“ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი”, ქართველი ფემინისტი პოეტისა და მწერლის, საფო მგელაძის ყველაზე ღია და თამამი ტექსტი, პირველად 1990-იანი წლების დასაწყისში ლიტერატურულ ჟურნალ “განთიადში” დაიბეჭდა. წიგნად კი მხოლოდ ახლა გამოიცა და მკითხველი ამ, სულ სხვა საფოს, სწორედ ახლა გაიცნობს.
“ჩემი ცხოვრების ნამდვილ ამბავში” საფო მგელაძე 1920-იანი და 1930-იანი წლების ლიტერატურულ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ჰყვება. იმ სირთულეებზეც, რომლებსაც ადამიანი და ამ შემთხვევაში ქალი ავტორი აწყდება რეპრესიულ სახელმწიფოში.
“როდესაც იქნება წაიკითხავენ ამ წიგნებს, ამ დღიურებს, ამ წერილებს, ამ ლექსებს. ათასში ერთი მაინც გამიგებს და იტყვის მართალი ადამიანი უსამართლოდ დაღუპულა და კვლავ ასეთი რამ აღარ განმეორდესო”, - წერს საფო მგელაძე.
ეს წიგნი, რომელიც ახლახან გამოსცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ, ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიების სერიით, გენდერის პროგრამის კოორდინატორის, თათა ბურდულის სიტყვებით, კიდევ ერთი მცდელობაა, პასუხი გაეცეს, ალბათ, მარადიულ კითხვას, “სად არიან ქალები ლიტერატურაში”.
“ლიტერატურული გაზეთის” რედაქციაში ჩემს მიერ მიტანილი მასალები ან იკარგებოდა, ან არ იბეჭდებოდა. 1933 წელს რედაქციამ მწერალ ქალებს სთხოვა მასალები და სურათები 8 მარტთან დაკავშირებით და არც ერთი ჩვენს მიერ წარდგენილი მასალა არ დაიბეჭდა. მე სურათის დაბრუნება მოვითხოვე. სურათი დაიკარგა, - მეუბნება მდივანი. (ამონარიდი “ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბიდან”)
“ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” განსხვავდება იმ სტილის მემუარებისგან, როგორებსაც წერდნენ 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში უკვე ხანში შესული, “კონიუნქტურას საბოლოოდ დამორჩილებული ფემინისტი მწერლები” მარიამ გარიყული, ლიდია მეგრელიძე, ბაბილინა ხოსიტაშვილი, - ამბობს წიგნის რედაქტორი, მწერალი და ფემინიზმის ისტორიის მკვლევარი თამთა მელაშვილი.
მისი აზრით, ეს არის ფემინისტური ტექსტი, რომელშიც ავტორი თავად ირჩევს მოჰყვეს თავის ამბავს. რომელშიც “ბრაზი, მრისხანება, სასოწარკვეთა და ტკივილი პირდაპირ ხელისგულზე დევს” და რომლითაც საფო მგელაძე “უპირისპირდება პატრიარქატს და ტოტალიტარიზმს და რაც მთავარია, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირს”.
“არიან მწერლები, რომლებიც დამშვიდებული გულით სხდებიან მაგიდასთან და ისე აცხობენ წიგნს, როგორც აცხობს პურს მეპურე, მე ასე არ შემიძლია. თვითოეულ ჩემს სიტყვას ჩემი ძარღვის თვითოეული ძაფი გრძნობს და ხან ისე მოაწვება ყელს ეს ნიაღვარი, ისე ამავსებს და ისე გადმოდის, რომ მე ძლივს ვასწრებ იმის ქაღალდზე გადატანას, ასე მგონია, რომ თვითონ დამაღრჩობს ეს განცდა, ვიღვრები სიტყვებად... რისთვის?! რატომ?! რა საჭიროა ეს, მაინც არავინ ხედავს ამგვარ თავდადებას, ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ეს თავი მაინც ჯიუტობს და მაინც ყველაფერს ისე მაკეთებინებს, როგორც მას მოესურვება”. (ამონარიდი “ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბიდან”)
საფო მგელაძის პირველი ლექსები 1915 წლიდან იბეჭდება მაშინდელ პერიოდიკაში.
1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში კი მისი სახელი ქუთაისში გამომავალი ფემინისტური გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისას“ ფურცლებზეც გამოჩნდა. ამ გამოცემას რედაქტორობდა კატო მიქელაძე და მან ერთ-ერთმა პირველმა დაუთმო ახალგაზრდა საფოს თავისი გაზეთის სივრცე.
კატო მიქელაძის და საფო მგელაძის მეგობრობა ცალკე მოსაყოლი ამბავია - თამთა მელაშვილი წერს, რომ კატო მუდმივად ზრუნავდა საფოზე, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა ხოლმე და ამას „ჩემი ცხოვრების ნამდვილ ამბავშიც“ ამოიკითხავთ.
„ისპანკით“ დაავადებულ საფოს სწორედ კატომ მოუარა და მისი და ექიმის ერთობლივი ძალისხმევით, საფო მაშინ სიკვდილს გადაურჩა.
გურიიდან თბილისში საფო მგელაძე 1922 წელს გადასახლდა. დედაქალაქში მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი და დინამიკური ლიტერატურული პროცესები მიდიოდა და „ლიტერატურა ჯერ კიდევ არ გადაქცეულიყო საბჭოთა პროპაგანდის რუპორად და რეჟიმის ტყვედ“.
იმ პერიოდში იწერება საფო მგელაძის „ლიანა ლორდია“ - მისი ყველაზე ცნობილი რომანი დრამატული თავგადასავლით. ეს რომანი დასაბეჭდად მზად იყო, თუმცა რედაქციაში მიმავალს, ტექსტის ხელნაწერი საფოს ჯიბიდან ამოაცალეს და ავტორმა ის ხელახლა დაწერა...
ცალკე წიგნად ამ რომანის გამოქვეყნება 1928 წლამდე ვერ მოხერხდა. მეორედ გამოცემაზე კი საერთოდ უარი უთხრეს.
საფო წერას მაინც განაგრძობდა. „ლიანა ლორდიას“ მოჰყვა რომანი „ქარიშხლის ფრთებზე“, შემდეგ რომანი „გზადაგზა“, რომლის პირველი ორი ნაწილი ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა, მესამე ნაწილი კი უგზო-უკვალოდ დაიკარგა.
„საფო ვერაფრით მოთავსდა პარტიული მწერლობის კონიუნქტურაში, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ბოლშევიზმის ქალთა ემანსიპაციის იდეისა სჯეროდა. ძალიან მალე გახდა ნათელი, რომ სახელმწიფოსგან მართული ემანსიპაცია სინამდვილეში ბუტაფორია იყო და მზარდი ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურში ქალები უნდა ჩამდგარიყვნენ წინასწარგაწერილი როლებით - თუ სისტემა მათ ვერ გუობდა, ხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაეკმინდათ“, - წერს თამთა მელაშვილი წიგნის შესავალ წერილში.
„საუკეთესო ლექსები დაუბეჭდავი ყრია, ჩემი უკეთესი რომანი “გზადაგზა”, რომლისთვისაც ვიბრძოლე ხუთი წლის განმავლობაში, ისევ ისე დევს ჩემს კარადაში. არც პროზაზე და არც ლექსებზე მუშაობა აღარ მსურს. რისთვის? ვეკითხები ჩემს თავს ისე შევყურებ ჩემი საწერი მაგიდის უჯრებს, როგორც შეჰყურებს ჭირისუფალი კუბოს, რომელშიც ძვირფასი მიცვალებული უსვენია”. (ამონარიდი „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბიდან“)
თამთა მელაშვილმა საფო მგელაძის ამ ტექსტის შესახებ პირველად ლიტერატურის კრიტიკოსის, ნონა კუპრეიშვილის კრებულ “საშიშ ინტერპრეტაციებში” გამოქვეყნებული სტატიიდან, “საფოს ვნებანიდან” შეიტყო და 1990-იან წლებში გამოცემულ ჟურნალ “განთიადის” ნომრებში ტექსტის ძებნა დაიწყო (მაშინ ამ ტექსტის გამოქვეყნების ინიციატორი მწერალი და ჟურნალისტი ნარგიზა მგელაძე იყო).
საფოს ამ ტექსტის წაკითხვამ თამთასაც სხვა, ახალი და ნამდვილი საფო მგელაძე გააცნო - საფო, რომელიც გაუთავებლად დადის ერთი ინსტიტუციიდან მეორეში, მეორიდან მესამეში და ასე უსასრულოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ტექსტებმა დღის სინათლე ნახონ.
“მაშინდელ მწერალთა სახლზე ერთგან წერს კიდეც, ქალი ხელოვნების სასახლის გერია, მწერალი მამაკაცი კი ნამდვილი შვილიო”.
ერთი საუკუნის შემდეგ, ამ წიგნმა მის რედაქტორს დღევანდელ რეალობასთან ბევრი ნაცნობი პარალელიც გაავლებინა - მისი აზრით, ეს წიგნი კარგად ხსნის ტოტალიტარიზმის ლოგიკას და იმასაც, თუ რა იარაღს იყენებს ის არა მხოლოდ შემოქმედი ადამიანების, არამედ ზოგადად, ადამიანების წინააღმდეგ.
„ეს იარაღი - გულგრილობაა. საფო, რეალურად, რეპრესიებს შეეწირა, ოღონდ მისი დასჯის მექანიზმი სწორედ გულგრილობა იყო, რომელსაც სისტემა ძალიან კარგად იყენებს ქალების მიმართ. თუ დავაკვირდებით, დღესაც, ეს არის რეჟიმების იარაღი“.
“საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ათი მწერალი ქალი ცხოვრობს. ზოგი მათგანი მოხუცდა კიდეც. საქართველოში მილიონი ქალი ცხოვრობს კეთილი ცხოვრებით, კარგი სამსახური, მშვენიერი ბინა, საკმაო ფული, მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში და ხალისიანი ცხოვრება. აღარ ვიცი, რა დააშავეს იმ ერთეულმა ქალებმა, რომლებიც დაიბადნენ შემოქმედებითი ნიჭით და რომლებსაც არა აქვთ სამსახური, არც ხეირიანი ბინა… ნიჭიერი ქალი - განდეგილი, გარდაიცვალა გულის ავადმყოფობით. მიმართა მწერალთა სახლს, აღმოეჩინათ მისთვის დახმარება, მაგრამ კავშირი ჩვეული სიტყვით დაუხვდა ამ ამბავს, ფული არა გვაქვსო. როდესაც დაეცა და მოკვდა, დატრიალდა დამკრალავი კომისია, დასამარხად ხუთასი მანეთი გადადეს. ეს ხუთასი მანეთი ხუთჯერ წაიყვანდა მას შავი ზღვის ნაპირზე და თხუთმეტ წელზე მეტს იცოცხლებდა. ასე ზრუნავს საქართველოს მწერალთა კავშირი თავის წევრებზე”. (ამონარიდი „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბიდან“)
საფო მგელაძის ეს წიგნი იწერება იმ დროს, - გვიამბობს ლიტერატურის კრიტიკოსი ნონა კუპრეიშვილი, - როცა 1929 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ კულტურისთვისაც მოიცალა. პირველი “ლიტერატურული ზარი” ლიტერატურული დაჯგუფებების აკრძალვა იყო. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ სრულიად ახალი ტიპის ხელწერა - სოციალისტური რეალიზმი - უნდა დამკვიდრებულიყო.
რა ხდებოდა ამ დროს საფო მგელაძის თავს? ნონა კუპრეიშვილი შენიშნავს, რომ მწერალი ცდილობდა, როგორმე ერთმანეთთან მოერიგებინა მარქსიზმი და ეგზისტენციალიზმი, რაც თავისთავად წარმოუდგენელი რამ იყო. მაგრამ საფო მგელაძეს ჯერ კიდევ სჯეროდა თანასწორობის და სამართლიანობისა. თუმცა როცა ფასადურობა აშკარა გახდა და დაინახა, რომ ქალისგან ქალობას კი არა, გმირობას მოითხოვდნენ, რასაც, საფოს აზრით, არანაირი კავშირი არ ჰქონდა პიროვნების თავისუფლებასთან, ის პროტესტს იწყებს. ამაზე წერს, ამაზე ღიად წუხს.
“ეს რომ ასე არ იყოს, ისიც გაჩუმდებოდა და როგორც მარიჯანი გადავიდა საბავშვო ლიტერატურაში, ისე გადავიდოდა საფო სხვა ჟანრშიც. მაგრამ საფოს მაქსიმალიზმი იყო პიროვნების მაქსიმალიზმი. ვისთვის უნდა დაეწერა მას ასეთი წიგნები? მაშინ ასეთი წიგნები არავის სჭირდებოდა… მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულმა ერთ-ერთმა რევოლუციონერმა ქალმა უთხრა კიდეც საფოს, ვის რაში აინტერესებს, თქვენ რას გრძნობთ თქვენს ოთახშიო და ეს თითქოს უბრალოდ ფრაზა განსაზღვრავდა კიდეც ბოლშევიკური სისტემის დამოკიდებულებას ნამდვილ მწერლობასთან”, - გვეუბნება ნონა კუპრეიშვილი.
აი, რას ამბობს საფო მგელაძე თავის სიტყვაში, რომელიც 1934 წელს მწერალთა კავშირის პლენუმზე წარმოთქვა: “რა აზრისანი არიან ჩვენი კრიტიკოსები ქალთა შემოქმედების შესახებ? ეს მე არ ვიცი და არც არავინ იცის. გამოვიდა წიგნები რადიანის, ბუაჩიძის, მელაძის, ფურცლავთ ამ წიგნს და და ხვდებით თითქმის ყველა მამაკაცის სახელს, ამ ფურცლებზე არა ჩანს არც ერთი ქალი. ისინი ქალებზე ლაპარაკს არ კადრულობენ. იყო ასეთი შემთხვევა, ოთხმოცდახუთი წლის ეკატერინე გაბაშვილი მოდის ხელოვნების სასახლეში (იგულისხმება მაშინდელი მწერალთა კავშირის შენობა, დღევანდელი მწერალთა სახლი), მაწვდის “ლიტერატურულ გაზეთს” და ასე მეუბნება: “საფო, გეთაყვა, მომინახე ამ გაზეთში წერილი ჩემი წიგნის შესახებ, დამპირდნენ, რომ ამ ნომერში გაუშვებდნენ”. ბევრი ვეძიე, მაგრამ დაპირებული წერილი ვერ აღმოვაჩინე”…
საფო 1936 წელს გარდაიცვალა, თუმცა ნონა კუპრეიშვილი ფიქრობს, რომ 1937 წელი არც მას არ ასცდებოდა, რადგან ყველაფერი ე.წ. “რომაული გაზონის პრინციპით” იკრიჭებოდა - თუ თავს ამოყოფდი, აუცილებლად გადაგჭრიდნენ, რადგან ყველა უნდა ყოფილიყო ერთნაირი. საფო კი თამამად სვამდა კითხვებს.
კიდევ როგორი იყო საფოს ცხოვრების ნამდვილი ამბავი?
არა მწერალ, არამედ „სახლის საფოს“, როგორც დედას და ბებიას, დღეს მწერლის შვილიშვილი, სოფიკო ცაბაძე იხსენებს - თავად ვერ მოესწრო, თუმცა ყველა ამბავი დედისგან, შუშანა მგელაძისგან აქვს მოსმენილი.
სოფიკო ცაბაძისგან ვიგებთ, რომ გურიიდან თბილისში წამოსული საფო, შვილებთან ერთად, ერთხანს რუსთაველზე, კატო მიქელაძის სახლში ცხოვრობდა - სესილია თაყაიშვილის, ვასო გოძიაშვილის მეზობლად - ამ წლებს ის დიდი აღფრთოვანებით იხსენებდა.
საფო მგელაძისთვის (რომელიც თავად გვარად გიგინეიშვილი იყო) მის ქმარს, ვლადიმერ მგელაძეს, გაკულაკებამდე უყიდია “სამუშაო ბინა” სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წერა რომ შესძლებოდა.
მოგვიანებით საფო წერდა მეუღლეზე: “იგი გრძნობდა ჩემს მისწრაფებას პოეზიისადმი და არ მზღუდავდაო”. თუმცა ამავე ტექსტში ჩანს სინანული იმაზეც, თუ როგორ ოცნებობდა პატარა გოგო იტალიის ალპების ნახვაზე, რაც ვერ აისრულა, რადგან 18 წლისა გაათხოვეს 45 წლის კაცზე.
“მე მასში პატიოსანი კაცი აღმოვაჩინე, მაგრამ მარტოდ ეს ცოტა იყო იმ ქალისთვისო”, - წერს საფო მგელაძე.
თუმცა ლერმონტოვის ბინის გამო ქმრის მადლიერი იყო - ეს ბინა შეხვედრების ადგილად იქცა. საფოს სტუმრობდნენ იმ დროის ცნობილი მწერლები და პოეტები, მათ შორის, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, სხვები. მის არქივში კი, სხვა ხელნაწერებთან ერთად, ინახება ლადო ასათიანის წერილებიც.
საფოზე, როგორც მისი შვილიშვილი სოფიკო ცაბაძე გვიამბობს, ზოგიერთი მითიც გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ თითქოს თავდავიწყებით უყვარდა მწერალი გრიგოლ რობაქიძე.
“სინამდვილეში, ისინი მხოლოდ სალმით იცნობდნენ ერთმანეთს. ალბათ, როგორც მე მიყვარს, მაგალითად, შოპენი, ისე უყვარდა ბებიასაც გრიგოლ რობაქიძე. ისე, მის წიგნში გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილი ისეთი ლექსია შესული, ნამდვილად რომ არ ვიცოდეთ რა ხდებოდა, შეიძლება მეც მეფიქრა”.
საფო მგელაძე 1936 წელს გარდაიცვალა. ის ორმოცდაორი წლისა იყო. „ლიტერატურულმა საქართველომ“ - საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის გაზეთმა - მასზე მშრალი, ორსიტყვიანი ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მწერალი „ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“.
სინამდვილეში, საფოს გარდაცვალების მიზეზი მისი ავადმყოფობა არ გამხდარა - გურიაში ყოფნისას ის ცხენიდან გადმოვარდა, დაზიანდა, რის შემდეგაც მაშინდელ არამიანცის საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია - უნარკოზოდ. არც მისი ნახვის უფლება არ მისცეს ვინმეს. ხოლო როცა კატო მიქელაძე საფოს სანახავად შეუშვეს, ის უკვე პროზექტურაში ესვენა.
საფოს სიკვდილზე, როგორც თამთა მელაშვილიც შენიშნავს, ყველა საბჭოთა ბიოგრაფი დუმდა.
ისევე, როგორც დიდხანს დუმდნენ საფოს “ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავზე”, ტექსტზე, რომელიც მხოლოდ ერთი მწერალი ქალის ამბავს და განცდებს არ ჰყვება.
როცა კითხვას ასრულებს და წიგნს ხურავ, ხვდები, რომ ის გეხმარება იგრძნო ასი წლის წინანდელი კონტექსტი, რომელსაც ბევრი საერთო აქვს დღევანდელობასთან. ეს ტექსტი, როგორც თამთა მელაშვილმაც თქვა მისი წარდგენისას, "გაძლევს იარაღს მეტი ცოდნით აღსაჭურვად და იმის ამოსაცნობად, როგორ მოქმედებენ ჩვენ წინააღმდეგ რეპრესიული რეჟიმები".