34 დაღუპულს შორის 2 ბავშვია - სუმის ავიადარტყმებისას დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის, 15 ბავშვი

ქალაქი სუმი, 13 აპრილი, 2025 წელი

34-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი სუმიში, რუსეთის არმიის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.

13 აპრილის საღამოს მონაცემებით, დაშავებულია 117 მოქალაქე, მათ შორის, 15 ბავშვი.

სერგეი კრივოშეენკო, საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ უმეტესი ადამიანის სიკვდილი და დაშავება სუმის მიმართულებით გაშვებულმა მეორე რაკეტამ გამოიწვია:

„ეს რაკეტა, დიდი ალბათობით, სავსე იყო ნამსხვრევებით, რომელიც ჰაერშივე აფეთქდა, რათა მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინა მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმ მომენტში ქალაქის ქუჩებში იყვნენ. წინასწარი დასკვნებით, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სწორედ ამ დამაზიანებელი ნამსხვრევების გამო დაიღუპა. აფეთქება მოხდა საცხოვრებელ უბანში, სადაც არის სასწავლო დაწესებულებები, მაღაზიები. ტერორისტების ასეთი საქციელი მიუთითებს დაგეგმილ შეტევაზე სამოქალაქო ობიექტებისა და ქუჩებში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - ამბობს სერგეი კრივოშეენკო.

13 აპრილს, მართლმადიდებლური დღესასწაულის, ბზობის დილას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ცენტრზე ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში.

რუსეთის არმიის მიერ სუმიზე განხორციელებულ თავდასხმა დაგმეს ევროპელმა ლიდერებმა.

ასევე ნახეთ ევროპელი ლიდერები სუმიზე თავდასხმას ეხმაურებიან

სისხლისმღვრელ ავიაიერიშს გამოეხმაურა ამერიკაც.

ასევე ნახეთ „ღირსების ყველა საზღვარს არღვევს“ - ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში სუმიზე თავდასხმას გმობს

უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.

აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.

ასევე ნახეთ რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს?