ზოგიც ოფიციალურ ეკონომიკაზე და რა გზითაც შეიქმნა გარკვეული სიმდიდრე, რომელიც მალე აღმოჩნდა კონკრეტული ინდივიდების ხელში:
“საბოლოოდ, კი, ეს მოდელი, ბიზნესის კეთების, სერიოზულად დაუკავშირდა 1990-იან წლებში საქართველოს გაღარიბებას… გარდა ამისა, საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური კოლაფსი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩემთვის მოულოდნელი იყო ისიც, რამდენად ხშირად იკვეთებოდა ამ პროცესებში ძალაუფლების და გავლენის პრობლემა”.
“პირველი მდივნის, მჟავანაძის წლებში კანონგარეშე მეწარმეები განსაკუთრებულად ხილულნი გახდნენ ქართულ საზოგადოებაში ‒ აშენებდნენ ახალ სახლებს, აწყობდნენ ზღვარგადასულ წვეულებებს და საახლობლოში ქველმოქმედებასაც ეწეოდნენ. ზოგ მეწარმეს არაოფიციალური „ცეხები“ ჰქონდა, სადაც იაფი სამომხმარებლო საქონლის საწარმოებლად სახელმწიფო რესურსებს იყენებდნენ. ეს „დელეცები“, ქართულად ‒ „საქმოსნები“, მდიდრდებოდნენ არა მხოლოდ ძირითადი ქართული პროდუქციის გაყიდვით, არამედ იმ ტიპის „ნიშური საქონლის“ მიკვლევითა და წარმოებით, რაშიც, როგორც წესი, „შუამავალი უმცირესობები“ იყვნენ დახელოვნებულები. საქმოსნები ხშირად ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულნი ქარხნებში საშუალო რგოლის მმართველებად, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქარხნების მიერ სამომხმარებლო საქონლის უნებართვო წარმოების პროცესს ხელმძღვანელობდნენ, რომელიც შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში გაჰქონდათ გასაყიდად, ” - ამონარიდი წიგნიდან.
ერიკ სკოტი ქართული სამზარეულოსა და საბჭოთა საშუალო კლასის აღმასვლაში მის როლს იკვლევდა. ის წერს, რომ სუფრის კულტურის განვითარება 1930-იანების შუა წლებში იღებს სათავეს - ეს ის დროა, როცა “ახალმა საბჭოთა საშუალო კლასის მმართველ-მოხელეებმა, შინსახკომის ოფიცრებმა, ინჟინრებმა და პრივილეგირებულმა პროფესიონალებმა უფრო დახვეწილ სამზარეულოს გაუგეს გემოო”.
ერიკ სკოტი წერს, რომ ქართული სუფრის სახელმწიფო პოპულარიზაცია კრემლის დარბაზებში, მაინც სტალინის სუფრით დაიწყო და როგორც ისტორიკოსი შენიშნავს, სტალინისათვის მაამებლობის სურვილმა ქართული საჭმელ-სასმელი ნებისმიერი ელიტური შეკრების აუცილებელ კომპონენტად აქცია:
“სტალინი ელიტარულ სუფრებს მასპინძლობდა, ასახელებდა თავის საყვარელ კერძებს და გარშემომყოფებს კარნახობდა, რა აერჩიათ. თავის მოგონებებში “საზკვების” თავკაცი მიქოიანი იხსენებს, რომ სტალინს უყვარდა კერძების გამოგონება და შემდეგ სპეციალურად ასეთი კერძების შეკვეთა თანამეინახეებისათვის.
მაგალითად, საბჭოეთის ლიდერის შექმნილია კერძი შემდეგი ინგრედიენტებით: ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და ცხვრის ხორცის ნაჭრები ‒ ეს ყველაფერი ირთვებოდა ქინძით. კერძს მან ქართული მდინარის სახელი ‒ „არაგვი“ უწოდა.
მიქოიანი აღიარებდა, რომ საქართველოთი შთაგონებული ეს კერძი მართლაც ძალიან გემრიელი იყო. სტალინთან გამართული ვახშმები, როგორც წესი, ქართული სადღეგრძელოებითა და ზოგჯერ ‒ ქართული სიმღერებითა და ცეკვებით მიმდინარეობდა" - წერს ერიკ სკოტი.
სუფრა და ქართული სამზარეულო არ იყო ერთადერტი რამ, რითიც ქართველებს, ამ “ნაცნობ უცხოებს” თავი მოჰქონდათ და ამის გამო სხვებისგან პრივილეგირებულობის შეგრძნებაც ჰქონდათ. ასეთი იყო, მაგალითად, ქართული სიმღერა ან განსხვავებული ქართული ცეკვებიც.
“იშვიათად, რომ ეროვნულობა ისე ნათლად ყოფილიყო წარმოჩენილი რომელიმე წარმოდგენაში, როგორც წყვილის მიერ შესრულებულ ამ ცეკვაში, რომელსაც „ქართული“ ერქვა”… საბჭოთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში, იმპერიულ პერიოდში შემუშავებული ქართული რეპერტუარი საკავშირო საბჭოური აუდიტორიისთვის დამუშავდა
…საბჭოთა სცენაზე თავის ასე მძლავრად დამკვიდრებით, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები თავიანთი ერის კულტურას თვალსაჩინო ადგილითა და პრესტიჟით უზრუნველყოფდნენ, ანსამბლის წევრებს კი ‒ სათანადო მატერიალური სარგებლით”, - აღნიშნავს ერიკ სკოტი.
- რა გაკვეთილის სწავლა შეუძლია თანამედროვე საქართველოს ამ წიგნიდან? - ვკითხეთ ერიკ სკოტს.
- მე იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ განსჯამდე კი არ მიგვიყვანს (თუმცა კი არანაირი ნოსტალგია არ მაქვს საბჭოთა კავშირის), ის შეიძლება დაგვეხმაროს უფრო თანაგრძნობით მოვეკიდოთ იმ არჩევანს, რომლის წინაშეც თქვენი წინაპრები აღმოჩნდნენ, რადგან ეს ნამდვილად არ ყოფილა შავ-თეთრი ამბავი”.
ერიკ სკოტის, როგორც ისტორიკოსოს კვლევა საქართველოზე აქცენტით ამ წიგნით არ დასრულებულა - მისი მეორე წიგნი საბჭოთა კავშირში უკანონო მიგრაციას ეხება და მასში ბევრი ამბავია ადამიანებზე, რომლებიც საქართველოდან გადადიოდნენ შავ ზღვაზე ან თურქეთის საზღვარზე.
ისტორიკოსის ახალი, მესამე წიგნიც საბჭოთა კავშირის დაშლას შეეხება - ოღონდ სპორტის პერსპექტივიდან. და საქართველო, მისთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ისევ ფოკუსშია, „რადგან იმ დროს არსებობდა მრავალეთნიკური სპორტული იმპერია, რომელშიც ქართველები ძალიან გამორჩეულები იყვნენ და თან, საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ან პირველი, ვინც გამოვიდა საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციიდან.... ეს არის ჩემი ახალი პროექტი“.
ერიკ სკოტს აზრი ვკითხეთ ბოლო წლებში საქართველოს არქივებზე წვდომის შეზღუდვაზეც, რის გამოც არაერთ ქართველ და უცხოელ მკვლევარს შეექმნა პრობლემა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ თავის დროზე, როცა ამ წიგნს წერდა და არქივებში თავისუფლად მუშაობდა, ვერც კი ხვდებოდა რამდენად უნიკალური იყო ეს შესაძლებლობა.
„ხოლო რაც დღეს ხდება, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ, რომ ხალხი ნამდვილად იმსახურებს საკუთარი ისტორიის ცოდნას - ადგილობრივი, უნიკალური წყაროებოდან. ჩვენ არ შეგვიძლია უკან, დროში დაბრუნება, ის ადამიანები კი, რომლებიც, 30-იან და 40-იან წლებში ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა ცოცხლები აღარ არიან, ამიტომ ამ ისტორიის გასაცოცხლებლად არქივები ერთადერთი გზაა".
- დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ აკვირდებით? რა აზრის ხართ ხელისუფლების პოლიტიკაზე?
- მე ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც აქ ხდება, რადგან ნამდვილად მაღელვებს ეს ქევყანა. მგონია, რომ საქართველოს ხალხს არ ჰყავს ის მთავრობა, როგორსაც ის იმსახურებს. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემმა ქვეყანამაც აარიდა თავი საერთაშორისო ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების დიდ ნაწილს. იმედი მაქვს, რომ ეს ისტორიის დროებითი მომენტია და არა ხანგრძლივი ტენდენციის დასაწყისი. ჩემი აზრით, ყველას ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ რაღაცეები გამოვასწოროთ. სასოწარკვეთის დრო ახლა არ არის.