წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ უკრაინას გენერატორებს წლის ბოლომდე გაუგზავნიან, ამისთვის კი შესაბამისი შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს. ამ საკითხზე მინისტრმა დღეს, 19 დეკემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრა გენერატორები არ გვქონდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ დავალება გამოგვეყო რესურსები, დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ისინი მიიღებენ ადეკვატურად საჭირო მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს. წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება.

ისე დავგეგმეთ, რომ [გენერატორები] სხვადასხვა სიმძლავრის იყოს და გამოიყენონ როგორც კორპუსებისთვის, ისე კორპუსების ბლოკებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე ნახეთ კასიანოვი: ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს გენერატორები, პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.

ასევე ნახეთ კობახიძე: საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას
ასევე ნახეთ "მამაც უკრაინას ქართველებისგან" - როგორ გაგზავნეს თბილისიდან 300 გენერატორი

პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა მოხალისეობრივად ეწევა ფანდრაიზინგს გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად.