უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 17 ჟურნალისტი და 14 დაიჭრა.
გაეროს ცნობით, ოთხმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მათ დევნიან თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო. მინიმუმ შვიდი ჟურნალისტი დაიღუპა დაბომბვისას, ხუთი მათგანი - დიდი ალბათობით რუსეთის ჯარების იერიშებისას. კიდევ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა აქტიური სამხედრო მოქმედებების რაიონებში. თავდამსხმელთა ვინაობა ყველა შემთხვევაში არ არის დადგენილი. ერთი ჟურნალისტი რუსეთის სამხედროებმა გაიტაცეს და აწამეს. ის გათავისუფლების შემდეგ მალე გარდაიცვალა.
გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულ და დაჭრილ ჟურნალისტთა შორის მინიმუმ ხუთი ქალია. მათ შორისაა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი ვერა ჰირიჩი და რუსი ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა.
გარდა ამისა, გაეროს სამეთვალყურეო მისიამ დააფიქსირა მედიის თანამშრომელთა გატაცების ხუთი შემთხვევა ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. მარტის დამდეგს რუსეთის სამხედროებმა ხერსონის ოლქში დააკავეს ჟურნალისტი, რომელმაც პატიმრობაში რვა დღე გაატარა. მის ახლობლებს არ ატყობინებდნენ, სად იმყოფებდა ის. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
გაერომ ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმიამ მინიმუმ ორჯერ დაუშინა ცეცხლი ჟურნალისტების ავტომობილს. ჟურნალისტები ცდილობდნენ კიევის მახლობლად მდებარე ირპენიდან გასვლას თეთრი დროშითა და წარწერა PRESS-ით.
უკრაინაში ომის დაწყებიდან გაერომ დაადასტურა 4889 სამოქალაქო პირის სიკვდილი, მათ შორის 335 ბავშვია. სახლები დატოვა უკრაინის 8 მილიონმა მოსახლემ. გაერო აღნიშნავს, რომ რეალური რიცხვები ბევრად დიდი შეიძლება იყოს. რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რაოდენობის დოკუმენტაცია გრძელდება.