საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პარტია „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე.
2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. ამავე მოტივით, მოსამართლემ სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
პირველი ინსტანციის განაჩენი 2023 წლის 26 იანვარს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
საქმე მხარეებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს - პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და რეალური სასჯელის გამოტანას მოითხოვდა, დაცვის მხარე - გამამართლებელ განაჩენს. 15 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, საქმე წარმოებაში არ მიიღეს და შესაბამისად, მასზე საქართველოში სამართლებრივი დავა დასრულებულია.
„სასამართლოში დამთავრდა საკასაციო საჩივრების განხილვა, არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და ბრალდების მხარის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 5-წლიანი ეპოპეა ამ საქმეზე დასრულდა, დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში იქნენ გამართლებულები. ასევე ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად იქნება გასაჩივრებული სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ არც ამ ნაწილში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
„ფულის გათეთრების“ საქმის შესახებ
TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, 10 წლის წინ [2008 წლის აპრილ-მაისში] მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა - სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეის შესახებ - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.
ასევე ნახეთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღესხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავებოდა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა. ის "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა.
ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ, „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით”, TBC-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩარიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე - პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გადარიცხვები და “ფიქტიური სესხი” ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნის გამოიყენეს. ბრალდებულები სესხის გაცემის და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ "თიბისი ბანკის" კაპიტალის გასაზრდელად დასჭირდათ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც “ფულის გათეთრება” დაერქმევა “თეთრი ფულის” დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.
“ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც საუბარი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ხაზარაძემ ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ეს ფაქტი მან გაიხსენა 2022 წლის 11 იანვარს, დასკვნით სასამართლო სხდომაზე წარმოთქმულ საბრალდებო სიტყვაშიც და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ გასულ წელს ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის “დალაგების და დასრულების” შემოთავაზება.
ცნობილია საქმეზე იმდროინდელი სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.
ასევე ნახეთ „ფულის გათეთრების“ საქმე აგვისტოს ომის კვალდაკვალ - რას ედავებიან ავთო წერეთელს?