ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა - ის ტოყაევს და ბეკტენოვს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სომხეთის შემდეგ, ყაზახეთს ეწვია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა - ის ყაზახეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის 5-6 თებერვალს შეხვდება ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს, „პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში“.

ადმინისტრაციის განცხადებით, კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში ასევე უმასპინძლებს პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.

კობახიძეს თან ახლავს „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრები: ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე წულაძე, შალვა გოგოლაძე და ასევე ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

  • ყაზახეთი რიგით მერვეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბრუნვა აქვს. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ - იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ - 922 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;
  • ყაზახეთი ამავე დროს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი, ჩინეთთან - 2023 წლიდან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორთან - დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - რომლის ლეგიტიმურობასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ასევე ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ცნობენ და რომლის მიმართაც კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, - ეს ირაკლი კობახიძის მეხუთე ვიზიტია საზღვარგარეთ; პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების დაწყების შემდეგ კი - მეოთხე ვიზიტი.

  • 2024 წლის 7 ნოემბერს კობახიძე უნგრეთს ეწვია და „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტში მიიღო მონაწილეობა; სამიტის ფარგლებში შეხვდა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც მანამდე, 28-29 ოქტომბერს, თბილისს ეწვია „ოცნების“ ხელისუფლების მხარდასაჭერად.
  • 2025 წლის 16-17 იანვარს კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია;
  • 26-27 იანვარს - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა;
  • 30-31 იანვარს კი იგი სომხეთში იმყოფებოდა.

დასავლეთთან „ქართული ოცნების“ ურთიერთობების დაძაბვის, ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებისა და აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, „ქართული ოცნება“ დასავლური სამყაროსგან იზოლაციის რისკის წინაშეა.

ასევე ნახეთ „ოცნების“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია - ვინ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას?

28 ნოემბერს დაიწყო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს, სცემეს დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 60-მდე ადამიანი.