დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის თანახმად, იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი.
როგორც მანამდე შემოსავლების სამსახურის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში.
ასევე ნახეთ შემოსავლების სამსახური ავტომანქანების რუსეთში ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვის საკითხს განმარტავს
2023 წლის 1 აგვისტოდან აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.
საქსტატის მონაცემებით, თუ ივლისში საქართველოდან რუსეთში 13,346 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1054 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, აგვისტოში მხოლოდ 85 ერთეულის (781,1 ათასი დოლარის ღირებულების) რეექსპორტი მოხდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 4840 ერთეული ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 65.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში მანქანების რეექსპორტი იგივე ტემპით გრძელდება. ექსპერტებმა არაერთხელ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ მანქანების ნაწილი რუსეთში გადაიგზავნება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უკავია - მთლიანი ექსპორტის თითქმის 33%, რაც ჯამში 1.178 მლრდ დოლარს აღწევს.