რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, წუხელ გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა.
ქსენია სობჩაკი ვარაუდობს, რომ დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. თავად მედვედევს, ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს საიტზე უცხო პირების შეღწევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია "ედინაია როსია"-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებულად პროვოკაციული და აგრესიული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა.
ასევე ნახეთ რატომ აიწყვიტა მედვედევმა?2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.