ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ ირანს სურს იხილოს "მოქმედება და არა სიტყვები" 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერთა მხრიდან - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ შესაძლოა დაუბრუნდეს ხელშეკრულებას, რომლიდანაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოიყვანა.
"ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ლამაზი სიტყვა და დაპირება, რომლებიც პრაქტიკაში ირღვეოდა და საპირისპირო ნაბიჯები ხორციელდებოდა. სიტყვები და დაპირებები არაფერს ნიშნავს. ამჯერად [გვსურს] მხოლოდ მოქმედება მეორე მხარისგან და შემდეგ ჩვენც ვიმოქმედებთ", - თქვა ხამენეიმ 17 თებერვალს, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნათქვამი აქვს, რომ ვაშინგტონი დაუბრუნდება ხელშეკრულებას, თუ ჯერ თეირანი განაახლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. თეირანი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.
აშშ-სთან, ჩინეთთან, რუსეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების თავისი პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თეირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის და აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები აღუდგინა, თეირანმაც დაიწყო ხელშეკრულების პირობების თანდათანობითი დარღვევა.