აშშ-ის საელჩო ცესკოს რეფორმის გაუქმებაზე: "ძირი ეთხრება შეთანხმებულ ძალისხმევას"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმების გამო, რაც საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

„პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. იმისათვის რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მალევე გამოეხმაურა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„მგონი, ეს არ არის სწორი შეფასება. იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს. ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს შეფასება მე არ შემიძლია, შევაფასო როგორც სამართლიანად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.