Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბიძინა ითხოვს ამ საქმის ასე გადაწყვეტას” - ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ "კლანის" ზეწოლამ სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა


უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე "კლანის" მხრიდან ძლიერ ზეწოლასა და გაუსაძლის განცდებზე ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც 2022 წელს არის ჩაწერილი და 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე "კლანის" მხრიდან ძლიერ ზეწოლასა და გაუსაძლის განცდებზე ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც 2022 წელს არის ჩაწერილი და 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მოკლედ

  • ბესარიონ ალავიძემ, ყოფილმა მოსამართლემ, ვიდეოინტერვიუში სასამართლო სისტემაში ზეწოლისა და კორუფციის შემთხვევებზე ისაუბრა.
  • მისი ბრალდებები უარყვეს ყოფილმა კოლეგებმა, რომლებიც მას "განაწყენებული", "სერიული მატყუარა" და "თვალთმაქცი" უწოდეს.
  • ალავიძე ადრეც ადანაშაულებდა ე.წ. კლანს. მისი მონათხრობი საერთაშორისო სანქციების ერთ-ერთი საფუძველიც გახდა. გამოძიება საქართველოში არავის დაუწყია.

ქუჩური გარჩევები, შეურაცხყოფა, ზეწოლა, მუქარა და შედეგი - ფიქრები საჯარო თვითმკვლელობაზე; უზენაესი სასამართლოს ყოფილი  მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის ზეწოლაზე ლაპარაკობს.

3 წლის წინანდელი ვიდეოს გამოქვეყნება უსაფრთხოდ ახლა ჩაითვალა. ამჟამად ალავიძე ემიგრაციაშია, სავარაუდოდ - ევროპაში. კონკრეტული ქვეყანა არ სახელდება.

რას ჰყვება ბესარიონ ალავიძე?

ყოფილი მოსამართლე ჰყვება, თუ რა ხერხებითა და წნეხით აიძულებდა “სასამართლოს კლანი” “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას - ზოგჯერ, საქმის დეტალების გაცნობის გარეშეც.

ორსაათნახევრიანი ჩანაწერი “მეტალურგიული ქარხნის”, “რუსთავი 2”-ის”, “თბილავიამშენისა” და სხვა გახმაურებულ საქმეებს შეეხება.

ალავიძე ახსენებს დასავლეთის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს, რომლებსაც “კლანის” ლიდერებად, წლების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორიც ხშირად ასახელებდა. თავად ისინი კი კატეგორიულად უარყოფდნენ.

“ბიძინა ითხოვს ამ საქმის ასე გადაწყვეტას” – ყოფილი მოსამართლე იხსენებს კოლეგებისგან მოსმენილ მსგავს წინადადებებს, სხვადასხვა დროს - სამსახურში თუ კაფეებში შეხვედრისას. ამბობს, რომ კოლეგებისგან, ყველაფრის დაკარგვის მუქარების გარდა, ზოგჯერ სამომავლოდ დაწინაურების დაპირებებსაც ისმენდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ალავიძე იხსენებს 2014 წელს, თუ როგორ მოუწყვეს მას “ქურდული გარჩევა” - “ქუჩის გარჩევა” ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერი ცერცვაძემ და ვასილ როინიშვილმა.

გაუსაძლისმა მდგომარეობამ, როგორც ამბობს - სასოწარკვეთილებამდე, შემდეგ კი - სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა:

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“.

ერთადერთი გამოსავალი - საქმეების აცილება იყო. „თვითდაზიანება გაიკეთე ან ჩვენ დაგაზიანებთო", "ხელი მოიტეხე, ან ფეხიო” - იხსენებს ალავიძე ასეთ დროს მიღებულ რჩევას და იხსენებს, თუ როგორ დაიგეგმა ამისათვის სრულიად არასაჭირო ქირურგიული ოპერაციაც. ამ გზით ის “მეტალურგიული ქარხნის” საქმეს ჩამოშორდა და საბოლოოდ, ქარხანა პატარკაციშვილების ოჯახს მიაკუთვნეს, როგორც ეს „ქართულ ოცნებას” სურდაო.

ალავიძე ასევე ამბობს, რომ ესმოდა - თუ როგორ ასრულებდნენ მოსამართლეები "შეკვეთილ საქმეებს" ფულისა და დაწინაურების სანაცვლოდ, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებდნენ - სასამართლო სისტემაში ყველაფერს დაკარგავდნენ.

ბრალდებების ადრესატები ამბობენ, რომ ალავიძე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშეა, ტყუის, რადგან განაწყენებულია - რადგან მან კონკურსი ვერ გაიარა და უზენაეს სასამართლოში მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.


ბესარიონ ალავიძე, წარსულში - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომლებმაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილეს და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ალავიძემ სისტემა დატოვა 2021 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში წარუმატებელი მონაწილეობის შემდეგ.

3 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების მცდელობა დაჰკავშირებოდა თავად ბესარიონ ალავიძეს, უშედეგოდ დასრულდა. მან ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

"განაწყენებულია", "ტყუის", "ზღაპრებია"

წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დავალებით “კლანის” ზეწოლის ფაქტებზე ალავიძე, ფრაგმენტულად და პერიოდულად, ელაპარაკებოდა მედიას. მის ბრალდებებს ყოველ ჯერზე უარყოფდნენ ყოფილი კოლეგები და უპასუხეს ახლაც, 2022 წელს ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. გვითხრეს, რომ - თუკი განცხადება გაკეთდება, გამოქვეყნდება კიდეც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს წევრი - დიმიტრი გვრიტიშვილი ალავიძის მონათხრობს - განაწყენებული ადამიანის “უსინდისო ცილისწამებას” უწოდებს.

"არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა", - ამბობს გვრიტიშვილი. მას ექსპერტები ე. წ. სასამართლოს კლანის ნაწილად განიხილავენ.

მსგავსი განცხადებები გააკეთა ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”. ის ამბობს, რომ ალავიძის - “განაწყენებული ადამიანის” - მონათხრობი “სასაცილოა” და ყურადღების მიქცევაც კი არ ღირს.

“თუ რაიმე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს… 12-13 წელია საერთოდ არ მქონია მასთან [ალავიძესთან] კონტაქტი… ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება… არჩევნები რომ არის, დაგჭირდათ და შესაბამისად, ეს თემა წამოსწიეთ”, - მურუსიძემ თქვა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში სასამართლო გათავისუფლდა.

“ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ“, - ეს უკვე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის სიტყვებია, პასუხად „ტვ პირველის“ სატელეფონო ზარზე.

გვენეტაძეს ალავიძე სასამართლოსა და ივანიშვილს შორის შუამავლად მოიხსენიებს. „არ მაინტერესებს არაფერი, მინდა მშვიდად გადავიტანო ეს დასვენების დღე…ბესო ალავიძეს ჰკითხეთ, იტყუება თუ არა. წყნარად იყავით და ნუ მომიშლით ნერვებს. რა „რუსთავი 2“-ის საქმე… რა ალავიძე“, – თქვა გვენეტაძემ.

რადიო თავისუფლებას თავად დაუკავშირდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე, რომელსაც ბესარიონ ალავიძე “თბილავიამშენის” საქმესთან დაკავშირებით ახსენებს - “რასაც ეტყვიან”, იმის შემსრულებელიაო, არაკომპეტენტურიაო. ამბობს, რომ კაკაბაძემ “თბილავიამშენის” საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა, ისე, რომ თითქოს არც კი წაუკითხავს.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ალავიძის მონათხრობი ბევრ უზუსტობასაც მოიცავს. მაგალითად - "თბილავიამშენის" საქმის განხილვაში ის, როგორც გვეუბნება, არა სააპელაციო სასამართლოში, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა - კოლეგიის რიგითი წევრის რანგში.

“ნეობოლშევიკი”, “თვალთმაქცი”, “სერიული მატყუარა”, "საპნის ოპერის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი”, “ერთუჯრედიანი”, "ზოოლოგიურად მხდალი ადამიანი”, “არარაობა” - ყველა ამ ეპითეტს ვლადიმერ კაკაბაძე ბესარიონ ალავიძეს უძღვნის და ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასაც - როცა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაკაბაძის სარჩელი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლის, ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღმდეგ. იმ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე იყო.

“ამდენი ნეგატივი თუ ჰქონდა ჩემს მიმართ, თუკი თვლიდა, რომ მე ვარ ყველაფერზე ხელის მომწერი - მეტს კი არაფერს მაბრალებდა ფადი ასლი… ახლა რომ ანგელოზის ფრთები გამოისხა, სად არის მისი ობიექტურობა?! რატომ არ აიცილა მაშინ ის საქმე, თუკი ჩემს მიმართ ამდენი ნეგატივი ჰქონდა”, - ვლადიმერ კაკაბაძეს უჩნდება ეჭვი, რომ მაშინ ალავიძემ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება “წინასწარ განზრახვებიდან გამომდინარე გამოიტანა” და თავისუფლად შესაძლებელია, რომ მისი “აღიარებითი ჩვენება” წლების წინანდელი დავის თავიდან დაწყების საფუძველიც გახდეს.

ალავიძის ინტერვიუს გამოქვეყნება “ჰიბრიდული თავდასხმის ნაწილად” შეაფასა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 3 ოქტომბერს და დაამატა, რომ - ჩანაწერი ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელმა გაავრცელა.

„ეს არის ჩვეულებრივი, ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოზე ჰიბრიდული მეთოდებით. ამ უბედურებაში, როდესაც ვუყურებთ ჩვენს თვალწინ როგორ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, გარკვეული სარგებელიც არის, ვინაიდან ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ვიხილოთ და გამოვააშკარაოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ”, - პაპუაშვილის თქმით, ალავიძის საუბრიდან “ნახევარს ვერავინ იგებს”.

რისთვის ჩაწერეს ალავიძე 2022 წელს?

3 წლის წინ ჩაწერილი ვიდეოინტერვიუ 2 ოქტომბერს კახა წიქარიშვილმა გამოაქვეყნა - იურისტმა, რომელიც წარსულში, არასამთავრობო სექტორში მუშაობისას, ხშირად ლაპარაკობდა სასამართლოში კლანის არსებობაზე, მიკერძოებასა და უსამართლობაზე. უფრო ადრე კი, თავადაც იყო სასამართლო სისტემის ნაწილი და 2016 წელს, მცირე ხნით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის თანაშემწედაც მუშაობდა.

წიქარიშვილი გვეუბნება, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციაში აღარ მუშაობს.

“აუცილებელი იყო ამ ინტერვიუს ჩაწერა [ალავიძესთან] და შენახვა - უსაფრთხოების მიზნით, მეხსიერების მიზნით; არ უნდა დაკარგულიყო ეს ძვირფასი ინფორმაცია და უსაფრთხოების გარანტიაც იქნებოდა მისთვის, რომ სადღაც ინახება ეს ჩანაწერი. ბესო ალავიძე დაგვეთანხმა ამ ინტერვიუზე [2022 წელს], მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ჩვენ ამას ვერ გამოვაქვეყნებდით. როცა ქვეყნიდან გავიდა, ჩანაწერის გამოქვეყნება უკვე შესაძლებელი იყო. მე არ ვიცი, როდის და რა გზით გავიდა ქვეყნიდან”, - კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ინტერვიუს ჩაწერამდე, ბესარიონ ალავიძისგან ეს ამბები სხვადასხვა შეხვედრაზე ჰქონდა მოსმენილი, მათ შორის - შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთანაც.

წიქარიშვილი აღნიშნავს ასევე, რომ - სწორედ ალავიძის მონათხრობი წარმოადგენდა მოსამართლეთა საერთაშორისო სანქცირების ერთ-ერთ საფუძველს; თუმცა საერთაშორისო პარტნიორებსაც და მასაც მსგავსი ისტორიები, ალავიძის გარდა, სხვა მოსამართლეებისგანაც სმენიათ.




  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG