მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების გეგმაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება – ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბრიუსელიდან ჩართვისას: „ყველა, ვინც რამეს წარმოადგენს, დაწყებული იულია ტიმოშენკოთი და გრიცენკოთი, რომელიც ძალიან პოპულარული პოლიტიკოსია. ლვოვის მერმა განაცხადა, რომ მისი გაერთიანება დაგვხვდება საზღვარზე და თვითონ ლვოვში მელოდება. ძალიან ბევრი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ხალხი აპირებს მოსვლას. ასევე ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე, დნეპროპეტროვსკიდან. ჩამოდის რამდენიმე ასეული ფერმერი, თავისი ტრანსპორტით“, – იუწყება მიხეილ სააკაშვილი. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში ჩართვისას საზოგადოებას გააცნო უკრაინაში დაბრუნების გეგმა და თქვა, რომ ის 10 სექტემბერს აპირებს ქვეყანაში შესვლას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს 26 ივლისს ჩამოართვა ორი წლის წინ მიღებული მოქალაქეობა.