ICAO ადასტურებს, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია

საქართველომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მიმართა, სათანადოდ შეაფასოს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, ოლუმუივა ბენარდ ალიუს, გენერალურ მდივანს, ფანგ ლიუს, ICAO-ს დეპარტამენტების დირექტორებს და აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს.

განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელებას.

ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას და უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია, როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათივე განმარტებით, ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებას, რომელიც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.

ICAO-ს განმარტებითვე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთიც შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR, რომლის შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის, ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა შეუძლებელია საქართველოს თანხმობის გარეშე.

ICAO რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში საკითხს არც კი განიხილავს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის შეცვლა მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის განიხილავს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად.

საქართველოს ელჩმა ორგანიზაცის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 90-იანი წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა.

ელჩის განცხადებით, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას, ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობა. შესაბამისად, შეუძლებელია ფრენების და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ელჩმა თხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის უკანონო მცდელობა და მოთხოვონ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას.

ICAO-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ივლისის ბოლოს მოაწერა ხელი რამდენიმე "დადგენილებას," რომელიც სოხუმის აეროპორტის მუშაობას ეხება.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს“ მიენიჭა ერთობლივი ბაზირების სტატუსი, რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. კიდევ ერთი, ე.წ. დადგენილებით, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი და მას რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ.

დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურიზმის და ეკონომიკური კავშირების განვითარებას.