რუსეთმა „სააღდგომო ზავი" ამოწურა და უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის ჯარების საჰაერო დარტყმის ადგილი ხერსონში

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის" ამოწურვის შემდეგ, 21 აპრილს გამთენიისას უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განგაში გამოცხადდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების და დრონების შესვლის გამო.

უკრაინის საჰაერო ძალები და მონიტორინგის არხები პირველ ეტაპზე სულ მცირე ორი რაკეტისა და ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ იუწყებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ნიკოლაევში, ხერსონსა და ჩერკასში. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა კიევის ოლქშიც.

შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ უკრაინა ზავის 30 დღით გაგრძელებას სთავაზობს რუსეთს – ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილის საღამოდან გამოაცხადა „სააღდგომო ზავი", რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილის დადგომისთანავე ამოიწურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები მართლაც შეწყდება, ვადის ამოწურვის შემდეგ ზავის გაგრძელებას სთავაზობენ.

გასულ ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „სააღდგომო ზავი" 2935-ჯერ დაარღვია. ზელენსკის თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან იყო 96 შტურმი, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 1882-ჯერ დაიცხრილა და დაახლოებით 950-ჯერ გამოიყენეს FPV-დრონები.

რუსეთმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.

მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

20 აპრილს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავის“ დროს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა უკრაინაში არ ყოფილა საჰაერო განგაში, ამ ფორმატის შენარჩუნება ყველაზე მარტივად შეიძლება, ამიტომ კიევის წინადადებაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმების შეწყვეტა კიდევ, სულ მცირე, 30 დღით და გაგრძელების შესაძლებლობით.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ „სააღდგომო ზავი“ 21 აპრილს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოიწურა და მისი გაგრძელების ბრძანება პრეზიდენტს არ გაუცია.