თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება

სალომე მაჭარაშვილი, ჯაბა ქარელი და თამთა კაჭახიძე - თბილისის მერიიდან გათავისუფლებული კიდევ 3 თანამშრომელი, რომლებსაც პროევროპულ პეტიციაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი

თბილისის მერია პროევროპული აქციების პარალელურად დაწყებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლებას განაგრძობს. თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმოწერილი გადაწყვეტილება, რომლითაც თანამშრომელთა ნაწილს დაკავებულ თანამდებობებს ატოვებინებდნენ, დღეს, 14 მარტს გამოიცა.

„ისევე როგორც 400-მდე სხვა საჯარო მოხელეს, არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს გვაპატიეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და პეტიციაზე ხელმოწერა!“ - დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა ლიანა (ლიკა) დავითაძემ. ის ამ განყოფილების უფროსად 10 წელი მუშაობდა.

მისი თქმით, მისი განყოფილებიდან გაათავისუფლეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი - ისინი გაემიჯნნენ „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან აღარ დადგებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების საკითხი.

ასევე ნახეთ თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება

„განცხადებაზე ხელმომწერთა ზეწოლა მისი გამოქვეყნების დღიდან დაიწყო. ბევრს ხელმოწერის უკან გატანა მოუწია, ბევრი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მე და ჩემს საამაყო თანამშრომლებს აზრი არ შეგვიცვლია და ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს - ჩვენ ვრჩებით საქართველოს სახელმწიფოს და მისი მთავარი გზამკვლევის - საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი“, - ამბობს დავითაძე.

ამავე განცხადების ხელმომწერია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ჯაბა ქარელიც. არც მისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი კახა კალაძის გადაწყვეტილება:

„მე - ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემს ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე. მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით“.

სამსახურიდან გაათავისუფლეს თამთა კაჭახიძეც - მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების უფროსი. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ მისი სამუშაო ადგილი (შტატი) გააუქმეს.

„არ გავჩერდებით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ! თქვენ არ იცით, რას ნიშნავს, როცა შენს უკან სიმართლეა. საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა კაჭახიძე.

რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ხელშეკრულებები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შეწყდა.

მასალა არქივიდან კახა კალაძეს მერიის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა

თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს - პირველ ეტაპზე სამსახურიდან გაათავისუფლეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა.

ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, „ქართული ოცნება“კი დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს - შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.

ასევე ნახეთ „საახალწლო საჩუქარი“ - საჯარო მოხელეების გათავისუფლება გრძელდება
ასევე ნახეთ "დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ცენტრი უქმდება" - საჯარო სექტორში დასაქმებულები გათავისუფლებას მოელიან
ასევე ნახეთ რატომ უშვებენ სანთლით საძებარ სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან?
ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ