ავტორი: ლუკა პერტაია
ბელარუსის ხელისუფლება უკვე მეორედ ასამართლებს ნობელიანტ უფლებადამცველს, „ნიუ იორკ ტაიმსის“ შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საყრდენს, ალეს ბიალიაცკის. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ბიალიაცკისათვის წაყენებული ბრალდება და მისი სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ ამხელს რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა“, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაამყარა ბელარუსში.
სასამართლო პროცესი
5-6 იანვარი. მინსკი. ლენინის რაიონის სასამართლო. 4 კვადრატული მეტრის ფართობის „გალიაში“ სამი ხელბორკილდადებული ადამიანი ზის. ერთ-ერთი მათგანი არის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. ბელარუსის ხელისუფლების წარდგენილი ბრალდებების გამო, იგი ვერ დაესწრო ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიმართა.
60 წლის ბიალიაცკი ადამიანის უფლებათა ვეტერანი აქტივისტია. მისი დაფუძნებულია „ვიასნა“ („გაზაფხული“), ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც შექმნიდანვე იყო ლუკაშენკას ხელისუფლების სამიზნე.
ბიალიაცკისთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგნენ მისი თანამოაზრეები - ბიალიაცკის მოადგილე, ვალიანცინ სტეფანოვიჩი და კოორდინატორი კამპანიისა „ადამიანის უფლებათა დამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ ვლაძიმირ ლაბკოვიჩი.
ალეს ბიალიაცკისა (მარცხნივ) და მისი თანამოაზრეების სასამართლო პროცესი მინსკში. 2023 წ. 5 იანვარი.
სასამართლო ამავე საქმის ფარგლებში დაუსწრებლად განიხილავს მეოთხე აქტივისტისათვის, ზმიცერ სალაუიოუისთვის წაყენებულ ბრალდებას. იგი ამჟამად საზღვარგარეთ აფარებს თავს.
მათ ბრალად ედებათ „საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ჯგუფური ქმედებების ორგანიზება ან დაფინანსება“ და „გადასახადებისგან თავის არიდება“. უფლებადამცველებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც სხვა არაერთი აქტივისტის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებობს კონსენსუსი, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.
პოლიტიკური პატიმარი
არციომ შრაიბმანი, ბელარუსი პოლიტიკის მეცნიერი და პოლიტიკური კომენტატორი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში შენიშნავს, რომ ბიალიაცკისთვის წაყენებული ბრალდებები, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, პოლიტიკურია:
„საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემა ის არის, რომ ის ქმედებები, რაშიც მას ბრალს უყენებენ, არცერთ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ითვლება დანაშაულად. ბიალიცკისა და მის კოლეგებს ბრალად ედებათ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დახმარება, მათთვის ფულის შეგროვება, მათი ადვოკატებისა თუ სხვა იურიდიული ხარჯების დაფარვა და ჯარიმების გადახდა. ერთი სიტყვით, ბრალად ედებათ პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა. და სინამდვილეში ეს არის ის საქმე, რასაც უფლებადამცველები უნდა აკეთებდნენ. პრობლემა ისაა, რომ ახლანდელი ბელარუსული სახელმწიფო ამას „ექსტრემიზმად“ მიიჩნევს“, - ამბობს შრაიბმანი.
არციობ შრაიბმანი
ბიალიაცკის დაკავება 2020 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციებსა და ადამიანის უფლებებისათვის მის ბრძოლას უკავშირდება. იმ ზაფხულის ბოლოს, როცა ალიაქსანდრ ლუკაშენკას ერთპიროვნული მმართველობის 26 წელი შეუსრულდა, საპრეზიდენტო არჩევნები იყო დანიშნული. წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სვიატლანა ციხანოუსკაიას გამოჩენამ ბელარუსის მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჩინა უკეთესი მომავლისა და დემოკრატიული ტრანზიციის იმედი.
არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკამ ხმების 81%-ზე მეტი მიიღო. თუმცა შედეგებისადმი ძლიერი სკეპტიციზმი არსებობდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლუკაშენკას მმართველობის პირობებში ჩატარებული არცერთი კენჭისყრა არცერთ კვალიფიციურ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ შეუფასებია როგორც „თავისუფალი“ ან „სამართლიანი“. ამასთან, 2020 წლის არჩევნებს ეუთო, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საერთოდ არ აკვირდებოდა.
მასობრივი გაყალბებების თაობაზე ბრალდების ფონზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა ციხანოუსკაიამ გამოაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, მან ხმების 60% მიიღო და ლუკაშენკას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. არჩევნების გამოცხადებული შედეგების წინააღმდეგ დაიწყო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები, - ყველაზე ფართომასშტაბიანი ბელარუსის უახლეს ისტორიაში, - რასაც ლუკაშენკას რეჟიმმა ძალადობრივი დარბევებით უპასუხა. დააკავეს ათასობით დემონსტრანტი. 10-მდე დემონსტრანტი დაიღუპა. „ვიასნის“ ცნობით, დაკავებულთა წამების 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
სვიატლანა ციხანოუსკაია
მას შემდეგ, რაც 2020 წლის 14 აგვისტოს ციხანოუსკაია ხელისუფლების გადაცემის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა, ამ საბჭოში, სხვა არაერთ წევრთან ერთად, ბიალიაცკიც შევიდა.
დაახლოებით ერთი წლის თავზე, 2021 წლის 14 ივლისს, ბიალიაცკი დააპატიმრეს. მაშინვე დააკავეს მისი თანამოაზრეებიც. სასამართლოს პირველი სხდომები მხოლოდ 2023 წლის 5-6 იანვარს ჩატარდა. საქმეს ლენინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მარინა ზაპასნიკი განიხილავს.
ვინ არის ბიალიაცკი?
განათლებით, რუსული და ბელარუსული ენის ფილოლოგი ბიალიაცკი 1962 წელს დაიბადა საბჭოთა კავშირში, რუსეთის კარელიის რესპუბლიკაში, ფინეთის საზღვრის მახლობლად. მისი მშობლები ბელარუსიდან იყვნენ და სამ წელიწადში კარელიიდან დაბრუნდნენ კიდეც საბჭოთა ბელარუსში, გომელის რეგიონში, ქალაქ სვიატლოგორსკში საცხოვრებლად.
ალეს ბიალიაცკი. 2011 წ.
1984 წელს. გომელის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალეს ბიალიაცკი ანტისაბჭოთა მოძრაობას უახლოვდება:
- ურთიერთობა ჰქონდა პარტია „დამოუკიდებლობასთან“, რომელიც ბელარუსის სსრკ-დან გამოყოფისთვის იბრძოდა;
- 1986-89 წლებში ბელარუსის მეცნიერებათა აკადემიაში ყოფნისას წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მწერლების ასოციაციის ჩამოყალიბებაში, ჯგუფისა, რომელსაც აკადემიის ადმინისტრაცია დევნიდა;
- ჩამოაყალიბა ასოციაცია „ბელარუსი მარტიროლოგები“ (ანუ წამებულთა ცხოვრების აღმწერლები), რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა რეპრესიებს იძიებდა;
- 1988 წელს შეუერთდა „სახალდო ფრონტს“ - მოძრაობას, რომელიც უკვე დამოუკიდებელ ბელარუსში პირველ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა.
მოგვიანებით, 1991-96 წლებში, იგი ბელარუსის დედაქალაქ მინსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა. 1991 წლის 5 სექტემბერს, - მას შემდეგ, რაც საბჭომ ეროვნული სიმბოლიკის გამოყენება დაშვებულად გამოაცხადა, - ბიალიაცკიმ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის, 1918 წლის დამოუკიდებლობის დროინდელი, წითელზოლიანი თეთრი დროშა მიიტანა სხდომათა დარბაზში. ათწლეულების შემდეგ, 2020 წლის დემონსტრაციებზე, სწორედ ეს დროშა იქცა ლუკაშენკას წინააღმდეგ ძლიერი საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ.
დემონსტრანტები ბელარუსის უზარმაზარი ისტორიული დროშით. მინსკი, 2020 წ. 23 აგვისტო.
„ვიასნა“
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წელს პირველად გახდა ბელარუსის პრეზიდენტი, მალევე გამოიკვეთა როგორც მზარდი ავტორიტარული თვისებების მმართველი.
„ვიასნის“ დაარსება ლუკაშენკას მიერ 1996 წლის ქუჩის დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევაზე პასუხი იყო. ორგანიზაციამ არსებობა იმ დროს დაპატიმრებული დემონსტრანტებისა და მათი ოჯახების დახმარებით დაიწყო და პოლიტიკური პატიმრების წამება დოკუმენტურად აღბეჭდა.
„ვიასნის“ ხელმძღვანელები და აქტივისტები აკვირდებოდნენ არჩევნებს, ღიად საუბრობდნენ დარღვევებზე და წინააღმდეგობას უწევდნენ ლუკაშენკას ხელისუფლებას. ამის ფონზე, ჯერ კიდევ 2003 წელს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ვიასნა“ ლიკვიდირებულად გამოცხადდა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 1994 წ.
ამის მიუხედავად, ორგანიზაციას საქმიანობა არ შეუწყვეტია. 2005 წელს ბიალიაცკიმ და „ვიასნამ“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, People in Need-ის ჯილდო მიიღეს „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისა და პოლიტიკური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის“.
2010 წლის არჩევნების შემდეგ, ბიალიაცკი და „ვიასნა“ კვლავ მოექცნენ ხელისუფლების ყურადღების ქვეშ. ორგანიზაციის ოფისი და დამფუძნებლის სახლი არაერთხელ გაჩხრიკეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა; 14 თებერვალს ბიალიაცკი პროკურატურაში დაიბარეს და განუცხადეს, რომ „ვიასნის“ „უკანონო არსებობის“ გამო, - რადგან „არარეგისტრირებული ორგანიზაცია“ იყო, - სისხლისსამართლებრივ დევნას დაუწყებდნენ, თუკი საქმიანობას არ შეწყვეტდა.
პირველი პატიმრობა
2011 წლის 4 აგვისტოს, ბიალიაცკი დააპატიმრეს. მას ფორმალურად ბრალად წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდება - „განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოგების მიჩქმალვა“.
ორ თვეში სასამართლომ ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. იგი ბრალს არ აღიარებდა, აცხადებდა, რომ თანხას „ვიასნის“ საქმიანობის დასაფინანსებლად და პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა დასახმარებლად იღებდა.
ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და შეერთებულმა შტატებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ბიალიაცკი პოლიტიკური პატიმარი იყო და ბელარუსის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
მისი ყოფა არც პატიმრობაში გაუმჯობესებულა: ბიალიაცკის გამუდმებით სჯიდა ციხის ადმინისტრაცია „პატიმრობის წესების დარღვევისათვის“; ოჯახის წევრებს ციხეში მისი მონახულება და ამანათების გაგზავნაც კი აუკრძალეს. არაერთხელ იყო მოთავსებული სამარტოო საკანში.
პარალელურად „ვიასნის“ დევნაც გრძელდებოდა: 2012 წლის 26 ნოემბერს, „ვიასნას“ მინსკში ოფისი ჩამოართვეს, რაც „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ „ბელარუსის მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევად“ შეაფასა.
საბოლოოდ, ბიალიაცკი პატიმრობის ვადის გასვლამდე 20 თვით ადრე, 2014 წლის ივნისში, გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 3 წელიწადზე მეტხანს დაყო.
ნობელის პრემია
ათწლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებების დასაცავად უწყვეტი ბრძოლის გამო, 2022 წელს, ბიალიაცკის ნობელის პრემია გადაეცა. პრემიის ლაურეატები მასთან ერთად გახდნენ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ მესვეტე ენდრიუ ჰიგინსის სიტყვებით, ბიალიაცკი, „1980 წლებიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საყრდენი სვეტია“.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელის, ბერიტ რაის-ანდერსენის შეფასებით, ბიალიაცკიმ „მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამშობლოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობას“.
დაჯილდოების ცერემონიაზე პრემია, ბიალიაცკის ნაცვლად, მისმა მეუღლემ, ნატალია პინჩუკმა მიიღო.
სასამართლო პროცესი გრძელდება. უცხოელ დიპლომატებს სხდომებზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პროცესზე დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით რუსეთიდან ჩასული უფლებადამცველი ეკატერინა იანშინა - „მემორიალის“ წარმომადგენელი - სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ „კითხვების დასასმელად“ წაიყვანეს და, საბოლოოდ, 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ბიალიაცკის „პროცესის უკანონო გადაღების გამო“.