შეხვედრიდან გამოსულმა ანა დოლიძემ, პარტიის, "ხალხისთვის" ლიდერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა აღუთქვა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ მასთან დარჩებიან სასახლეში.
"მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი.
ერთ-ერთი მექანიზმი არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა და სასახლიდან არგასვლა", - თქვა ანა დოლიძემ და არ დააკონკრეტა, როგორია ამ საკითხზე თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია. მისი თქმით, პრეზიდენტი თავად იტყვის ამაზე.
პარტია "ახლის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, პოლიტიკოსების გარდა, ყველა სფეროს წარმომადგენლებიც იქნებიან ორბელიანების სასახლეში 29 დეკემბერს:
"ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი [სალომე ზურაბიშვილის] გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი".
ანა დოლიძემ მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ ბარიერგადალახული პარტიები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განიხილავენ დოკუმენტს, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებს, "რომლის მიხედვითაც საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები".
"ბევრ მექანიზმზე იყო საუბარი - პირველი რაც აქ მოხდება, წარდგენილი იქნება პირობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები სამართლიანი არჩევნები. ადვილი არ არის, ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები და ამიტომ არის აქ შეხვედრები".
ასევე ნახეთ "29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია" - სალომე ზურაბიშვილი23 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით". პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "დასაცავი არ იქნება" და რომ არც ეშინია.
"ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. ან ესაა მცდელობა, რომ ამაგდონ და მე ვთქვა: "აბა რაა".
მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ. მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ, აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს. დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე. ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები სამშობლოს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება ციხეში მოხვდეს, თუკი პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა:
„72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, - ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
კობახიძის ამ განცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, წინა დღეს გამოცხადებული გეგმის თანახმად, თბილისში მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციას მიმართა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა აქციას მიმართა: ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს