ანკარაში მალულად გამართულ მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი თემაა შავი ზღვის უსაფრთხოება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, სავარაუდოდ, საქართველოც მონაწილეობს.
ამ შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე ორმა ევროპელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა, „ზღვაში ოპერაციების პასუხისმგებლობა“ თავის თავზე აეღო უკრაინაში მრავალეროვნული სამხედრო მისიის ფარგლებში.
არსებობს პრაქტიკული მიზეზებიც, თუ რატომ შეიძლება სწორედ თურქეთი გახდეს ამ მისიაში წამყვანი ძალა.
1936 წლის მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს. კერძოდ, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებს მშვიდობიან პერიოდში შეუძლიათ, შავ ზღვაში შემოიყვანონ არა უმეტეს 45 ათასი ტონა წყალწყვის გემები და იყოლიონ იქ მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში. მკაცრ წესები თურქეთს ბუნებრივ ლიდერად აქცევს - მას NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს შავი ზღვის აკვატორიაში.
მაგალითად, თურქეთს ჰყავს 17 ფრეგატი, ხოლო რუმინეთს - მხოლოდ სამი.
„ვფიქრობ, თურქეთის გარეშე ევროპელები ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა CEPA-ს (ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი) წარმომადგენელმა სემ გრინმა ახლახან გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ თურქეთი და სამეზობლო - თუკი დიპლომატია დამარცხდაბრიტანული და ფრანგული გემებიც შეიძლება მორიგეობით შევიდნენ შავ ზღვაში, როგორც სამშვიდობო ან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალები.
თუმცა, ისე როგორც ხმელეთზე, „მსურველთა კოალიციის“ საზღვაო მისიაც, სავარაუდოდ, აშშ-ის მხარდაჭერას უნდა დაეყრდნოს.
რით განსხვავდება ეს მხარდაჭერა?
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) თანახმად, ეს მხარდაჭერა გულისხმობს საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის და მონიტორინგის სისტემებს. თუმცა CSIS აღნიშნავს, რომ აშშ-ის საზღვაო გემები ისედაც რეგულარულად პატრულირებენ შავ ზღვაში, ამიტომ მათაც შეეძლებათ მისიაში როლის შესრულება.
ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის მისია ძალიან განსხვავებულ გარემოში განხორციელდება, ვიდრე ხმელეთზე – NATO უკვე დამკვიდრებულია ამ სივრცეში მრავალეროვნული წვრთნებით.
სულ ახლახან დასრულდა ალიანსის წვრთნები, რომელშიც 12 ქვეყნის საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ, მათ შორის თურქეთი, აშშ, ბრიტანეთი და რუმინეთი.
12 დღის განმავლობაში ეს ძალები რეაგირებდნენ სიმულირებულ ჰიბრიდულ, საზღვაო და საჰაერო შეტევებზე.
ახალი მისიის ფარგლებში საზღვაო პატრულირება ორიენტირებული იქნება სავაჭრო გემებისთვის (მათ შორის უკრაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტისთვის) უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაზე, ცეცხლის შეწყვეტის პირობების მონიტორინგსა და განაღმვაზე.
უკრაინის საზღვაო ძალების რეზერვის კაპიტანმა ანდრიი რიჟენკომ Current Time-ს უთხრა, რომ „ბევრი პორტი ამჟამად სრულად არის დაბლოკილი“ ნაღმების გამო.
„ესენია მიკოლაიივი, ოჩაკოვი, ხერსონი. სხვა პორტები ფორმალურად ღიაა, მაგრამ შეზღუდვებით... ნაღმები უნდა აღმოაჩინონ და გააუვნებელყონ“, - თქვა მან.
„უკრაინამ გაიმარჯვა“
განსხვავებით ხმელეთისგან, უკრაინას სჯერა, რომ ზღვაზე ის იმარჯვებს ან უკვე გაიმარჯვა კიდეც.
ცნობილი იერიშების სერიამ, რომელმაც არაერთი რუსული ხომალდი ჩაძირა, უკვე აიძულა რუსეთის რიცხობრივად უპირატესი საზღვაო ძალები, დაეტოვებინათ ოკუპირებული ყირიმის ბაზები და უკან დაეხიათ ნოვოროსიისკისკენ.
„უკრაინამ ზღვაზე გაიმარჯვა და ახლა სრული უპირატესობა აქვს. ანუ, ის არ უშვებს მტერს საკუთარ სანაპიროებთან და იცავს სამოქალაქო გადაზიდვებს“, - უთხრა უკრაინის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ოლექსიე ნეიჟპაპამ რადიო თავისუფლებას 8 აპრილს.
ასევე ნახეთ უკრაინის ფლოტის ხელახალი დაბადება - როდის ჩაებმებიან უკრაინული გემები საზღვაო ბრძოლებში?„მაგრამ მტერს მაინც აქვს შესაძლებლობა და იარაღი, რომელიც სწვდება სამოქალაქო ობიექტებსა და გემებს პორტებში ან ზღვაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, საფრთხე რჩება.“
ეს თვალსაჩინოდ დაადასტურა 16 აპრილს, ღამით რუსული დრონების იერიშმა ოდესაზე.
რიჟენკომ ასევე მიუთითა, რომ შავ ზღვაში გადაზიდვები ამჟამად არ ხდება საომარ მდგომარეობამდე არსებული მარშრუტებით და რომ ეს მარშრუტები აღდგენას საჭიროებს.
„უნდა იყოს შესაძლებელი, რომ პირდაპირ ოდესიდან წავიდეს გემი ბოსფორისკენ შავი ზღვის შუაგულში, და არა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში დამალვით“, - თქვა მან.
რიჟენკოს განმარტებით, ანკარაში მიმდინარე მოლაპარაკებები სწორედ ასეთ დეტალებზეა ფოკუსირებული.
მოლაპარაკებები ანკარაში
მოლაპარაკებების შესახებ პირველად თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 13 აპრილს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები მონაწილეობდნენ.
შემდგომში ცნობილი გახდა, რომ პროცესში NATO-ს წევრი ბულგარეთი და რუმინეთიც იქნებიან ჩართული, საქართველოსთან ერთად.
15 აპრილს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ შეხვედრებში მიიღებდა მონაწილეობას, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და საფრანგეთიც მონაწილეობენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო ძალებზე ზღვაში, და მიგვაჩნია, რომ თურქეთს მომავალში ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას – საუბარია იმაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოხდება – უსაფრთხოების გარანტიებზე“, - დასძინა მან.
ისევე როგორც ხმელეთზე დაგეგმილი მისიის შემთხვევაში, აშშ ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
ასევე ნახეთ რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს?