საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

რევაზ ნადარაია

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია იქნება. მისი არჩევის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თავმჯდომარე აირჩიეს დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით - შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.

9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი - პარლამენტი. თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

როგორ მოხვდა რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში?

ნადარაია საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.

  • ის 9-წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 5 წლით ადრე, 28 მარტს, მოსამართლეობაზე უარი თქვა ხვიჩა კიკილაშვილმა;
  • ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციოს მოსამართლემ ვადაზე 5 წლით ადრე დატოვა პოსტი - ვადა ეწურება თავმჯდომარესაც

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტით შესული ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიას გარდა, კიდევ შვიდი მოსამართლეა: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

სასამართლო უმნიშვნელოვანესი რგოლია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად - მას შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი გავლით ხდება პრეზიდენტის, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების იმპიჩმენტი.

რევაზ ნადარაიას კარიერა

ნადარაიამ სამოსამართლეო კარიერა დაიწყო წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თუმცა მივლინებით მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოში გააგრძელა მან მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში.

  • 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • 2016 წლის თებერვლიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
  • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
  • 2021 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.