გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა კადიროვის კრიტიკოს მოჰმად აბდურახმანოვს

მოჰმად აბდურახმანოვი

გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსს, უფლებადამცველ მოჰმად აბდურახმანოვს, ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის, თუმსო აბდურახმანოვის ძმას. ამის შესახებ თავად აბდურახმანოვმა თქვა თავის ვიდეოში.

"ექვსწელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მომანიჭა ლტოლვილის სტატუსი და დააკმაყოფილა თავშესაფრის მოთხოვნა", - განაცხადა აბდურახმანოვმა.

მანამდე გერმანიამ ორჯერ თქვა უარი უფლებადამცველისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე. 2018 წლის ნოემბერში ბაიროიტის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აბდურახმანოვს საფრთხე არ ემუქრება ჩეჩნეთში. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი თქვა ბავარიის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომაც. სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებადამცველს შეუძლია "საკმაოდ უსაფრთხოდ" იცხოვროს რუსეთის სხვა რეგიონებში, ჩეჩნეთის გარდა. ამავე დროს, თავშესაფარზე უარი უთხრეს ასევე მის ცოლსა და დედას.

2021 წლის მარტში თუმსომ განაცხადა, რომ მზადდებოდა მისი ძმის მკვლელობა. 2022 წლის აგვისტოში მიუნხენის უზენაესმა სასამართლომ ჩეჩნეთში დაბადებული ვალიდ დადაკაევი დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობის მომზადებაში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აბდურახმანოვის მოკვლის გეგმაზე კადიროვი არა მხოლოდ ინფორმირებული იყო, არამედ მომზადდა მისი "მხარდაჭერით და მის ინტერესებშია".

  • 2022 წლის თებერვალში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურახმანოვს, შვედეთში თავს დაესხნენ. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.
  • საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო, ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და საცხოვრებლად შვედეთში გადასულიყო.

ასევე ნახეთ

ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - იჩქერიის მთავრობა