ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბარში საცხოვრებელი 12 ოჯახისთვის განკუთვნილი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავებული არავინ არის. როგორც რადიო თავისუფლებას ისნის გამგეობაში უთხრეს, ავარიულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა.

გამგეობაში რადიო თავისუფლებას, ასევე, უთხრეს, რომ ამ შენობიდან, ავარიულობის გამო, გამგეობამ საკუთარი ხარჯებით ორი ოჯახი ქირით უკვე გადაიყვანა, ერთ შემთხვევაში პროცედურებია დაწყებული, სამი ოჯახი კი მერიის შეთავაზებას არ თანხმდება. მუნიციპალიტეტი თითოეულ ოჯახს 300 ლარს სთავაზობს.

"მაგ თანხად და უფრო ნაკლები ფასითაც კი 220 ოჯახი გვყავს გაყვანილი. ეს არ არის ფუფუნების საგანი, უბრალოდ, ადამიანს რომ უჭირს, სახელმწიფო ეხმარება", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კეთილაძემ, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა

კითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა ეს კორპუსი სარეაბილიტაციო შენობების ჩამონათვალში, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ასე უპასუხა:

"რადგან ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სტატუსი აქვს მინიჭებული, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის - მას სჭირდება სპეციალური ნებართვა, გასარკვევია, ექვემდებარება თუ არა აღდგენას და ა.შ."

იმის გამო, რომ ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იქ მცხოვრებლებს საკუთარი ხარჯებითაც კი, სპეციალური ნებართვის გარეშე, შენობის გამაგრება არ შეუძლიათ.