„მთავარი არხის“ ინფორმაციით, უკრაინაში ჩავიდნენ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარლამენტის წევრები ამავე პარტიიდან - კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე. ტელეარხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.
დღეს, 15 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა.
ასევე ნახეთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრაპარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.
მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.
როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20-კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.