ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა - ევროპული წრეების ანონიმური წარმომადგენელი

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზამ სახელწოდებით „საკი,“ რომელიც დაბა ნოვოფიოდოროვკასთან არის განთავსებული, ავიაციის ნახევარი დაკარგა

ყირიმში, სოფელ ნოვოფიოდოროვკასთან მდებარე სამხედრო აეროდრომ "საკიზე" გასულ კვირაში მომხდარ აფეთქებებს შეეძლო გაენადგურებინა ან მწყობრიდან გამოეყვანა რუსეთის მთელი შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარზე მეტი. ამის შესახებ სააგენტო "რეიტერს" ევროპის ოფიციალურ წრეებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ასეთი დანაკარგის შემდეგ რუსეთის ჯარებს მეტად გაუჭირდებათ ანექსირებული ყირიმიდან საფრთხე შეუქმნან უკრაინის შავი ზღვის ქალაქებს, მაგალითად, ოდესას.

წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინა "კუმულაციურ ეფექტს" აღწევს რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით. ამან შეიძლება არა მხოლოდ შეასუსტოს რუსეთის ჯარების მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე.

მანამდე რუსული ავიაციის დანაკარგები ნოვოფიოდოროვკასთან აფეთქების შედეგად შეაფასა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის თანახმად, განადგურებულია, სულ მცირე, ხუთი სუ-24 და სამი სუ-30 ტიპის ბომბდამშენი.

ასევე ნახეთ

კიდევ ერთმა კომპანიამ გამოაქვეყნა ყირიმში რუსული აეროდრომის სატელიტური სურათები, რომლებშიც განადგურებული თვითმფრინავები ჩანს

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზამ სახელწოდებით „საკი,“ რომელიც დაბა ნოვოფიოდოროვკასთან არის განთავსებული, დაკარგა, სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის SU-30SM საბრძოლო თვითმფრინავები და and SU-24M ბომბდამშენები. ამ დასკვნას აკეთებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი „სქემები“, აფეთქებამდე და შემდგომი ფოტოების შედარების შედეგად.

9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების გარშემო რუსეთი იტყობინება, რომ ერთი პირი დაიღუპა და 14 დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქდა აეროდრომის ტერიტორიაზე შენახული ამუნიცია და რომ არ ყოფილა გარედან თავდასხმა.