პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“წარმომადგენლებს ელიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს, 16 აგვისტოს „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებთან განაგრძობს. პლატფორმა 100-ზე მეტ
ორგანიზაციას აერთიანებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ორი კვირაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის შესარჩევად იურიდიულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა. პოსტის დატოვების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10
წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს
თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინებით.