ჩინეთის ხელისუფლება მტკიცე და ეფექტიან ზომებს მიიღებს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიანმა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 104%-მდე გაზარდა ჩინური პროდუქციის იმპორტის გადასახადი.
პეკინში აცხადებენ, რომ არ მოითმენენ მოქმედებას, რომელიც აზიანებს ჩინეთის სუვერენიტეტს, განვითარებას და უსაფრთხოებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ჩინეთი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების შევიწროების პოლიტიკას და მასთან სავაჭრო საკითხებზე კონსულტაციებს არ დაიწყებს, სანამ ვაშინგტონი არ აჩვენებს, რომ რეალურად სურს თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მოჰყავს ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაც, რომ სავაჭრო ომში ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ პეკინს ეს ომი არ სურს, მაგრამ მთავრობა ვერ იქნება უმოქმედოდ, როცა ჩინელი ხალხის კანონიერი უფლებები და ინტერესები ირღვევა.
ასევე ნახეთ ტრამპმა ჩინეთს ტარიფი 104%-მდე გაუზარდა9 აპრილიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას.
მანამდე, 7 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 2 აპრილს 34%-იანი ტარიფი დაუწესა, საპასუხო ზომაზე უარს არ იტყოდა, კიდევ 50%-ით დაბეგრავდა. ჩინეთმა კონტრზომაზე უარი არ თქვა და აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციასაც 34%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს 2025 წლის თებერვალში დაუწესა 10%-იანი ტარიფი, რომელიც მარტში 20%-მდე გაზარდა. პასუხად ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 10-15%-იან გადასახადს უწესებს სოფლის მეურნეობის ამერიკულ პროდუქციას.
9 აპრილიდან 50%-იანი ტარიფის დამატება ნიშნავს, რომ ჩინეთიდან იმპორტზე გადასახადი უკვე 104%-ს შეადგენს.
განახლება: 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო ტარიფების კომისიამ გამოაცხადა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს 84%-მდე ზრდის. ახალი ტარიფი 10 აპრილიდან ამოქმედდება.
ასევე ნახეთ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფიაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მაქსიმალური კი 50%-მდე.
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.