"თბილისი მოლთან" საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია - აქციაზე დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" სამანქანე გზა თითქმის გადაკეტილია - ვრცელდება ინფორმაცია აქციაში მონაწილეების დაკავების შესახებ. სავარაუდოდ, 2 თებერვლის 6:20 წუთისთვის დაკავებულია, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. მათგან ერთი, მედიის ცნობით, იდენტიფიცირებულია და ეს არის დიმა ბიძინაშვილი. დაკავებულია ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სავარაუდოდ, პოლიციასთან ჭყლეტის დროს დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკა კოკაია. ის 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გზის პირას ელოდა სასწრაფო დახმარების მანქანას. როგორც "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი იტყობინებოდა შემთხვევის ადგილიდან, ოპერატორს გონება ჰქონდა დაკარგული, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მის გადასაყვანად მივიდა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი - მთავრობამ 31 იანვარს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. შესაბამისად, გზის ეს მონაკვეთი, სადაც აქცია იყო დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა.

ასევე ნახეთ "თბილისი მოლთან" მოქალაქეები იკრიბებიან - ნიღბიან პოლიციას ცოცხალი კედელი აქვს გაკეთებული