Le Monde: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას განიხილავს

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი Leopard 2A4 ბრძოლის ველზე

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო უკრაინაში, ომში, თავისი ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა.

მსჯელობა განახლდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფონზე, რომელმაც, როგორც მოელიან, შეიძლება კიევს სამხედრო დახმარება შეუჩეროს.

ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება ფრანგული გაზეთი Le Monde.

გამოცემის თანახმად, განხილვა მიმდინარეობს, კერძოდ, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის. ის განახლდა პარიზში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ვიზიტის დროს. გამოცემის წყარო იტყობინება, რომ საუბარია "ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნაზე, რომელიც ორიენტირებულია უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე".

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Le Monde-ს სტატიაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კრემლისთვის უცნობია, რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს. მისი თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში ევროპაში არ არსებობს ერთიანობა. "ასე რომ, ერთიანი აზრი ევროპელებს ამის შესახებ არ აქვთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიღაც ფიცხი თავები გამოჩნდებიან ხოლმე", - განაცხადა პესკოვმა.

ასევე ნახეთ მაკრონი არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნას, მაგრამ თვლის, რომ ახლა ისინი საჭირო არ არიან
ასევე ნახეთ „შემიძლია დავასახელო 6 ევროპული ქვეყანა, ვინც მზად იქნება უკრაინაში ჯარის გასაგზავნად“ - პოლკოვნიკი ალექს ქროუთერი

წელს, თებერვალში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა „მომავალში არ უნდა იყოს გამორიცხული“.

მალევე ასეთი გეგმების არარსებობის შესახებ განაცხადა აშშ-მა.

მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარყოფითად გამოეხმაურა და მუქარასავით განაცხადა, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე სამიზნეებს მისწვდესო.

ასევე ნახეთ "ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი